სახელმწიფო აუდიტის სამსახური

რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის სისტემა (ARIS)

რეკომენდაციების შესრულების პროცესის გამჭვირვალე და სრულყოფილი კოორდინაციის მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს გაცემული რეკომენდაციების პრაქტიკაში დროულ და შესაბამის დანერგვას. სისტემაში ასახულია რეკომენდაციების შესრულების პროცესთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტი. 

სისტემას რეკომენდაციების გაცემის, შესრულებისა და მონიტორინგის პროცესი გადაყავს ელექტრონულ სივრცეში. მასში მოქცეულია როგორც აუდიტის ანგარიშები, ასევე აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი დარღვევები და მათ გამოსასწორებლად გაცემული რეკომენდაციები. სისტემის საშუალებითვე განისაზღვრება თითოეული რეკომენდაციის შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი, ხდება რეკომენდაციის შესრულებისთვის სამოქმედო გეგმის მომზადება და შედეგების წარდგენა აუდიტის სამსახურისთვის. აღსანიშნავია, რომ სისტემაში ჩართულია საბიუჯეტო ორგანიზაციების მენეჯმენტი, რომელსაც საშუალება აქვს თვალი ადევნოს მის უწყებაზე გაცემული თითოეული რეკომენდაციის შესრულებას და უშუალოდ ჩაერთოს ამ პროცესში.

პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერებისა და აუდიტის რეკომენდაციების უკეთ შესრულების მიზნით, რეკომენდაციების სისტემაში, განსაკუთრებული დაშვებით, ჩართულია პარლამენტი, რომელსაც საშუალება აქვს გაეცნოს ნებისმიერი საჯარო დაწესებულების რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობას. სისტემასთან წვდომა საშუალებას აძლევს პარლამენტის უმაღლეს მენეჯმენტს, დარგობრივ კომიტეტებსა და აპარატს, რეალურ დროში ადევნონ თვალი აუდიტის რეკომენდაციების შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში მოახდინონ მათზე რეაგირება.