სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ა(ა)იპ − თბილისის განვითარების ფონდის 2018-2019 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი სახის მიგნებები:
სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვა
თბილისის განვითარების ფონდის მიერ 2018-2019 წლებში სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის დროს სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ხორციელდებოდა ექსპერტიზის აქტების საფუძველზე, თუმცა ექსპერტიზის მიერ სათანადოდ არ იყო შესწავლილი შემსრულებლების ფაქტობრივი დანახარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები.
მიმწოდებლებთან საავანსო ანგარიშსწორება
აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო საკმარისი რწმუნება იმისა, რამდენად სარგებლობს თბილისის განვითარების ფონდი არსებული საუკეთესო პრაქტიკით მიმწოდებლებზე საავანსო თანხების გაცემის დროს.
საქონლის გამარტივებული შესყიდვა
ფონდმა ურნების და ვიდეოსამეთვალყურეო ქსელის მონტაჟის სამუშაოების შეძენა განახორციელა გამარტივებული შესყიდვის გზით, როდესაც შესაძლებელი იყო საქონლის ტენდერის საშუალებით შესყიდვა. ამასთანავე, ფასების ადეკვატურობის დადგენის მიზნით, ფონდს არ განუხორციელებია ბაზრის კვლევა.
ქონების მართვა
თბილისის განვითარების ფონდმა შეისწავლა მისი ქონების ნაწილის ეკონომიკური პოტენციალი, მაგრამ არ გამოიყენა კვლევის შედეგები შემდგომ საქმიანობაში. შესაბამისად, კვლევებში გადახდილი თანხები არაეფექტიანი ხარჯია.