სახელმწიფო აუდიტის სამსახური

გარემოს დაცვა 10 აპრილი, 2019
აზიური ფაროსანასა და სხვა მავნებლების წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016

ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალურია აზიური ფაროსანას შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრობლემა, რაც ნეგატიურად აისახა მიღებული თხილის მოსავლის ოდენობასა და საექსპორტო მაჩვენებლებზე. სახელმწიფომ 2018 წელს, 2017 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზარდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების მასშტაბი, რის შედეგადაც შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ამასთანავე, არ შეინიშნება აზიური ფაროსანას მასობრივი გავრცელების არეალის ზრდა. მიუხედავად პროგრესისა, შესაძლებელი იყო, რიგი ღონისძიებები დაგეგმილიყო და განხორციელებულიყო უფრო ეფექტიანად.

აუდიტის ფარგლებში შესწავლილია ქვეყნის ტერიტორიაზე მავნებლების შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციული და შემდგომი რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობა, რის შედეგადაც იდენტიფიცირებულია ნაკლოვანებები. მათ შორის: 

მავნებლების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ფიტოსანიტარიული კონტროლის მეთოდოლოგიის საფუძველზე ეფექტიანი ყოველწლიური პროგრამის შემუშავება. მავნებლების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის სრული არიდება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია, თუმცა მათი დროული იდენტიფიცირება და ქმედებების მყისიერი განხორციელება ხელს უწყობს პოპულაციის შემცირებას, გავრცელების შედარებით მცირე არეალზე ლოკალიზებას და შესაბამისად, ზიანის შემცირებას. ქვეყანაში მავნებლების შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციული მექანიზმები ნაკლოვანებებით გამოირჩევა.

სააგენტომ აზიური ფაროსანა საქართველოს ტერიტორიაზე მისი მასობრივი გავრცელების შემდგომ, 2016 წლის სექტემბერში დააფიქსირა, მაშინ, როდესაც აზიური ფაროსანას მიერ სასოფლო სამეურნეო კულტურები უკვე დაზიანებული იყო. არსებული მონიტორინგის მექანიზმები არ აღმოჩნდა საკმარისი და ქმედითი იმისათვის, რომ დროულად გამოვლენილიყო აზიური ფაროსანას გავრცელების საფრთხე. შესაბამისად, მავნებლის წინააღმდეგ განხორციელებულ ღონისძიებებს არა მასობრივი გავრცელების პრევენციული, არამედ − შემდგომი რეაგირების ხასიათი ჰქონდა. სააგენტოს ფიტოსანიტარიული კონტროლის მეთოდოლოგია, რომელიც მავნებლების ქვეყნის ტერიტორიაზე შემოჭრის და მასობრივი გავრცელების შესახებ რისკის დროული იდენტიფიცირების და პრევენციის ერთ­-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, არის ზოგადი ხასიათის და საჭიროებს მნიშვნელოვან დეტალიზაციას.

ფაროსანას შემოჭრის და გავრცელების საფრთხის დროული იდენტიფიცირების შემთხვევაში, სახელმწიფოს შესაძლებლობა ექნებოდა უფრო ადრე დაეწყო აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა, რაც ხელს შეუწყობდა მავნებლების პოპულაციის ლოკალიზებას გავრცელების შედარებით მცირე არეალზე.

 

ქვეყნის ტერიტორიაზე მავნებლების შემოჭრის და მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შეიმუშაოს ეროვნული ფიტოსანიტარიული კონტროლის დეტალური მეთოდოლოგია ან/და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, რომლებიც განსაზღვრავს მავნებლების შემოჭრის რისკების იდენტიფიცირების და რისკებზე საპასუხო ღონისძიებების დაგეგმვის და შესრულების მექანიზმებს

საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შეიმუშაოს დეტალური სამოქმედო გეგმა, სადაც სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ასევე გათვალისწინებული იქნება რისკიანი კულტურების, გარემოზე ზემოქმედების და აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის მაქსიმალურად დაფარვის ფაქტორები და მისაღწევი შედეგების შეფასების ინდიკატორები. აღნიშნული ხელს შეუწყობს: მავნებლის პოპულაციის ეფექტიან კონტროლს, გარემოსთვის მიყენებული ზიანის შემცირებას, დაგეგმილი ღონისძიებების სრულყოფილად შესრულების მონიტორინგს და მიღწეული შედეგების ეფექტიანობის შეფასებას.

გარემოსთვის ზიანის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეაფასოს ეკოლოგიურად უსაფრთხო მექანიზმების ეფექტიანობა და მიზანშეწონილობის შემთხვევაში, გაზარდოს ბიოლოგიური და მექანიკური საშუალებების გამოყენება.

პესტიციდების გამოყენების დაგეგმვისას, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ უცხოელი ექსპერტების რეკომენდაციაზე დაყრდნობით, ჩაატაროს დოკუმენტირებული ანალიზი, რაც უზრუნველყოფს იმის დასაბუთებას, რომ კონკრეტულად შერჩეული პესტიციდი არის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი ეფექტიანობის, ეკონომიურობის და ტოქსიკურობის გათვალისწინებით.

მავნებლის პოპულაციაზე კონტროლის გასაძლიერებლად და მიგრაციის რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად შეიმუშაოს, დაგეგმოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები და მათი მონიტორინგის სისტემა, რაც უზრუნველყოფს გავრცელების კერების მაქსიმალურ დაფარვას მავნებლებთან ბრძოლის კომბინირებული და კომპლექსური მეთოდებით.

მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაგეგმოს და ჩაატაროს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობა უშუალოდ გაეცნობა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებს და გაათვითცნობიერებს საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობას. აღნიშნული უზრუნველყოფს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში მოსახლეობის მხრიდან მონაწილეობის ზრდას.