ერთობლივი აუდიტის ანგარიში არის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის აუდიტების კომპლექსური შეჯამება, რომელიც განახორციელა ევროპის აუდიტორთა სასამართლომ და 15 ქვეყნის − ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, საქართველოს, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მოლდოვას, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვაკეთის, ესპანეთის, შვეიცარიის, ჩრდილოეთ მაკედონიის და ნიდერლანდების − უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ.
აღნიშნული ქვეყნების მთავრობების საქმიანობის შესახებ შესადარი ინფორმაციის შესაგროვებლად და შესაფასებლად, 15-მა უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ შეიმუშავა აუდიტის საერთო ფორმატი, ძირითადი კითხვა და დამხმარე კითხვები.
შესწავლის ძირითადი კითხვა ჩამოყალიბებულია ამგვარად: „რა არის ცნობილი იმ ზომების ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის შესახებ, რომელთაც ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე ხელისუფლება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად ახორციელებს და შეესაბამება თუ არა ზემოაღნიშნული ზომები ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობას? “
მიგნებები რვა ქვეყნის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ ვერ შეძლო თავისი ქვეყნის მთავრობის მიერ განხორციელებული ზომების ეფექტიანობის და პროდუქტიულობის შეფასება. ამის მიზეზი ზოგიერთ შემთხვევაში იყო ის, რომ ქვეყანას დამტკიცებული არ ჰქონდა სათანადო პოლიტიკა, არ იყო განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები ან მონიტორინგის ინფორმაცია არ იყო ადეკვატური. დანარჩენმა შვიდი ქვეყნის უმაღლესმა აუდიტორულმა ორგანომ გამოავლინა, რომ მათი ქვეყნების მთავრობების მიერ განხორციელებული ქმედებები მხოლოდ ნაწილობრივ იყო ეფექტიანი. ამ ქვეყნების მთავრობებმა საკმარისად პრიორიტეტულად არ მიიჩნიეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემა და ამან შესაბამისი გავლენა მოახდინა ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ქვეყნებს შორის გამოვლენილი განსხვავებების მიუხედავად, აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ შესაბამისი ქვეყნების მთავრობებმა (ესტონეთის გარდა) საკმარისი ზომები არ განახორციელეს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად.