სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ა(ა)იპ − საქართველოს რაგბის კავშირის მიერ 2014-2018 წლებში განხორციელებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვითი ოპერაციების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შრომის ანაზღაურება
ადამიანური რესურსის მართვის და შრომის ანაზღაურების კუთხით გამოვლინდა შემდეგი სახის შეუსაბამობები და კონტროლის ნაკლოვანებები:
რიგ შემთხვევებში საბიუჯეტო დაფინანსებით გაფორმებულ შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული შესასრულებელი სამუშაო, რაც კავშირის სხვა ოფიციალური დოკუმენტებითაც არ არის დადგენილი. ცალკეულ შემთხვევაში ადმინისტრაციულ თანამდებობებზე დასაქმებულ პირებთან, რომელთა შრომის ანაზღაურების დაფინანსების წყაროა არასაბიუჯეტო სახსრები, არ არის გაფორმებული წერილობითი შრომითი ხელშეკრულებები. შესაბამისად, არ არის განსაზღვრული შრომითი ურთიერთობის ისეთი არსებითი პირობები, როგორიცაა: თანამდებობა (პოზიცია), შესასრულებელი სამუშაო, შრომის ანაზღაურების ოდენობა და სხვ.;
ადმინისტრაციული პერსონალის მიხედვით არ აღირიცხება სამუშაო დრო, რომელიც შრომის ანაზღაურების დარიცხვის საფუძველია. შედეგად, არის შემთხვევა, როდესაც საზღვარგარეთ (არასამსახურებრივი მიზნით) მყოფ პირზე ამავე პერიოდში დარიცხულია და გაცემულია შრომის ანაზღაურება, ხელფასის სახით;
სამუშაო დროის სრულ განაკვეთზე დასაქმებული 140 პირიდან − 79 ანაზღაურებად შრომით საქმიანობას ეწეოდა რამდენიმე ორგანიზაციაში ერთდროულად. ასევე არის შემთხვევები, როცა კავშირში სრულ განაკვეთზე სამუშაო რეჟიმით მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე დასაქმებული პირები ერთდროულად დასაქმებული არიან კავშირში სხვა ანაზღაურებად პოზიციაზე, რაც სუსტი შიდა კონტროლის სისტემის პირობებში ქმნის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს;
2015 წელს „მსოფლიო თასისათვის“ მზადების პერიოდში დამხმარე პერსონალზე ე.წ. დღიური ხარჯის სახით, ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 190, 390 ლარი.
მიწის ნაკვეთების რეალიზაცია
შესამოწმებელ პერიოდში კავშირის მიერ 4 მიწის ნაკვეთის (საერთო ფართობი − 23,591კვ.მ.) რეალიზაცია განხორციელებულია არაკონკურენტულ საფუძველზე, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის, შეფასების (საბაზრო ღირებულების დადგენის) გარეშე. აღნიშნულმა განაპირობა მოცემულ უძრავი ქონებაზე არასაბაზრო გარიგების ფასის ჩამოყალიბება, რის შედეგად დაიკარგა დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.
შესყიდვები
შესყიდვის პროცესს და ამ პროცესში არსებულ კონტროლის მექანიზმებს თან სდევს ნაკლოვანებები და შეუსაბამობები, კერძოდ:
შესამოწმებელ პერიოდში კვებითი მომსახურების და სხვადასხვა სახის ინვენტარის შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა ხდებოდა ბაზრის კვლევის და შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვა/ანალიზის გარეშე;
კვების მომსახურების შესყიდვა ხორციელდებოდა დაკავშირებული პირისგან. შედეგად, მიწოდებულ მომსახურებაზე ჩამოყალიბდა არასაბაზრო, მაღალი ფასი. მხოლოდ 2018 წელს აღნიშნული მომსახურების ერთეულზე ფასის ზრდის გამო, არაეკონომიურმა ხარჯმა შეადგინა 50,090 ლარი. გარიგების ფასის არასაბაზრო ბუნებას ადასტურებს ასევე მიმწოდებელი კომპანიების მიერ გაწეული მომსახურების თვითღირებულების სტრუქტურაში ე.წ. არაპირდაპირი, ზედნადები „შრომითი დანახარჯების“ არაადეკვატურად მაღალი ხვედრითი წილი;
შესამოწმებელ პერიოდში სამედიცინო მომსახურების შესყიდვა განხორციელებულია კავშირთან აფილირებული პირისგან, რამაც გაზარდა არარეალური მომსახურების ანაზღაურების რისკი. კერძოდ, კავშირის მიერ კლინიკისათვის ანაზღაურებულია მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ფარგლებში ფიზიკური პირის მიერ შესრულებული ოსტეოპათის მომსახურება, ღირებულებით − 102,569 ლარი, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში აღნიშნულ პირს, ცალკე გაფორმებული ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე, კავშირმა აუნაზღაურა იმავე სახის მომსახურების ღირებულება − 228, 044 ლარის ოდენობით.
დაუდასტურებელი ხარჯები
ნაკრებების მენეჯერებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებზე საქვეანგარიშოდ, წარმომადგენლობითი და ნორმის ზემოთ მივლინებების სახით გაცემულ 404,476 ლარზე, ანგარიშვალდებული პირების მიერ არ არის წარმოდგენილი ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები. აღნიშნულიდან მნიშვნელოვანი წილი (376,826 ლარი) მოდის 2014-2015 წლებზე, 2016 წლიდან დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯების მოცულობამ არსებითად იკლო (2016 წელი − 18,278 ლარი, 2017 წელი − 9,372 ლარი), ხოლო 2018 წელს ასეთი ფაქტები არ ფიქსირდება. აღნიშნული თანხები ნაცვლად ანგარიშვალდებული პირების მიხედვით დებიტორულ დავალიანებებად აღრიცხვისა, ჩამოწერილია ხარჯებში, როგორც დაქირავებულ პირებზე სარგებლად გაცემული.
მივლინებები
ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებზე კავშირის დელეგაციის წევრებისთვის სამივლინებო ხარჯები დაანგარიშებული და ანაზღაურებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით დადგენილი ზღვრული ნორმების ზევით. ქვეყნის შიგნით მივლინებების დროს არის შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ქალაქში გამართულ ღონისძიებებზე სადღეღამისო თანხები გაცემულია ხარჯის გაწევის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტების გარეშე, სასტუმროს ინვოისების შეუსაბამოდ. 2017-2016 წლებში ზედმეტად ანაზღაურებულმა სამივლინებო თანხებმა შეადგინა 56,603 ლარი.
სპორტულ კლუბებზე კომპენსაციის გაცემა
2018 წელს არსებული წესის შეუსაბამოდ, დიდი 10-ის რვა სარაგბო კლუბზე კომპენსაციის სახით ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 43,500 ლარი.
კონტროლის სისუსტეები
იდენტიფიცირებულია კონტროლის სისუსტეები უძრავი ქონების, დებიტორ-კრედიტორული დავალიანებების მართვასთან, შიდა კონტროლის და მონიტორინგის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. პერიოდულად არ ტარდება სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია.