სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გარემოს დაცვა 16 მარტი, 2018
ქ. თბილისის მასშტაბით ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2017, 2016, 2015

მსოფლიოს მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

2016 წლის საერთაშორისო კვლევის თანახმად (ვაშინგტონის უნივერსიტეტი, აშშ), ჰაერის დაბინძურების გამო სიკვდილიანობის დონით საქართველო მსოფლიოში მე-3 ადგილზეა. იელის უნივერსიტეტის (აშშ) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, 2016 წელს საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს, რაც ცხადყოფს ადამიანის ჯანმრთელობისთვის რამდენად მნიშვნელოვანია აღნიშნული საკითხის შესწავლა. ასევე, როგორც მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე ქვეყნისთვის, მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის მაღალი ხარისხის სტანდარტის დაცვა.

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული არასახარბიელო შედეგები უარყოფითად აისახება ქვეყნის ტურისტულ რეპუტაციაზე. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ორი ძირითადი წყარო არსებობს: სტაციონარული წყაროებიდან გაფრქვევა (მრეწველობისა და მშენებლობის ობიექტებიდან მავნე ნივთიერებების ემისია) და მოძრავი წყაროებიდან წარმოქმნილი გაფრქვევები (ავტოტრანსპორტის მიერ მავნე ნივთიერებებით ჰაერის დაბინძურება). განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე წყარო, ვინაიდან: საავტომობილო გაფრქვევები შეადგენს მთლიანი გაფრქვევების 71% 1 -ს და ამავდროულად ქვეყანაში არსებული ასს-ების 37% (შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი) თავმოყრილია თბილისში; ამასთანავე დედაქალაქში, როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ასს-ების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმიანობას თბილისში ეწევა და მათი საქმიანობაც ძირთადად წარიმართება ავტომობილის ექსპლოატაციით. აუდიტის ყურადღება გამახვილებულია სწორედ დედაქალაქში ასს-ების გამონაბოლქვით გამოწვეულ ჰაერის დაბინძურებაზე.

ქვეყანაში არსებული ატმოსფერული ჰაერის დაცვაზე მიმართული ღონისძიებების შესწავლის შედეგად გამოვლინდა, რომ:

2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ აქვს გავლილი დაახლოებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების 76%-ს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია - 2016 წელს დაჯარიმებულია მხოლოდ 13.6%;

აუდიტის პერიოდში ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიერ ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე, ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 10 ლარს, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 100 ლარს, რაც ძალიან მცირე იყო და ვერ უზრუნველყოფდა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების აღსრულებას. თუმცა ეს გადასახადი 2018 წლის 1 იანვრიდან გაიზარდა 50 ლარამდე ფიზიკური პირებისთვის და 200 ლარამდე - იურიდიული პირებისთვის.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შედეგები სისტემაში ოპერატორის მიერ აისახებოდა მექანიკურად, რაც ზრდიდა მონაცემთა არასწორად ასახვის რისკს;

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მონიტორინგის ინფორმაციულ სისტემასთან არ ჰქონდა წვდომა საპატრულო პოლიციის სამსახურს, შესაბამისად, არ იყო ინფორმირებული, რომელ ასს-ებს არ აქვთ გავლილი სავალდებულო პტი;

ინფორმაციულ სისტემაში გაერთიანება ინსპექტირების ცენტრებისთვის იყო ნებაყოფლობითი და არ რეგულირდებოდა კანონმდებლობით. აღსანიშნავია, რომ აუდიტის შედეგები გარკვეულწილად უკვე აისახა მთავრობის დადგენილებაში და 2018 წლის 1 იანვრიდან, ყველა ინსპექტირების ცენტრი უნდა იყოს ჩართული სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების მენეჯმენტის ინფორმაციულ სისტემაში, ინსპექტირების შედეგად მიღებული მონაცემები ავტომატურად უნდა გადაეცეს ცენტრალურ სერვერს შესაბამისი ფორმატით და დაცული უნდა იყოს ჩარევისგან. აგრეთვე, სისტემაში შეტანილ ინფორმაციაზე ინდივიდუალური წვდომა უნდა გააჩნდეს საპატრულო პოლიციას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, აკრედიტაციის ცენტრს და სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს.

მუნიციპალური ავტობუსების უმრავლესობა მათი ასაკის, შიდა წვის სისტემის სიძველისა და მისი აღდგენის შეუძლებლობის გამო, ვერ გადის პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვით გამოწვეული ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად, დაინერგოს კონტროლის შესაფერისი მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობაზე ადმინისტრირების დაბალი მაჩვენებლის აღმოფხვრას.

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს:

დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის მიერ მავნე აირების გამონაბოლქვით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის შესამცირებლად, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურმა შეიმუშაოს და დაამტკიცოს ტრანსპორტის განვითარების სტრატეგია, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მათი ხედვა და ვადებში გაწერილი კონკრეტულად გასატარებელი ღონისძიებები ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარებისა და განახლების მიმართულებით, ასევე ეკოლოგიურად სუფთა ალტერნატიული ტრანსპორტის დანერგვის კუთხით;

გამკაცრდეს მონიტორინგი მიკროავტობუსების ტექნიკურ მდგომარეობასა და მათ მიერ ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულების შესრულებაზე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს:

მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემების ინდენტიფიცირებისთვის, მათ დასაძლევად სწორი პრიორიტეტების დასახვისთვის, გარემოსდაცვითი სტრატეგიის დანერგვისა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს NEAP-3-ის დამტკიცება და NEAP-2-ით დარჩენილი აქტივობების შესრულების ვადების გაწერა და დასრულება;

მტვრის და სხვა კომპონენტების მიერ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებების პრევენციისთვის, დამტკიცდეს PM-ების ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები და უკვე დამტკიცებული ნორმების ზღვრული მოცულობები მოვიდეს თანხვედრაში საერთაშორისოდ აღიარებულ პარამეტრებთან; › ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე მონიტორინგის გაუმჯობესების, მდგომარეობის სწორად შეფასებისა და ანალიზის მიზნით, მიზანშეწონილია განხორციელდეს მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემების ჩამოყალიბება და იმპლემენტაცია;

უწყებაში შემავალი ერთეულების ეფექტიანი მუშაობისა და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის, ყურადღება გამახვილდეს უწყების შიდა კომუნიკაციის სრულყოფაზე.

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს:

სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშაოს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებიც ორიენტირებული იქნება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის, მისი დაბინძურებისაგან დაცვის საშუალებების და ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის შესახებ, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ყველა დაინტერესებული პირის სწორი, სრული და დროული ინფორმირება არსებული მდგომარეობისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ.