სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 08 ნოემბერი, 2019
აჭარის ა/რ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ა/რ ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის შესაბამისობის აუდიტი. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა-ნაკლოვანებები: 

  • სამინისტროსა და მერიაში, ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთანავე, 2008-2012 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის პირობებში, მყიდველების მიერ, სამინისტროს თანხმობით ქონება დაიტვირთა იპოთეკით და დაყადაღდა, რამაც სახელშეკრულებო ვალდებულებების არასათანადო მონიტორინგის პირობებში ავტონომიური რესპუბლიკის ქონებაზე საკუთრების უფლების დაკარგვა განაპირობა.
  • სამინისტროსა და მერიაში არ არის უზრუნველყოფილი ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულების ზუსტი განსაზღვრა, რაც ქონების არასრულყოფილ შეფასებებსა და საბაზრო ღირებულების გაუთვალისწინებლობაში გამოიხატება. გარდა ამისა, ექსპერტის მიერ დადგენილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების საწყისი საპრივატიზებო ღირებულების უსაფუძვლოდ შემცირებისა და აუქციონზე კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზება, რიგ შემთხვევბში შესაძლოა საბაზრო ფასზე ნაკლები თანხით განხორციელდა. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო ღირებულების შემცირების საკითხთან მიმართებით, ადგილი აქვს არაერთგვაროვან მიდგომას.
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონებების პრივატიზებისას, აუქციონები გამოცხადდა კონკრეტული დაინტერესებული მხარის მიერ შემოთავაზებული წინადადების ანალოგიური პირობებით, რის გამოც შეიზღუდა კონკურენცია. მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საჯარო ინტერესებს და შესაძლოა უარყოფით გავლენას ახდენდეს ბიუჯეტის შემოსავლებზე.
  • სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულების პირობების შესრულების სათანადო მინიტორინგს, რაც სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაზე არადროული და არასათანადო კონტროლის დაწესებისა და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის შესახებ აუდიტორულ დასკვნებში ფიქტიური მონაცემების დაფიქსირებაში გამოიხატება. შედეგად, ვერ ხერხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტების სრული და დროული გამოვლენა და სამართლებრივი რეაგირება. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში დანერგილი კონტროლის მექანიზმი, დამოუკიდებელი აუდიტორების ჩართულობას ითვალისწინებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იმ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგშიც, რომელიც სპეციალურ ცოდნას არ მოითხოვს და შესაძლებელია სამინისტროს წარმომადგენლების მიერ განხორციელდეს.
  • სამინისტროსა და ქალაქ ბათუმის მერიაში ბუღალტრულად არ არის აღრიცხული უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო.  2018 წელს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების განკარგვის მიზნით გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში, დარიცხული საჯარიმო სანქციის აღდგენის ნაცვლად, განხორციელდა პირგასამტეხლოს ჩამოწერა. ამასთანავე, ფიქსირდება აუცილებლობის დასაბუთების გარეშე პირგასამტეხლოსაგან გათავისუფლების ფაქტები.
  • სამინისტროს არ გააჩნია ინფორმაცია ნასყიდობის ხელშეკრულებების პირობების შესაბამისად ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების პირდაპირი ფორმით განკარგვისას, საინვესტიციო ვალდებულების გარეშე, შემცირებულია მიწის სარგებლობის წლიური საბაზრო ღირებულება. რიგ შემთხვევებში არასრულყოფილად ხორციელდება ინვესტორი კომპანიების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა, ვალდებულებათა განსაზღვრის რიგი შემთხვევები არ პასუხობს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტიანი საბაზრო ეკონომიკის განვითარების პრინციპებს. ამასთანავე, არის შემთხვევები, როცა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროექტები არ არის შეთანხმებული ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულთან. შედეგად, დიდია ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევები, რაც უარყოფითად აისახება რეგიონის ეკონომიკური განვითარების მდგომარეობაზე.
  • 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარებით, მერიის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარით გაცემის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების გათვალისწინებით დაფიქსირდა საიჯარო გადასახადისა და პირგასამტეხლოს გადაუხდელი თანხები, რომლებიც ბუღალტრულად არ არის აღრიცხული. აღნიშნული კონტროლის არსებით სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების არამართლზომიერი გამოყენების ან/და საიჯარო გადასახადის გადაუხდელობის შესაძლებლობას. ამასთანავე, ფიქსირდება საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შექმნილი აქტივების შეუფასებლობის ფაქტები, რაც ამცირებს ავტონომიური რესპუბლიკის ქონებით სარგებლობის საფასურს და უარყოფითად აისახება საბიუჯეტო შემოსავლებზე.

რეკომენდაცია N1: სამინისტრომ და მერიამ, შეიმუშაონ და პრაქტიკაში დანერგონ შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სათანადო მონიტორინგის საფუძველზე დროულად გამოავლენს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტებს და მოახდენს შესაბამის რეაგირებას. ამასთანავე, მერიამ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომლებსაც ევალებოდათ, ხიმშიაშვილის ქუჩა N13-ის მოპირდაპირედ, 271 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული 444 კვ.მ ნაგებობის − საზღვაო პირსის უნებართვოდ გამოყენების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება.

