სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გარემოს დაცვა 02 თებერვალი, 2015
მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის ეფექტიანობის აუდიტი
პერიოდი: 2012, 2013, 2014

მყარი მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსება, დღევანდელ დღეს, საქართველოში ნარჩენების მართვის ერთადერთი ფორმაა. მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის სისტემის ეფექტიანი მუშაობა, რადგან არსებული სისტემის ხარვეზებით ფუნქციონირება პირდაპირ აისახება გარემოსდაცვით საკითხებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე.ნარჩენების მართვა საერთაშორისო სტანდარტებით კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს იძენს, რადგან იგი ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების მნიშვნელოვანი პუნქტია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა საქართველოში მყარი მუნიციპალური ნარჩენების მართვის კუთხით არსებული მდგომარეობა და განიხილა ნარჩენების მართვის მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორიცაა: ნარჩენების ტრანსპორტირება-ლოჯისტიკა, ნარჩენების მომსახურების მოსაკრებელი, ძველი, ახალი და სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემატური საკითხები. აუდიტით გამოვლინდა, რომ

  • არ მიმდინარეობს ნარჩენების მოცულობის წინასწარი განსაზღვრა, რომლის გარეშე შეუძლებელია ნარჩენების მართვის ოპტიმალური გეგმის შედგენა.
  • ქ. თბილისში მარშრუტებზე ნაგავმზიდების რაოდენობა არაოპტიმალურადაა განაწილებული.
  • მუნიციპალიტეტებში, რომლებსაც ნარჩენების გატანის მომსახურება მიეწოდებათ, არ მუშაობს მოსაკრებლის ე.წ. „ბილინგის“ სისტემა.
  • დაწესებული ტარიფები დაუსაბუთებელია და არ ითვალისწინებს დასუფთავებისთვის საჭირო რეალურ ხარჯებს.
  • მიუხედავად ნაგავსაყრელზე პასუხისმგებელი კომპანიების მიერ ჩატარებული კეთილმოწყობის ღონისძიებებისა, ძველი ნაგავსაყრელები კვლავ მოუწყობელი რჩება, რაც გარემოს მუდმივი დაბინძურების წყაროს წარმოადგენს.
  • შესაბამისი ორგანოს მიერ არ ხდება სახელმწიფო კონტროლი გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე.
  • რაც შეეხება ახალ ნაგავსაყრელებს, ქ. თბილისის მომსახურე ნაგავსაყრელის გახსნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში - გზშ) პროცედურებისგან გათავისუფლებით განხორციელდა.
  • ახალი ნაგავსაყრელები (ქ. თბილისის და ქ. რუსთავის) აეროპორტთან საერთაშორისო სტანდარტების დარღვევითაა აშენებული.
  • რაიონებსა და სოფლებში არ არსებობს ნარჩენების შეგროვების და გატანის მომსახურება, შესაბამისად არ დგას ურნები და მოსახლეობა იძულებულია ნარჩენები განათავსოს მის მიერ შერჩეულ ტერიტორიაზე.
  • არ არსებობს სამშენებლო ნარჩენების რაოდენობაზე ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება მათი განთავსების ადგილი ან განკარგვის შესაძლებლობა.
  • მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები არასაკმარისია, რადგან არ გააჩნია მასშტაბური ხასიათი და არ ფარავს როგორც ყველა სამიზნე ჯგუფს, ასევე სრულიად საქართველოს ტერიტორიას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მყარი ნარჩენების მართვის საკითხების სიღრმისეული შესწავლის დროს აღმოჩენილი მიგნებები განმახორციელებელ ორგანოებს დაეხმარება დარგის ეფექტიანად ჩამოყალიბებაში. ჩატარებული კვლევებისა და დასკვნების საფუძველზე კი წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება მიზანშეწონილად მიგვაჩნია არსებული სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.


წარმდგენი: სოფო ლაცაბიძე