სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ - ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შრომის ანაზღაურება
საშემოსავლო გადასახადის გაანგარიშების/წარდგენის ნაკლოვანებები - სააგენტოში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებთან მიმართებით დაფიქსირდა: 2022 წელს - 600 ლარით მეტი, ხოლო 2023 წელს 1,214 ლარით ნაკლები საშემოსავლო გადასახადის დაკავების ფაქტები. ასევე განაცემთა ინფორმაციაში ნაჩვენები გადახდილი საშემოსავლო გადასახადი 1,008 ლარით ნაკლები აღმოჩნდა ფაქტობრივ მონაცემებთან შედარებით. შესაბამისად, შეცდომით არის დაკავებული და არაზუსტად წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები.
შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძვლის ნაკლოვანებები - სააგენტოში არ იწარმოებოდა ნამუშევარი საათების აღრიცხვის ტაბელი, ასევე თანამშრომლებზე გაიცა ფულადი ჯილდო, თუმცა ნორმატიული აქტით მოთხოვნილი შეფასების დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, სააგენტოს ხელმძღვანელობა სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა თანამშრომელთა მოძრაობის აღრიცხვის და ფულადი ჯილდოს გაცემის საფუძვლების სრულყოფილ დოკუმენტირებას, რაც შეიცავს შრომის ანაზღაურების არასწორად აღრიცხვისა და გაცემის რისკებს.
უძრავი ქონება
უძრავი ქონების მართვის ხარვეზები - იჯარით გაცემული უძრავი ქონებიდან, ორ შემთხვევაში მოიჯარის მიერ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ფართები სხვადასხვა კერძო სამართლის სუბიექტზე ქვეიჯარით იყო გაცემული. ასევე: ფიქსირდება ერთი შემთხვევა, როცა სააგენტოს კუთვნილ უძრავ ქონებაზე (მიწის ნაკვეთზე) უნებართვოდ იყო განთავსებული კერძო პირის კუთვნილი აქტივი. შესაბამისად, დაფიქსირდა სახელმწიფო ქონების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ გამოყენების რისკები.
საიჯარო ხელშეკრულებების მართვის ხარვეზები - სააგენტოს მიერ იჯარით გაცემული უძრავი ქონებიდან, 5 შემთხვევაში მოიჯარის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. სააგენტო უფლებამოსილი იყო მოიჯარეებისათვის დაერიცხა 8,882 ლარის პირგასამტეხლო დადგენილი ნორმების მიხედვით, თუმცა სააგენტოს სათანადო რეაგირება არ მოუხდენია. ასევე: სააგენტოს მიერ ბენეფიციარებზე გაცემულ სასათბურე კონსტრუქციებზე საიჯარო დავალიანება შეადგენდა 7,840 ლარს. შედეგად, იქმნება სააგენტოსადმი მიყენებული ფინანსური ზიანისა და უძრავი ქონების არამიზნობრივად გამოყენების რისკები.
სახელმწიფო შესყიდვები
ხელოვნური დაყოფა - სააგენტოში ორ სხვადასხვა CPV კოდზე დაფიქსირდა ხელოვნური დაყოფის ფაქტები, ჯამში − 7,473 ლარის ღირებულების საქონელზე, რაც მიუთითებს საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანად გახარჯვის რისკებზე.
შიდა კონტროლის სისტემა
შრომითი ხელშეკრულებების ნაკლოვანებები - შრომითი ხელშეკრულებებიდან რიგ შემთხვევებში შესრულებული სამუშაოების აღწერილობები იყო ზოგადი ხასიათის და შეუძლებელი გახდა კონკრეტული სამუშაოების მოცულობის, რაოდენობის და მასშტაბის იდენტიფიცირება. დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირს. აღსანიშნავია, რომ სააგენტოში მთელი ან გარკვეული პერიოდის განმავლობაში შრომითი ხელშეკრულებით 2022-2023 წლებში დასაქმებული იყო, შესაბამისად, 58 და 59 შტატგარეშე თანამშრომელი, რაც 2,1-ჯერ აღემატებოდა შტატით დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობას. შტატგარეშე თანამშრომლებზე გაცემულმა ანაზღაურებამ, შტატით აყვანილ თანამშრომლებთან მიმართებით, შეადგინა 63%. ამასთანვე, სააგენტოს მიერ ზემდგომ ორგანოსთან გაგზავნილ წერილებში, სადაც მოთხოვნილია თანხმობა შრომითი ხელშეკრულებების რაოდენობის შესახებ, ვერ იდენტიფიცირდება შესასრულებელი სამუშაოების დეტალური აღწერილობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიქმნას შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების რაოდენობის არაგონივრულად განსაზღვრისა და მათზე გაცემული ანაზღაურების არამიზნობრივად გაწევის რისკები.
პროგრამების შესრულების ნაკლოვანებები - ქვეპროგრამების ფარგლებში გამარჯვებული ბენეფიციარებიდან, 5 შემთხვევაში ვერ დასტურდება გადაცემული აქტივების გამოყენება პროგრამით განსაზღვრული მიზნების შესაბამისად. ერთ შემთხვევაში ბენეფიციარმა გადაცემული აქტივები თვითნებურად გადაცვალა უფრო დაბალი ღირებულებისა და სიმძლავრის აქტივებზე. ამასთანავე, ორ ბენეფიციარზე სააგენტოს მიერ პროგრამის ფარგლებში გადაცემულია პორტატული კომპიუტერები. მოთხოვნილი სპეციფიკაციების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო უფრო ნაკლები ღირებულების აქტივების შეძენა. თუმცა სააგენტოს მიერ არ მომხდარა შესაძენი აქტივების ალტერნატიული ვარიანტების განხილვა; ასევე: ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში არსებული სააგენტოს მომსახურების ცენტრის ანგარიშში წარმოდგენილი ბენეფიციარების რაოდენობა ვერ დასტურდება დოკუმენტურად. ზემოაღნიშნული გარემოებები მიუთითებს სააგენტოს მიერ არასაკმარისად განხორციელებულ კონტროლის ღონისძიებებზე და წარმოქმნის პროგრამების ფარგლებში ხარჯების არამიზნობრივად გაწევის რისკებს.
ავტომანქანების მოძრაობის აღრიცხვის ხარვეზები - სააგენტოში გარკვეულ პერიოდში არ იწარმოებოდა სამორიგეო ავტომობილების მოძრაობის აღრიცხვის ჟურნალი, რის გამოც ვერ დასტურდება ავტომობილების სამსახურებრივი მიზნობრიობით გამოყენება.