მოსახლეობის ხარისხიანი, ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მიზანია. ამ მიმართულებით გარკვეულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ციფრული ჯანდაცვა ერთ-ერთი საშუალებაა, მათ შორის, სამედიცინო მომსახურების დაფარვის არეალის გასაფართოებლად. ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა. საქართველოში ეტაპობრივად ინერგება ციფრული ჯანდაცვის სერვისები, რაც მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გამოწვევებთან გასამკლავებლად.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ციფრული ჯანმრთელობის ელემენტების დანერგვისა და ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად არსებული მექანიზმებისა და გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობა.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
რეკომენდაცია N1:
ციფრული ჯანდაცვის ელემენტების – ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების და ელექტრონული რეცეპტების სისტემების, ასევე ტელემედიცინის სერვისის ეფექტიანად დანერგვისა და ფუნქციონირების მიზნით, შემუშავდეს მათი განვითარების სამოქმედო გეგმა და მისი შესრულების თანმიმდევრული ადმინისტრირების მექანიზმები, სადაც ასევე გათვალისწინებული იქნება:
• სამინისტროს სისტემაში არსებული ელექტრონული სისტემებიდან მონაცემების დროული ასახვა;
• სამედიცინო დაწესებულებების ადგილობრივი სამედიცინო ჩანაწერების სისტემების თავსებადობის შემოწმება.
სამინისტროს და სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
რეკომენდაცია N2:
ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში ჩართული მომხმარებლებისათვის მუდმივად განახლებად და სრულ მონაცემებზე წვდომის მიზნით შემუშავდეს ეფექტიანი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც გაზრდის ექიმებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობას, რითაც გააუმჯობესებს პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ არსებული ინფორმაციის დროულად და სრულად ასახვის მაჩვენებელს.
სსიპ − სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს
რეკომენდაცია N3:
ელექტრონული რეცეპტის სისტემის ეფექტიანად ამოქმედების მიზნით, შემუშავდეს ისეთი ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც შეამცირებს რეცეპტს დაქვემდებარებული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის შესაძლებლობას.
ა(ა)იპ – საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგს
რეკომენდაცია N4:
ტელემედიცინის სერვისების დანერგვისა და მისი ეფექტიანად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, შემუშავდეს იმგვარი ადმინისტრირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტელემედიცინის აპარატურის პროდუქტიულ გამოყენებას, რაც გულისხმობს:
• აპარატების სოფლების მიხედვით განაწილებისას გეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორების გათვალისწინებას;
• აპარატურის გამართული და უწყვეტი ფუნქციონირებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას;
• სოფლის ექიმებისათვის ტელემედიცინის სერვისის გამოყენების მიზნით მოტივაციის ზრდას;
• სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ტელემედიცინის სერვისების შესახებ ინფორმირების ამაღლებას.
