სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა იპკ-ის სისტემის ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, თუ რამდენად საკმარისია ქვეყანაში არსებული რეგულაციები და კონტროლის მექანიზმები სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ეფექტიანი სისტემის უზრუნველსაყოფად. აუდიტის შედეგად გამოვლინდა ის ნაკლოვანებები, რომლებიც გავლენას ახდენენ სისტემის ეფექტიანად მართვაზე, კერძოდ:
- ქვეყანაში არ არის შემუშავებული ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ერთიანი ეროვნული სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, რაც უზრუნველყოფდა სახელმწიფო დონეზე ერთიანი პოლიტიკისა და გასატარებელი ღონისძიებების არსებობას იპკ-ის სისტემის გაუმჯობესების მიზნით. აღნიშნული საკითხები მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული 2017-2020 წლების ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო და 2016-2020 წლების C ჰეპატიტის ელიმინაციის ეროვნულ სტრატეგიებში, რაც არ არის საკმარისი პოლიტიკის განსასაზღვრად;
- მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროსა და ცენტრის მიერ შემუშავებულია მექანიზმები, რომლებიც მიმართულია ქვეყანაში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შესახებ ინფორმაციის გაუმჯებესებისკენ, ისინი არ არის საკმარისი მისი სანდოობის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას ფლობდეს სრულყოფილ ინფორმაციას სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში აღნიშნული მიმართულებით არსებული რეალური მდგომარეობის შესახებ, რაც, თავის მხრივ, შექმნიდა ნოზოკომიურ ინფექციებზე გაწეული ხარჯების იდენტიფიცირებისა და ეფექტიანი მართვის პირობებს;
- კანონმდებლობა, ერთი მხრივ, ავალდებულებს დაწესებულებას აღრიცხოს ნოზოკომიური ინფექციები და მეორე მხრივ, არ მოითხოვს მათი დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ ინსტრუმენტს − მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიას. შესაბამისად, საქმიანობის დაწყების ეტაპზე არ არის განსაზღვრული მექანიზმი, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნებოდა სტაციონარული დაწესებულებების მიერ ნოზოკომიური ინფექციების გამოვლენა, დადასტურება და აღრიცხვა;
- კანონმდებლობა არ მოითხოვს, შემოწმდეს სტომატოლოგიური სამედიცინო დაწესებულებები საქმიანობის დაწყების ეტაპზე აკმაყოფილებენ თუ არა სავალდებულო მოთხოვნებს, ამავე დროს, შესამოწმებელი დაწესებულებების შერჩევის კრიტერიუმად არ არის განსაზღვრული ახლად გახსნილი სტომატოლოგიური დაწესებულებების შემოწმება, რაც ზრდის პაციენტების უსაფრთხოების რისკებს;
- სადეზინფექციო საშუალებების რეგისტრაციისას, დოკუმენტაცია ზოგიერთ შემთხვევაში წარმოდგენილია არასრულყოფილად. გარდა ამისა, არ არის კონკრეტულად გაწერილი რა შინაარსის მატარებელი უნდა იყოს სავალდებულო დოკუმენტაცია, რაც ზრდის არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს;
- დეტალურად გაწერილი მეთოდოლოგია არ არის შემუშავებული, რომლის მიხედვით, რეგულირების სააგენტო უნდა ახორციელებდეს სამედიცინო დაწესებულებების კონტროლს, რაც ზრდის იმის რისკს, რომ სრულად ვერ გამოვლინდება სტაციონარულ დაწესებულებებში არსებული იპკ სისტემის ნაკლოვანებები.