რეკომენდაცია N2: სამინისტრომ გამოიყენოს ყველა რესურსი და შესაძლებლობა უფლებრივად უნაკლო ქონების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში დაბრუნებისათვის. ამასთანავე, დაწესდეს სათანადო კონტროლი ნასყიდობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონების ეფექტიან გამოყენებას.

რეკომენდაცია N3: სამინისტრომ და მერიამ შეიმუშაონ და პრაქტიკაში დანერგონ შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე დაყრდნობით, პრივატიზების/სარგებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის, შეფასების საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, განსაზღვრავს ქონების საწყის საპრივატიზებო/სარგებლობის ღირებულებას. ამასთანავე, საწყისი საპრივატიზებო საფასურის შემცირება შესაძლოა განხორციელდეს მხოლოდ კერძო და საჯარო ინტერესების დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით, სახელმწიფოს პრიორიტეტულ სფეროში განსახორციელებელი პროექტების მხარდაჭერის მიზნით.

რეკომენდაცია N4: სამინისტრომ და მერიამ მათ საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვა განახორციელონ წარმოდგენილი საინვესტიციო/საპრივატიზებო წინადადების განზოგადებისა და შემზღუდავი პირობების ობიექტური ანალიზის საფუძველზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონკურენტული გარემოს შექმნას და გაზრდის ბიუჯეტის შემოსავლებს. ამასთანავე, სამინისტრომ და მერიამ დეტალურად შეისწავლონ კონკურენციის შესაძლო შეზღუდვის შემთხვევები და შეუსაბამობების გამოვლენის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N5: სამინისტრომ და მერიამ შეიმუშაონ და პრაქტიკაში დანერგონ ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულების მდგომარეობის შესახებ დროული, ზუსტი ინფორმაციის მიღებით და შესაბამისი რეაგირებებით უზრუნველყოფს საინვესტიციო პროექტების დადგენილ ვადაში წარმატებით განხორციელებას. ამასთანავე, სამინისტრომ დეტალურად შეისწავლოს დამოუკიდებელი აუდიტორების დასკვნებში არსებული შეუსაბამობის შემთხვევები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6: სამინისტროსა და მერიაში განხორციელდეს უძრავი ქონების განკარგვასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ბუღალტრული აღრიცხვა. ამასთანავე, სამინისტრომ შეიმუშაოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით პრაქტიკაში დანერგოს საჯარიმო სანქციისგან გათავისუფლების მეთოდიკა, რომლის მოთხოვნები მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი გახდება და საჯარიმო სანქციებისგან გათავისუფლების აუცილებლობის სათანადო დასაბუთების პირობებში, უზრუნველყოფს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულ დაცვას.

რეკომენდაცია N7: მიზანშეწონილია   სამინისტრომ, მთავრობასთან შეთანხმებით, შეიმუშაოს პირდაპირი  მიყიდვის დროს ქონების მყიდველის შერჩევისა და განხორციელებული ინვესტიციების შეფასების კრიტერიუმები და მათი გამოყენებით, კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, შეირჩეს პროექტის განმახორციელებელი კომპანია და დაითვალოს განხორციელებული ინვესტიციები. ამასთანავე, ჯანსაღი კონკურენციის გაზრდის მიზნით, სასურველია ქონების განკარგვა მაქსიმალურად განხორციელდეს ელექტრონული აუქციონის ფორმით, რაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს პრიორიტეტული მიმართულებებით მსხვილი პროექტების ეფექტიან განხორციელებას და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებას.

რეკომენდაცია N8: სამინისტრომ, მთავრობასთან შეთანხმებით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უზრუნველყოს შპს „რივიერა ბიჩთან“ გაფორმებული ხელშეკრულების პირობების კორექტირება და საბაზრო ფასის ადეკვატურად განსაზღვროს ქონების სარგებლობის ღირებულება.

რეკომენდაცია N9: სამინისტრომ და მერიამ ბუღალტრულად აღრიცხონ საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელები და ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლო. ამასთანავე, მერიამ გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება დავალიანებების შესაძლო მოკლე ვადებში დაფარვის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია N10: სამინისტრომ შეისწავლოს საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდში შექმნილი აქტივები და სათანადო ანალიზის საფუძველზე, შეფასებული ღირებულებების გათვალისწინებით, განახორციელოს მოქმედი საიჯარო ხელშეკრულებების კორექტირება. ამასთანავე, საიჯარო ხელშეკრულებების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ, გონივრულ ვადაში განხორციელდეს იჯარით გაცემული ქონების მიღება-ჩაბარება და როგორც არსებული, ისე ახლად შექმნილი აქტივების ღირებულებების გათვალისწინებით, განისაზღვროს ქონების საწყისი საპრივატიზებო/სარგებლობის საფასური.