სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული და USAID-ის მიერ დაფინანსებული მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივის პროექტის „ხარჯების ანგარიშგების“ ფინანსური აუდიტი 2021 წლის 2 თებერვლიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდისთვის.
პროექტის „ხარჯების ანგარიშგების“ მომზადება წარმოადგენს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას. ჩვენი პასუხისმგებლობაა, აუდიტის საფუძველზე „ხარჯების ანგარიშგებაზე“ მოსაზრების გამოხატვა.
აუდიტი წარვმართეთ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო სტანდარტების (ISSAI) შესაბამისად და აშშ-ის საერთაშორისოდ აღიარებული საჯარო აუდიტის სტანდარტების (GAGAS) მოთხოვნების გათვალისწინებით. პასუხისმგებლობა, რომელსაც აღნიშნული სტანდარტები ჩვენთვის ითვალისწინებს, დაწვრილებით არის აღწერილი ჩვენი დასკვნის ნაწილში სახელწოდებით − „აუდიტორის პასუხისმგებლობა ფინანსური ანგარიშგების აუდიტთან დაკავშირებით“. ჩვენ ვართ უმაღლესი აუდიტორული ორგანოების საერთაშორისო ორგანიზაციის (INTOSAI) მოთხოვნების შესაბამისად ორგანიზაციისგან დამოუკიდებელი აუდიტორები და შესრულებული გვაქვს INTOSAI-ის მიერ დაწესებული სხვა ეთიკური ვალდებულებებიც. გვჯერა, ჩვენ მიერ მოპოვებული აუდიტორული მტკიცებულებები საკმარისი და შესაფერისია არამოდიფიცირებული მოსაზრების გამოთქმისთვის საჭირო საფუძვლის შესაქმნელად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს „ხარჯების ანგარიშგება“ ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, შეთანხმების პირობების შესაბამისად, სამართლიანად ასახავს ინფორმაციას პროექტის შემოსავლების, გაწეული და ანაზღაურებული ხარჯების, შესყიდული საქონლის და ტექნიკურ დახმარების შესახებ.
ჩვენ ასევე შევაფასეთ პროექტთან დაკავშირებული სააგენტოს შიდა კონტროლის სისტემა და განხორციელებული საქმიანობის შესაბამისობა შეთანხმების პირობებსა და საკანონმდებლო მოთხოვნებთან. შედეგები მოცემულია ცალკე ქვეთავების სახით და წარმოადგენს წინამდებარე ანგარიშის განუყოფელ ნაწილს.