საქართველოში სამშენებლო სექტორის უდიდესი ნაწილი თბილისზე მოდის და ბოლო ათწლეულის განმავლობაში მასშტაბური ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. აღნიშნული ზრდის ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორს დერეგულაცია წარმოადგენდა, რამაც პოზიტიურ მხარეებთან ერთად, მნიშვნელოვანი საფრთხეები შეუქმნა დედაქალაქის მდგრად ურბანულ განვითარებას.
საფრთხეებზე სხვადასხვა ექსპერტული მოსაზრებისა და მედიის გარდა, მიუთითებს მსოფლიო ბანკის ანგარიში, სადაც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მშენებლობის ადმინისტრირების არსებული პრაქტიკა უარყოფითად მოქმედებს ურბანული გარემოს ხარისხზე და საფრთხეს უქმნის საინვესტიციო გარემოს. პრობლემების საპასუხოდ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, 2015 წლიდან მუშაობა დაიწყო ახალ გენერალურ გეგმაზე, რომელიც საბოლოოდ, 2019 წლის მარტში დამტკიცდა. 2018 წლიდან, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მენეჯმენტის შეცვლასთან ერთად მნიშვნელოვნად შეიცვალა დედაქალაქის ურბანული მართვის მიდგომები და სამშენებლო ნებართვის გაცემის პროცედურები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა დედაქალაქის განაშენიანების პროცესის 3 მიმართულება:
2011-2018 წლებში გაცემული ნებართვების რაოდენობისა და მახასიათებლების (მიწის ნაკვეთის ფართობის, განაშენიანების ინტენსივობა, და სხვ.) სტატისტიკა და მათი რეალიზაციის (აშენების/შესახლების) მდგომარეობა;
სამშენებლო ნებართვების გაცემის პროცესში საკანონმდებლო ნორმებისა და კარგი საჯარო მმართველობის პრინციპების დაცვა;
სანებართვო პირობებსა და პროცედურებში განხორციელებული ცვლილებების გავლენა საცხოვრებელი გარემოს ხარისხზე.