სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გარემოს დაცვა 11 აპრილი, 2025
მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023, 2022

საქართველოს რელიეფი, ჰიდროგრაფიული ქსელი, მეტეოროლოგიური პირობები და გარემოზე მაღალი ანთროპოგენური ზეწოლა ქმნის პირობებს ისეთი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ბუნებრივი კატასტროფების განვითარებისთვის, როგორებიცაა: ზვავი, მეწყერი, მდინარის მიერ ნაპირების გარეცხვა, წყალდიდობა, გვალვა, სეტყვა, ეროზია, ძლიერი ქარი, ბუნებრივი ხანძრები და სხვ.
ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზიანის შემცირების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილებების გამართული სისტემის (EWS) არსებობა და ამ მიზნით ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ეფექტიანი გამოყენება. გამართული ადრეული გაფრთხილების სისტემა სხვა საკითხებთან ერთად უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის სუბიექტების როლების და პასუხისმგებლობის მკაფიო განაწილებას, მათ მიერ ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების სათანადო გამოყენებას და ამ მონაცემებზე დაფუძნებული ადრეული გაფრთხილებების დაინტერესებული მხარეებისთვის მიწოდებას, ასევე, სამთავრობო უწყებებს, დარგის ექსპერტებს და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მონაცემებზე კომუნიკაციის გამართული პროცესების არსებობას, ეფექტიანი ადრეული გაფრთხილების უზრუნველსაყოფად. 
აუდიტის ანგარიშში გაანალიზებულია რამდენად არსებობს შესაბამისი წინაპირობები ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების ადრეული გაფრთხილებებისთვის გამოყენების უზრუნველსაყოფად.  
 

რეკომენდაცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატს

საქართველოში მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნისა და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატმა უზრუნველყოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია, ასევე ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების პროექტის, როგორც ადრეული გაფრთხილების სისტემის ინტეგრირებული და ყოვლისმომცველი ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც, მათ შორის, განსაზღვრავს სისტემის მონაწილე სუბიექტების როლებს, პასუხისმგებლობებს, უწყებებს შორის თანამშრომლობის და კოორდინირების მექანიზმებს.