სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „ენგურჰესის“ 2022-2023 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
სახელმწიფო შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ნაკლოვანებები - აუდიტის პერიოდში კომპანიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვების წლიური გეგმის დადგენილ ვადებში სრულად წარდგენას და დამტკიცებას.
არასრულყოფილად ჩატარებული ბაზრის კვლევა - კომპანიის მიერ მიწოდების ბაზრის არასრულყოფილი კვლევა მიმწოდებელი კომპანიების შესახებ, არასაკმარისი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას იძლეოდა. პოტენციურ მიმწოდებელთა სეგმენტის არასწორად შერჩევის, თუ მათ მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის გამო, საკმარისი საფუძვლის გარეშე ტენდერების გამოცხადებისას, არის რისკი, რომ არასწორად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები, რაც კონკურენციის არარსებობის პირობებში, ზრდის საწარმოს სახსრების არაეკონომიურად განკარგვის რისკს. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად, არ იყო შექმნილი კონკურენტული გარემო, რის გამოც მაღალი იყო არშემდგარი და უარყოფითი შედეგით დამთავრებული ტენდერების რაოდენობა.
არასრულყოფილად შედგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები - სატენდერო კომისიის მიერ, რიგ შემთხვევებში შესყიდვის ობიექტის სპეციფიკაციები და მიმწოდებლების მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნები, არასრულყოფილად იყო შედგენილი, რაც მიმწოდებლების ტექნიკური ცოდნის/გამოცდილების, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების და სანდოობის არასწორი და არაობიექტური შეფასების საფრთხეს წარმოშობს და ზრდის ხელშეკრულების შეუსრულებლობის რისკს.
პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცესის ხარვეზები - რიგ შემთხვევებში შპს „ენგურჰესის“ სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტებს შერჩევა-შეფასების პროცესი გარკვეული ხარვეზებით და ნაკლოვანებებით მიმდინარეობდა. პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებისას, სრულად არ იყო გამოკვლეული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა გარემოება და ფაქტი. შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღებოდა გარემოებებისა და ფაქტების დეტალური, ამომწურავი მსჯელობისა და ანალიზის გარეშე, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან და სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის გარეშე.
საწვავის ხარჯი
დასაბუთების გარეშე გამოყენებული საწვავი - გამოვლინდა, რომ შვებულების პერიოდში განპიროვნებულ ავტომობილებზე შესაბამისი დასაბუთების გარეშე ხდებოდა საწვავის ხარჯვა, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს; ასევე სრულყოფილად ვერ იქნა წარმოდგენილი სპეცტექნიკით შესრულებული სამუშაოების შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც საწვავის არამიზნობრივად გამოყენების რისკებს წარმოშობს.
წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები
წარმომადგენლობითი ხარჯების ხარვეზები - კომპანიის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ზოგ შემთხვევაში არ არის მითითებული ღონისძიების დასახელება ან ვერ დგინდება იმ ღონისძიებების მიზანი, რომელთა ფარგლებში გაწეულ იქნა წარმომადგენლობითი ხარჯი, ასევე არ არის მითითებულ ღონისძიებებზე დამსწრე პირთა ვინაობა და რაოდენობა, რაც წარმოშობს ხარჯების დაუსაბუთებლად გაწევის რისკებს.
მივლინების მართვის ხარვეზები - კომპანიის კაშხლის დეპარტამენტის თანამშრომლები ქვეყნის შიგნით მივლინებებში იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანებების საფუძველზე. ამგვარი მივლინებების ხარჯმა, ჯამურად − 30,465 ლარი შეადგინა. საქართველოს შრომის კანომდებლობით და კომპანიის წესდებით, შრომითი ურთიერთობების მონაწილე სუბიექტი არის დამსაქმებელი დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სახით და ის იყო უფლებამოსილი, უზრუნველეყო კომპანიაში დასაქმებულის მივლინება, სამსახურებრივი დავალებების შესასრულებლად.
აქტივების მართვა
ინვენტარიზაციის შედეგებზე რეაგირების ნაკლოვანებები - კომპანიის ხელმძღვანელობას, ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ დანაკლისის ფაქტზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები არ გაუტარებია, რაც შიდა კონტროლის სისუსტეზე მიუთითებს.
ელექტრომომარაგების ქსელის მართვის ხარვეზები - კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული, კომპანიის კუთვნილი ელექტრომომარაგების ქსელიდან ელექტროენერგია მიეწოდებოდა შპს „ენგური ატრაქციის“ გარკვეულ ობიექტებს, რის შედეგად არამართლზომიერად გაიზარდა კომპანიის ხარჯები.
მარაგების მართვის ხარვეზები - კომპანიაში მატერიალური ფასეულობების საწყობიდან გაცემის ოპერაციაზე შედგენილ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული მათი გაცემის მიზნობრიობა. თანამშრომელთა სპეცტანსაცმლით უზრუნველყოფის დროს არ იყო შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რომლითაც მიმღები პირები დაადასტურებდნენ მათი მიღების ფაქტს.
შრომითი ხელშეკრულებები
შტატგარეშე თანამშრომელთა მართვის ნაკლოვანებები - 2022-2023 წლებში კომპანიაში არ იყო დანერგილი დასაქმებულთა ანაზღაურების პროცესის კონტროლის სათანადო მექანიზმები, რასაც ცხადყოფს ის გარემოება, რომ კომპანიაში დასაქმებულ ორ მრჩეველსა და ორ კონსულტანტთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში სათანადოდ არ იყო განსაზღვრული ფუნქცია-მოვალეობები. კომპანიამ ვერ წარმოადგინა მათ მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი დოკუმენტები და მათზე გაცემული 14,850 ლარის პრემია/დანამატის საფუძვლები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორ თანამშრომელს 2022-2023 წლებში, სხვადასხვა პერიოდში 19 დღით გადაკვეთილი ჰქონდათ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და ისინი არც შვებულებით სარგებლობდნენ და არც საზღვარგარეთ სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული პერიოდი მათ ჩეთვალათ ნამუშევრად, რაც კომპანიაში დასაქმებულების სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლის სისუსტეებზე მიუთითებს. ერთ თანამშრომელს, საკუთარი ინიციატივით (განცხადებით) შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, შრომის კოდექსის მოთხოვნათა შეუსაბამოდ აუნაზღაურდა გამოუყენებელი შვებულების თანხა 7,500 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, აუდიტის ჯგუფმა ორ მრჩეველსა და ორ კონსულტანტზე ვერ მიიღო რწმუნება ჯამში 279,913 ლარის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების მართლზომიერ ხარჯვაზე.