სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 14 თებერვალი, 2025
„სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვის შემდგომი რეაგირების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2024, 2023

საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. 

საქართველოს სოფლებში ოჯახის ექიმის მომსახურებაზე პასუხისმგებელია „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა, რომლის მთავარი მიზანი სოფლის მოსახლეობისათვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურებაზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდაა. 

2015 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი. აუდიტის ობიექტებს წარმოადგენდნენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და მის სისტემაში შემავალი სსიპ − სოციალური მომსახურების სააგენტო. 

აუდიტის მთავარი მიგნება იყო სოფლის ექიმების არაოპტიმალურ განაწილებასთან და მათ განსხვავებულ პროდუქტიულობასთან დაკავშირებული საკითხები. აუდიტის შედეგად იდენტიფიცირებულ იქნა ნაკლოვანებები, რომლებიც უკავშირდებოდა პროგრამის დიზაინს, ადმინისტრირებას, მონიტორინგსა და მიღწეული შედეგების შეფასებას. 


2022 წლიდან „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს გადაეცა მართვაში. წინამდებარე ანგარიში წარმოადგენს შემდგომი რეაგირების აუდიტს, რომლის მიზანია შეფასდეს, რამდენად გაუმჯობესდა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის ფუნქციონირება თავდაპირველ აუდიტში შესწავლილ საკითხებთან მიმართებით.

შემდგომი რეაგირების აუდიტის შედეგად, წინა წლებთან შედარებით შეინიშნება გაუმჯობესება შემდეგი მიმართულებებით: 
•    გაიზარდა სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, იმ ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, სადაც სოფლის ექიმის ნაცვლად ექთანი აწვდის მომსახურებას, მკვეთრად შემცირებულია, ასევე შემცირებულია იმ ტერიტორიული ერთეულების რაოდენობა, სადაც ექიმზე მიბმული მოსახლეობის რაოდენობა აჭარბებს საერთაშორისო კრიტერიუმით დადგენილ ზედა ზღვარს;
•    საოჯახო მედიცინის სერტიფიკატის მქონე ექიმების წილი გაიზარდა 60%- დან 81%-მდე; 
•    გაუმჯობესდა სოფლის ექიმების სამუშაო დროის მონიტორინგი. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოსაზრებით, კვლავ რჩება გაუმჯობესების პოტენციალი შემდეგი მიმართულებებით: 

მომსახურების ხელმისაწვდომობა 

პირველადი ჯანდაცვა სოფლად თანაბრად უნდა იყოს ხელმისაწვდომი სოფლის მოსახლეობისთვის. ამ მიზნით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სამედიცინო პერსონალის საკმარისი რაოდენობის არსებობასა და მათ განაწილებას ქვეყნის დემოგრაფიული და გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. 

თავდაპირველი აუდიტის მსგავსად, სოფლის ექიმების განაწილების დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები არ არის შემუშავებული, რაც აფერხებს სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობის შეფასებას, საკადრო რესურსების რეალური საჭიროებებისა და ვაკანტური პოზიციების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას. 

აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა არათანაბარ პირობებშია პირველად ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის მხრივ: 

783 ტერიტორიული ერთეულიდან 45 მათგანში (6%-ში) არ არის დაცული საერთაშორისო კრიტერიუმით − ერთ ექიმზე მიმაგრებული მოსახლეობის რაოდენობის რეკომენდებული ზედა ზღვარი და ერთ ექიმზე − 2000-ზე მეტი მოსახლე მოდის. მაგალითად, არის ტერიტორიული ერთეულები, სადაც ერთი ექიმი, შესაბამისად, 4,445 და 5,980 პაციენტს ემსახურება. 

