საქართველოს მთავრობამ, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს გზების დეპარტამენტის სახით, 2016 წელს დაიწყო შედეგზე დაფუძნებული შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP ან პროექტი), რომელიც გაგრძელდა 2024 წლის 30 ივნისამდე. პროექტი დაფინანსებულია საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის მიერ, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის (IBRD) მიერ გაცემული სესხით (სესხი N8599-GE).
პროექტის მიზნებია: გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებსა და ბაზრებზე ხელმისაწვდომობის მდგრადი ფორმით გაუმჯობესება, პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით და საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება. 2016 წლის 28 მარტით დათარიღებული სასესხო ხელშეკრულების თანახმად, გზების დეპარტამენტმა უნდა უზრუნველყოს პროექტის დამოუკიდებელი მონიტორინგი და შეფასება დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარებით. ამ მიზნით მსოფლიო ბანკმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სთხოვა დამოუკიდებელი ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება, რომელიც მოიცავს 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფმა, პროექტის ფარგლებში გაწეული ხარჯების გადამოწმების მიზნით, შეისწავლა შუალედური ფინანსური ანგარიშები (IFR), საგადახდო დავალებები, ინვოისები და ხელმოწერილი კონტრაქტები.
აუდიტის ჯგუფმა ასევე განიხილა გურიის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის საკითხი. გარდა ამისა, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ზედამხედველი კონსულტანტების ყოველთვიური ანგარიშები, შუალედური გადახდის სერტიფიკატები (IPC), გზების პროექტირება-მშენებლობის და რეაბილიტაციის კონტრაქტები და მათი შესაბამისობა პროექტის მართვის სახელმძღვანელოსთან (POM), ასევე პროექტის შეფასების დოკუმენტთან (PAD).
აუდიტის ჯგუფმა განიხილა ტექნიკური და გარემოსა და სოციალურ საკითხთა ექსპერტების მიერ მოწოდებული ანგარიშები, რათა განესაზღვრა პროექტირება-მშენებლობისა და გურიის რეგიონში სარეაბილიტაციო კონტრაქტების ფარგლებში, შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების რეაბილიტაციისა და გაუმჯობესების მდგომარეობა.
ამასთანავე, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა განსახლების სამოქმედო გეგმის მიხედვით საკომპენსაციო თანხების საკითხი და გზების უსაფრთხოების ინტეგრაცია აქტივების მართვის პროცესში. განხილულ იქნა კლიმატური მდგრადობის პრიორიტეტული ღონისძიებების მიმდინარეობა და განხორციელების სტატუსი.
IFR-ების მიხედვით, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე პერიოდში გაწეულმა ჯამურმა ხარჯებმა შეადგინა 9,300,137 აშშ დოლარი. აუდიტის ჯგუფმა შეაფასა სესხის გამოყოფასთან დაკავშირებული ინდიკატორების (DLI’s) შესრულების მდგომარეობა, რომლის საფუძველზეც გასცა რეკომენდაცია 20,099,900 აშშ დოლარის სესხად აღიარების თაობაზე.