სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 2022-2023 წლებში საფინანსო- ეკონომიკური საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ორგანიზაციის მართვა
დაგეგმვის ხარვეზები - ესკოში არ ხდება კომპანიის საქმიანობის სამოქმედო გეგმების შედგენა. აქედან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება ამოცანების შესრულება კომპანიის დასახულ მიზნებს.
შვილობილი კომპანიის მართვის ხარვეზები - ესკოს შვილობილი კომპანია სენბი, დაარსების დღიდან აუდიტის პერიოდის ჩათვლით, ფუნქციონირებდა ისე, რომ ვერ ასრულებდა იმ ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს, რისთვისაც იყო შექმნილი.
აუდიტის პერიოდში სენბის ხარჯებმა შეადგინა 2,996,518 ლარი.
საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვა
ტარიფების დადგენის ნაკლოვანებები - 2022 წლის მარტსა და 2023 წლის ივლისში, ზოგიერთ შემთხვევაში არასწორად იქნა გაანგარიშებული საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი და ტარიფი. აღნიშნულ შემთხვევებში შეუსაბამობა არ არის რაოდენობრივად არსებითი, მაგრამ წარმოშობს რისკებს, რომ მნიშვნელოვან მოცულობაზე არასწორად გაანგარიშებული ფასი ფინანსურ გავლენას იქონიებს კომპანიასა ან/და საბოლოო მომხმარებლებზე.
აღრიცხვის კვანძების ინსპექტირება
ინსპექტირების ხარვეზები - 2022 და 2023 წლებში ესკოს არ შეუდგენია აღრიცხვის კვანძების შემოწმების გეგმა-გრაფიკები, ასევე არ განხორციელებულა ანგარიშსწორებაში გამოყენებული აღრიცხვის კვანძების პერიოდული შემოწმება, რაც არ შეესაბამება „ქსელის წესებით“, „ბაზრის წესებით“ და ესკოს დებულებით დადგენილ მოთხოვნებს და აღრიცხვის კვანძების მოწყობილობების შემოწმების/ინსპექტირების პროცესში კონტროლის მექანიზმების არასრულყოფილად ფუნქციონირებაზე მიუთითებს.
შრომის ანაზღაურება
ფულადი ჯილდოს გაცემის დასაბუთების ნაკლოვანებები - ესკო თანამშრომლებზე ჯილდოს გაცემისას არ ეყრდნობა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს შედეგებს, რაც უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდიდა წახალისების სისტემას. შედეგად, ჯამურად ასეთი სახით გაცემულია ჯილდოს 81% − 1,595,837 ლარი, რაც საქმიანობაში დამკვიდრებულ არაერთგვაროვან პრაქტიკაზე მიუთითებს.
ტრანსპორტის ხარჯები
სამორიგეო ავტომანქანების მართვის ხარვეზები - ესკოში სამორიგეო ავტომობილების გამოყოფა არ ხდებოდა კონკრეტული მოთხოვნის საფუძველზე, რითაც არაა დაცული კანონმდებლობის შესაბამისი ნორმები, ასევე ვერ მოვიპოვეთ მტკიცებულებები იმის შესახებ, გამოიყენებოდა თუ არა სამორიგეო ავტომობილები შესაბამისი და არა განპიროვნებული დანიშნულების შესასრულებლად. სულ სამორიგეო ავტომობილებზე გახარჯულია 67,455 ლარი.
დასაბუთების გარეშე გამოყენებული ავტომობილები
ესკოში ავტომობილით მოსარგებლე თანამშრომლების მივლინებისა და შვებულების დროს ხდებოდა მათზე განპიროვნებული ავტომობილების ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც სამსახურებრივი ავტომობილების პირადი მიზნებით გამოყენების და არამართლზომიერი ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობს.
ადმინისტრაციული ხარჯები
სამივლინებო ხარჯების ხარვეზები - ესკოს მიერ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ ნორმასთან შედარებით, ანაზღაურებულია 18,279 ლარით მეტი. აღნიშნულთან დაკავშირებით არ არის წარმოდგენილი გენერალური დირექტორის შესაბამისი გადაწყვეტილებები ან/და სხვა ხასიათის დასაბუთება.
სახელმწიფო შესყიდვები
გეგმის წარდგენის ვადის დაუცველობა - ესკოს მიერ არ არის დაცული 2022 წლის შესყიდვების გეგმის წარდგენისათვის განსაზღვრული ვადა.
აქტივების მართვა და განკარგვა
ქონების მართვის ხარვეზები - აუდიტის პერიოდში ესკოს არ წარმოუდგენია ინფორმაცია ჩატარებული ინვეტარიზაციისა და მისი შედეგების შესახებ. აქედან გამომდინარე, ვერ დავრწმუნდით ბალანსზე რიცხული აქტივების არსებობასა და სისრულეში.