სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 19 მაისი, 2023
დაავადებების პრევენციის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020, 2019, 2018

ქვეყნების უმრავლესობაში, მათ შორის, საქართველოშიც, კიბოს დროული გამოვლენისა და მკურნალობის ადრეულ სტადიაში დაწყების მიზნით, დანერგილია კიბოს ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამები.

საქართველოში კიბოს სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში − 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუსა და კოლორექტული კიბოს სკრინინგს. 

დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი (60%-70%).

საქართველოში, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად პროდუქტიული და საკმარისია კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები.

საქართველოში სკრინინგპროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის რეკომენდებულ მაჩვენებელთან მნიშვნელოვნად ჩამორჩენის მიზეზები იდენტიფიცირებული აქვთ სამინისტროსა და კიბოს სკრინინგის პროგრამის განმახორციელებლებს. მათ მიერ არსებულ გამოწვევებზე საპასუხო ღონისძიებები ხორციელდება, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები არ არის სისტემური, რეგულარული, კომპლექსური და სათანადოდ კოორდინირებული.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სამიზნე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული ღონისძიებები 

პროგრამის 15-წლიანი ოპერირების მიუხედავად, მოსახლეობის არასაკმარისი ცნობიერება კვლავ რჩება მოცვის დაბალი მაჩვენებლის ძირეულ მიზეზად.

აღნიშნულზე საპასუხოდ არ არის შემუშავებული ერთიანი საშუალოვადიანი/ გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გააერთიანებს ცნობიერების ამაღლებისა და ქცევის შეცვლის მიზნით განსახორციელებელ აქტივობებს, საჭირო რესურსებსა და დაინტერესებული მხარეების როლს.

საქართველოში არ ხორციელდება მიზანმიმართული რეგულარული კამპანია, რომელიც დაფარავს ქვეყნის ყველა რეგიონს. NCDC-ის მიერ 2019 წელს განხორციელებული ცნობიერების ამაღლების კამპანია მოიცავდა ორ რეგიონს და მომდევნო წლებში აღარ გაგრძელებულა.

კამპანია არ ეფუძნებოდა სამიზნე მოსახლეობის კვლევას, რომელიც შეაფასებდა მათ ცოდნასა და დამოკიდებულებას კიბოს სკრინინგის შესახებ, და გამოავლენდა სკრინინგპროგრამებში მათი დაბალი ჩართულობის მიზეზებს. შედეგად, კამპანიის ძირითადი გზავნილები იყო ზოგადი ხასიათის და ნაკლებად უწყობდა ხელს საზოგადოებაში კიბოს სკრინინგთან დაკავშირებით არსებული მცდარი წარმოდგენების დაძლევას.

ღონისძიებების განხორციელების შემდგომ არ შეფასებულა მათი გავლენა და ეფექტიანობა.

აღნიშნულ კამპანიას მოცვის მაჩვენებლების არსებითი ზრდა არ მოჰყოლია. ასევე აღსანიშნავია, რომ არ არის გამართული კიბოს სკრინინგზე სამიზნე მოსახლეობის მოწვევების სისტემა, რომელიც მოსახლეობის ქცევის შეცვლისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კერძოდ, NCDC-ის და სკრინინგცენტრის მიერ სამიზნე მოსახლეობის მოწვევის მიზნით გაგზავნილი შეტყობინებები არ არის პერსონალიზებული, იგზავნება არასისტემატურად და შაბლონური ტექსტის სახით, რაც სკრინინგის მოცვის მაჩვენებლის გაზრდაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ ახდენს.

განმახორციელებლება და სერვისის მიმწოდებლებისთვის არ არის ხელმისაწვდომი მოწვევებისთვის საჭირო პერსონალური ინფორმაციის შემცველი ბაზები, თუმცა NCDC-ის მიერ აუდიტის პერიოდში არ ყოფილა გამოყენებული ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში არსებული საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ან მის მიერ ადმინისტრირებადი სხვა ინფორმაცია, სკრინინგის სამიზნე მოსახლეობის ბაზების შედგენის მიზნით.

დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია

გამოვლინდა, რომ კიბოს სკრინინგის პროგრამა იზოლირებულია სხვა სახელმწიფო პროგრამებისგან და არ არის განსაზღვრული სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ფუნქციები და მოვალეობები, სკრინინგის პროგრამაში მოსახლეობის ჩართვის მიმართულებით. შედეგად, პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად ოპტიმალურად არ გამოიყენება დაინტერესებული მხარეებისა და სხვა პროგრამების რესურსები.

პირველადი ჯანდაცვის სექტორი არ ახორციელებს პროაქტიურ ღონისძიებებს სამიზნე მოსახლეობის კიბოს სკრინინგის პროგრამებში ჩასართავად. კერძოდ, პირველადი ჯანდაცვის ექიმების ღონისძიებები უმეტესად ვიზიტზე მისული პაციენტების ინფორმირებით შემოიფარგლება, მაშინ როდესაც კარგი პრაქტიკა ითვალისწინებს პაციენტის რეფერირებას სკრინინგის განმახორციელებელ დაწესებულებაში, პაციენტის სკრინინგპროცედურაზე მოწვევის პროცესში ჩართულობას და სხვ. საქართველოში სოფლის/ოჯახის ექიმების, დაახლოებით, მესამედი ახორციელებს პაციენტების რეფერალს სკრინინგპროგრამებში.

ოჯახის/სოფლის ექიმების ნაკლებ ჩართულობას ადასტურებს აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული სამიზნე მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, კიბოს სკრინინგის პროგრამების შესახებ გამოკითხულთა 6%-ს სმენია ოჯახის ექიმებისგან.

აუდიტის ობიექტების მხრიდან არ ყოფილა სკრინინგის პროგრამებში პირველადი ჯანდაცვის ექიმების როლის გააქტიურებისკენ მიმართული სისტემური ღონისძიებები. მათთვის არ არის გაწერილი სკრინინგპროგრამებთან დაკავშირებული შესაბამისი ფუნქციები და არ ხორციელდება ამ მიმართულებით მათი საქმიანობის მონიტორინგი. პირველადი ჯანდაცვის ექიმების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ ნახევარზე მეტს არ გაუვლია კიბოს სკრინინგის პროგრამებთან დაკავშირებული ტრენინგები და არ მიუღიათ მითითებები პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარებთან კომუნიკაციისთვის საჭირო გზავნილების შესახებ.

მუნიციპალიტეტების მიერ კიბოს სკრინინგის პროგრამების მხარდაჭერა სუსტია, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების6 რესურსი სრულად ათვისებული არ არის კიბოს სკრინინგის პროგრამების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და მოსახლეობის ქცევის შეცვლის მიმართულებით.

აუდიტის ჯგუფის მიერ ორგანიზებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ 13 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ხუთმა განახორციელა ღონისძიებები სამიზნე მოსახლეობის სკრინინგის პროგრამებში ჩასართავად, ხოლო 11 საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან ხუთს 2018-2021 წლებში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის მხარდამჭერი არცერთი ღონისძიება არ განუხორციელებია.

მუნიციპალიტეტებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებისათვის არ არის გაწერილი კონკრეტული ვალდებულებები, მათი ფუნქციები და როლი კიბოს სკრინინგის ხელშეწყობის მიმართულებით. აღნიშნულის გამო მათი ჩართულობის მასშტაბი და ხარისხი კონკრეტული მუნიციპალიტეტის ინიციატივაზეა დამოკიდებული და ვერ უზრუნველყოფს კოორდინირებულ მუშაობას კიბოს სკრინინგის პროგრამის ფარგლებში უკეთესი შედეგების მისაღწევად.

სკრინინგის მომსახურებაზე ტერიტორიული ხელმისაწვდომის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოში, სხვა ქვეყნების მსგავსად გამოიყენება მამომობილები, თუმცა, მამომობილების რესურსი სრულად არ არის ათვისებული პროგრამის ტერიტორიული ხელმისაწვდომობის ბარიერის შესამსუბუქებლად. კერძოდ, დაინტერესებულ მხარეებს შორის სათანადო კოორდინაციის შედეგად მოსახლეობის მობილიზების ღონისძიებების გააქტიურებით, მამომობილებს აქვთ შესაძლებლობა ერთი ვიზიტის ფარგლებში მოემსახურონ მეტ ბენეფიციარს, ასევე ვიზიტები განახორციელონ უფრო მეტ მუნიციპალიტეტში.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეიმუშავა რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების გაუმჯობესებისკენ.

სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC) ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  სამინისტროსთან ერთად:

  • სკრინინგპროგრამებში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდის მიზნით, განახორციელოს სისტემური და რეგულარული ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებები. იმისათვის, რომ ღონისძიებები იყოს ქმედითი, მნიშვნელოვანია:
    • შემუშავდეს საშუალოვადიანი/გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც გააერთიანებს განსახორციელებელ აქტივობებს, საჭირო რესურსებსა და დაინტერესებული მხარეების როლს;
    • ცნობიერების ამაღლების მიზნით გამართული კამპანიები და მის ფარგლებში გამოყენებული გზავნილები დაიგეგმოს მოსახლეობის დაბალი ჩართულობის რეალური მიზეზების შესაბამისად;
    • უზრუნველყოფილ იქნეს დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაცია და მათი ჩართვა ცნობიერების ამაღლების ღონისძიებებში;
    • გაანალიზდეს და შეფასდეს ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიებების შედეგები, სამომავლოდ უფრო ქმედითი ღონისძიებების შერჩევის მიზნით;
    • სკრინინგპროგრამების სამიზნე მოსახლეობის ქცევის შეცვლის მიზნით, რეგულარულად დააგზავნოს პერსონალიზებული მოწვევები საქართველოს მასშტაბით, რისთვისაც აუცილებელია სამიზნე მოსახლეობის შესახებ პერსონალური ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება.

სამინისტრომ NCDC-სთან ერთად:

  • კიბოს სკრინინგპროგრამის სხვა პროგრამებთან ინტეგრაციისა და დაინტერესებული მხარეების რესურსების პროდუქტიულად გამოყენების მიზნით, ხელი შეუწყოს კოორდინაციის პროცესის გაუმჯობესებას, რისთვისაც მნიშვნელოვანია:
    • შეიმუშაოს დაინტერესებული მხარეების (მათ შორის, პირველადი ჯანდაცვის რგოლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების) პოტენციური როლებისა და ფუნქციების ამსახველი სქემა/გზამკვლევი, რომელიც სახელმძღვანელო იქნება მათთან სამომავლო კოორდინაციისათვის;
    • გაწეროს მათთან კოორდინაციის ფორმა, პერიოდულობა, მიზანი და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირები;
    • შეიმუშაოს დაინტერესებული მხარეების მიერ განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაციის შეგროვების, ანალიზისა და შესაბამისი უკუკავშირის/რეაგირების მექანიზმი.