სოფლის ექიმების განაწილებისას არ არის გათვალისწინებული ტერიტორიული ერთეულისათვის დამახასიათებელი სპეციფიკური გარემოებები. მაგალითად, ტერიტორიულ ერთეულში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 2000-ზე ნაკლებია და 2 სოფელს შორის მანძილი მცირეა, არის 2 საექიმო პუნქტი, როდესაც მსგავსი მოსახლეობის რაოდენობის მქონე მაღალმთიან ტერიტორიულ ერთეულში ერთი საექიმო პუნქტია, ბევრი დასახლებული პუნქტისა და სოფლებს შორის დიდი დაშორების მიუხედავად.

ექიმების პროდუქტიულობა 

ექიმებისა და ექთნების პროდუქტიულ მუშაობაზეა დამოკიდებული სოფლის მოსახლეობისთვის პირველადი ჯანდაცვის მომსახურების დროული და ხარისხიანი მიწოდება. პროდუქტიულობის ერთ-ერთი საზომია ექიმების დატვირთვა, ასევე სოფლის ექიმს მართებს მნიშვნელოვანი სამუშაოს გაწევა დაავადებების გამოვლენისა და პრევენციის მიმართულებით. 

გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც ერთ ტერიტორიულ ერთეულში დასაქმებული ექიმების დატვირთვა განსხვავებულია. კერძოდ, შერჩეული ტერიტორიული ერთეულების 28%-ში ერთი ექიმი მეორეზე სულ მცირე 70%-ით მეტ პაციენტს იღებს, რაც შესაძლოა მიანიშნებდეს ექიმების განსხვავებულ პროდუქტიულობაზე. 

გამოკითხული სოფლის ექიმების უდიდესი ნაწილი სამიზნე მოსახლეობის მხოლოდ 0%-დან 19%-მდე გადამისამართებას ახორციელებს სკრინინგის პროგრამებში. სოფლის ექიმებს სამიზნე მოსახლეობის შედარებით მაღალი მოცვა აქვთ პროგრამით გათვალისწინებული სხვა მომსახურებების ფარგლებში, 3 თუმცა გამოწვევად რჩება ექიმების მხრიდან სამიზნე მოსახლეობის სრული მოცვა. 


სოფლის ექიმების პროდუქტიულობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანი ფაქტორებია: სოფლის ექიმის ანაზღაურების სისტემა და მათი კვალიფიკაცია. 

სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება ფიქსირებულია და არ უწყობს ხელს ექიმის მოტივაციის ამაღლებას. ანაზღაურებისას არ ხდება წინასწარ გაწერილი სხვადასხვა ინდიკატორისა და მაჩვენებლების ანალიზი. 

მიუხედავად იმისა, რომ ექიმების მხოლოდ მცირე ნაწილი (19%) არ არის სერტიფიცირებული საოჯახო მედიცინაში, ანალიზით იკვეთება განსხვავებები რეგიონულ დონეზე. კერძოდ, საქართველოს ორ რეგიონში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში დასაქმებული სოფლის ექიმების 43% და 67% არ ფლობს ოჯახის ექიმის კვალიფიკაციას, რასაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მათ პროდუქტიულობაზე. 

სამინისტროს მიერ არ არის განსაზღვრული სოფლის ექიმისთვის გადამზადების აუცილებელი მინიმალური პაკეტი, არ არსებობს ნათლად განსაზღვრული მოთხოვნები სოფლის ექიმის კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით.

პროგრამის და სოფლის ექიმების საქმიანობის მონიტორინგი 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ არ არსებობს სოფლის ექიმების საქმიანობისა და პროგრამის შედეგების შეფასების წინაპირობები: 
•    არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები, რასთან მიმართებითაც შეფასდება არსებული მდგომარეობა; 
•    ჰოლდინგი არ ფლობს საკმარის და განახლებად ინფორმაციას მონიტორინგის მაღალი ხარისხით ჩასატარებლად, მაგალითად, ექიმებთან რეგისტრირებული პაციენტების, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებების სამიზნე მოსახლეობის შესახებ; 
•    სოფლის ექიმების მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებებში ასახული ინფორმაცია არ არის ზუსტი და შეიცავს მექანიკურ შეცდომებს.

ზემოაღნიშნული მიზეზები ხელს არ უწყობს ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის ფორმირებას, რომლის საშუალებითაც ჰოლდინგი სრულყოფილად შეაფასებს სოფლის ექიმების მიერ გაწეულ მომსახურებასა და პროგრამის შედეგებს. მაგალითად, ტერიტორიული ერთეულების დონეზე შეადარებს: ექიმების დატვირთვასა და „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებით სამიზნე მოსახლეობის მოცვის მაჩვენებლებს.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია სოფლის ექიმის მომსახურების ხელმისაწვდომობის, ექიმების პროდუქტიულობისა და პროგრამის მონიტორინგის ღონისძიებების გაუმჯობესებისკენ.
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია:

•    სოფლად პირველადი ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სამედიცინო პერსონალის ოპტიმალურად განაწილების მიზნით: 
o    დაადგინოს დემოგრაფიული და გეოგრაფიული კრიტერიუმები ტერიტორიული ერთეულებისთვის (მათ შორის, მაღალმთიანი და მეჩხერად დასახლებული ტერიტორიული ერთეულებისთვის); 
o    აღნიშნულის გათვალისწინებით შეაფასოს ადამიანური რესურსები და განსაზღვროს სოფლის ექიმების საკმარისი რაოდენობა თითოეული ტერიტორიული ერთეულისათვის; 
o    სხვა დაინტერესებულ უწყებებთან კოორდინაციით შეიმუშაოს სოფლად საკმარისი რაოდენობის და შესაბამისი კვალიფიკაციის სოფლის ექიმების მოძიების საშუალოვადიანი/გრძელვადიანი ხედვა და შესაბამისი სამოქმედო გეგმა;
•    სოფლის ექიმების მოტივაციის ამაღლებისა და დაკისრებული ფუნქციების ჯეროვნად შესრულების სტიმულირების მიზნით, პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სრულად ამოქმედებამდე, შეიმუშაოს სოფლის ექიმების ანაზღაურების სისტემა, რომელიც დაფუძნებული იქნება წინასწარ განსაზღვრულ რაოდენობრივ და ხარისხობრივ ინდიკატორებზე (მაგალითად, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებებით სამიზნე მოსახლეობის მოცვა და სხვ.); 
•    სოფლების სათანადო კვალიფიკაციის ექიმებით დაკომპლექტების მიზნით, შესაბამისი კვლევის/ანალიზის საფუძველზე (მაგალითად, სოფლის ექიმების საქმიანობის მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი საჭიროებების გათვალისწინებით) ნათლად განისაზღვროს სოფლის ექიმების პროფესიული განვითარების მინიმალური მოთხოვნები; 
•     სოფლად პირველადი ჯანდაცვის რგოლის „მეკარიბჭის“ ფუნქციის გაძლიერების, შედეგზე ორიენტირებული ანგარიშვალდებულებისა და სოფლის ექიმების ეფექტიანი მონიტორინგის სისტემის შექმნის მიზნით: 
o    განსაზღვროს „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის და სოფლის ექიმების საქმიანობის მონიტორინგის რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები და გაწეროს ჰოლდინგის მიერ განსახორციელებელი მონიტორინგის პროცესი (პერიოდულობა, მონიტორინგის შედეგებზე ანგარიშგების ფორმები და სხვ.); 
o    შეიმუშაოს/დანერგოს სოფლის ექიმების ანგარიშგების ისეთი ფორმა/სისტემა, რომელიც ჰოლდინგს მიაწვდის ეფექტიანი მონიტორინგისთვის საჭირო/საკმარის ინფორმაციას (მაგალითად, სოფლის ექიმებთან რეგისტრირებული მოსახლეობის, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების სამიზნე მოსახლეობის, პაციენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ და სხვ.).

რეკომენდაცია:

ა(ა)იპ − საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს

•    სოფლის ექიმების საქმიანობის ეფექტიანი მონიტორინგის მიზნით განახორციელოს პროგრამის შედეგებისა და სოფლის ექიმების საქმიანობის შეფასება წინასწარ შერჩეული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორების გამოყენებით.