სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საქმიანობა

სამსახურის მიზანი, საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები და პრინციპები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის უმაღლესი აუდიტორული ორგანო. მისი მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: 

  • საჯარო აუდიტის განხორციელება
  • ბიუჯეტის შესრულებისა და ხარჯვის კონტროლი
  • მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორული უფლებამოსილება, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ვრცელდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოებზე, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, საქართველოს ეროვნულ ბანკზე, სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკის და თვითმმართველი ერთეულის მიერ 50 პროცენტი და მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებზე, სხვა იურიდიულ პირებზე, ფიზიკურ პირებზე, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანული კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ხელმძღვანელობს უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დეკლარირებული ძირითადი პრინციპებით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის  საქმიანობის პრინციპებია: ობიექტურობა, დამოუკიდებლობა, საჯაროობა და პროფესიონალიზმი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კანონს. 

სამსახური ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე და, ყოველი წლის 1 ივნისამდე, ამზადებს და საკანონმდელო ორგანოს წარუდგენს საქმიანობის წლიურ ანგარიშს. 
 

საჯარო აუდიტი და აუდიტის ანგარიშები

საჯარო აუდიტის მიზანია საჯარო რესურსების მართვის დამოუკიდებელი და ობიექტური შეფასება, ასევე იმის დადგენა, თუ რამდენად ეფექტიანად ხდება დასახული მიზნის მიღწევა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ატარებს სამი სახის საჯარო აუდიტს: ფინანსური აუდიტი, შესაბამისობის აუდიტი, ეფექტიანობის აუდიტი.

ფინანსური აუდიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულების ანგარიშსა და ანგარიშგებას, ასევე შიდა კონტროლისა და შიდა აუდიტის ფუნქციონირებას. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იკვლევს, რამდენად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ხორციელდება საჯარო დაწესებულების მართვა. ამასთან ერთად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია შეისწავლოს, შეაფასოს და მოამზადოს ანგარიში ნებისმიერ საკითხზე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო ფინანსების მართვის გასაუმჯობესებლად.
 

შესაბამისობის აუდიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამოწმებს და აფასებს საჯარო დაწესებულების საქმიანობის კანონიერებასა და მიზნობრიობას. კერძოდ, დგინდება, რამდენად შეესაბამება ორგანიზაციის საქმიანობა კანონმდებლობას, მარეგულირებელ ნორმებს, სახელშეკრულებო მოთხოვნებს, გრანტების მოთხოვნებს, ორგანიზაციულ პოლიტიკასა და პროცედურებს.

ეფექტიანობის აუდიტის ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფასებს საჯარო რესურსების გამოყენებისა და მართვის ეკონომიურობას, პროდუქტიულობას და ეფექტიანობას.

აუდიტის შედეგების შესახებ მზადდება ანგარიში, რომელიც აუდიტის ფარგლებში გამოვლენილ ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის შესახებ რეკომენდაციებს შეიცავს. ანგარიში წარედგინება შემოწმებულ საჯარო დაწესებულებას. ის ასევე შეიძლება გაეგზავნოს შემოწმებული დაწესებულების ზემდგომ ორგანოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ელეტრონული სისტემის მეშვეობით, ახორციელებს მონიტორინგს აუდიტის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების საფუძველზე პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სოციალურ, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში. აუდიტების საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციებით, სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად ათეულობით მილიონი ლარი იზოგება.

აუდიტის ფარგლებში, დანაშაულის ნიშნების გამოკვეთის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს და მათ შესაბამის მასალებს გადასცემს.

 

მოხსენებები, დასკვნები და ანგარიშები ბიუჯეტის შესახებ

სახელმწიფო ბიუჯეტი

არსებული საბიუჯეტო კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოხსენებების/დასკვნების მომზადებას და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენას როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის, ისე შესრულების ეტაპებზე.

სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური საქართველოს პარლამენტისთვის ამზადებს დასკვნას მთავრობის მიერ წარმოდგენილი მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტით გათვალისწინებული გადასახდელებისა და შემოსულობების საფუძვლიანობისა და კანონიერების შესახებ (საქართველოს მთავრობა არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს).

რაც შეეხება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით, სამსახური ამზადებს მოხსენებებს როგორც მიმდინარე წლის, ისე გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების თაობაზე.

  • სამსახური ამზადებს მოხსენებას მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის (8 თვის შესრულების) შესახებ მთავრობის ანგარიშზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტზე დასკვნასთან ერთად. 

  • სამსახური ამზადებს მოხსენებას გასული წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წლიური შესრულების შესახებ მთავრობის ანგარიშის თაობაზე. მთავრობა ვალდებულია აღნიშნული ანგარიში, წლის დასრულებიდან სამი თვის ვადაში, გადასცეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამის შემდეგ, აუდიტის სამსახური, 50 დღის ვადაში, თავის მოხსენებას ამზადებს და პარლამენტს წარუდგენს.

ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებული აუდიტის შედეგების შესახებ ინფორმაციას ყოველწლიურად წარუდგენს შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამზადებს და ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს მოხსენებას/დასკვნას ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ანგარიშის თაობაზე.

თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები

სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2 წელიწადში ერთხელ, საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ანგარიშს თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების შესახებ.

 

პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგი

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსით" და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართევლოს ორგანული კანონით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში.
 

სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტი

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საგანმანათლებლო პროფილის  საჯარო სამართლის იურიდიული პირია და ფუნქციონირებს მის ბაზაზე. 

საჯარო აუდიტის ინსტიტუტი საქმიანობს რამდენიმე მიმართულებით: უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას, ექსკლუზიური უფლებით ახორციელებს საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურების სერტიფიცირებას, მუნიციპალური განვითარებისა და საჯარო მოხელის პროფესიული  განვითარების პროგრამებს, ატარებს ინდივიდუალურ და კორპორაციულ ტრენინგებს, გეგმავს კვლევით/ანალიტიკურ, საექსპერტო და საკონსულტაციო მომსახურებას, ქმნის პროფესიულ ლიტერატურას და სასწავლო სახელმძღვანელოებს.  

ინსტიტუტი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე 2012 წელს ჩამოყალიბდა და ორი ძირითადი მიმართულებით საქმიანობდა - საჯარო სექტორის აუდიტორული მომსახურება და საჯარო სექტორის აუდიტორთა სერტიფიცირება. 2019 წლიდან ინსტიტუტმა აუდიტორული საქმიანობა შეწყვიტა და ძირითად მიმართულებად საგანმანათლებლო პროფილი აირჩია.