სახელმწიფო აუდიტის სამსახური

დასვენება და კულტურა 29 დეკემბერი, 2023
სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021, 2020, 2019, 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 - 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბაზრის კვლევის და შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ნაკლოვანებები

სააგენტო არ აწარმოებს ბაზრის სათანადო კვლევას, რამაც განაპირობა შესყიდვის ობიექტების სავარაუდო ღირებულებების არასწორად განსაზღვრა. შედეგად, უკონკურენტო პირობებში გაიზარდა საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური ხარჯვის რისკი. საინჟინრო, არქიტექტურული და არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვებთან დაკავშირებით (როგორც ტენდერების და კონკურსების, ასევე შესყიდვის გამარტივებული საშუალების გამოყენების შემთხვევებში), ვერ იქნა წარმოდგენილი ბაზრის კვლევის დოკუმენტები. შესაბამისად უცნობია, რას ეფუძნებოდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებები. არქეოლოგიური მომსახურებების შესყიდვების სავარაუდო ღირებულებები განსაზღვრულია სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის მოხსენებითი ბარათების საფუძველზე, რომლებსაც არ ახლავს ბაზრის კვლევის შედეგები და ღირებულებების რესურსული გაანგარიშებები. ტენდერების უმრავლესობაში მონაწილეობა მიღებული აქვს ერთ პრეტენდენტს და გამარჯვებული გამოვლენილია სავარაუდო ღირებულების ტოლი სატენდერო წინადადების ღირებულებებით, კონკრეტულად:

  • შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმდა ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებები და შესაბამისად, საკონტრაქტო ფასები გაზრდილია 422.4 ათასი ლარით; ასევე ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვა სააგენტოს მიერ წარმართულია არათანმიმდევრულად, რითაც წარმოიშვა ერთი და იმავე სახის მომსახურებების ორმაგად ანაზღაურების რისკი;
  • უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არსებობდა 72.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრის ნაკლოვანებები

სააგენტოს მხრიდან, პრეტენდენტების მიმართ საკვალიფიკაციო მოთხოვნების ჩამოყალიბებისას, ადგილი ჰქონდა არათანაბარ მიდგომას. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში სატენდერო პირობებით განსაზღვრული იყო ისეთი სახის მოთხოვნები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის თავისებურების და მოცულობის გათვალისწინებით, არ იყო კვალიფიკაციის დადასტურების პროპორციული. კერძოდ, ინტელექტუალური მომსახურების შესყიდვის დროს, პერსონალის გამოცდილებასთან ერთად, მოთხოვნილი იყო კომპანიის გამოცდილებაც მაშინ, როდესაც პრიორიტეტი უნდა მინიჭებოდა მხოლოდ პერსონალის გამოცდილებას. ასევე, პერსონალის მიერ წარსადგენ CV-ებზე, დამატებით, მოთხოვნილი იყო არარელევანტური პირების ხელმოწერები. აღნიშნულმა შეზღუდა ერთი მხრივ, ტენდერებში პოტენციურ მიმწოდებელთა მონაწილეობა, ხოლო მეორე მხრივ, დაბალი ფასის სატენდერო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამარჯვება და შედეგად, 193.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ნაკლოვანებები

შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ჯამურად 527.0 ათასი ლარი, მათ შორის:

ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე - 277.8 ათასი ლარი;

ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე - 228.4 ათასი ლარი;

გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე - 20.8 ათასი ლარი;

გარდა ამისა, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე დამატებით გამოვლენილ იქნა ზედმეტად გადახდილი 5.1 ათასი ლარი, რომელიც აუდიტის მიმდინარეობისას დაბრუნებულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში.

ზემოაღნიშნული ნაკლოვანებები სრული სახით გამოვლინდა ნოქალაქევის კომპლექსის საპროექტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში. აღნიშნული გარემოება მიუთითებს შესყიდვების პროცესში მონაწილე პირთა შორის შეთანხმებული ქმედების რისკზე.
 

სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს 

რეკომენდაცია №1: 

საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და საჯარო სახსრების არარაციონალური ხარჯვის თავიდან აცილების მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს:

  •  ბაზრის სრულყოფილ კვლევას და მისი შედეგების დადოკუმენტირებას. ბაზრის კვლევის შედეგებში უნდა აისახოს ინფორმაცია ბაზარზე არსებული მდგომარეობის და პოტენციური მიმწოდებლების შესახებ, ასევე უნდა დასაბუთდეს შესყიდვის სავარაუდო ღირებულების საბაზრო პირობებთან შესაბამისობა;
  • სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების შესყიდვის დროს ხარჯთაღრიცხვის პოზიციების ღირებულებების საბაზრო პირობებთან შესაბამისობას;
  • სატენდერო კომისიის მიერ, შესყიდვის პროცედურების შემდგომ გაგრძელებასთან/შეწყვეტასთან დაკავშირებით, დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას შესაბამისი გარემოებების (ბაზარზე შეცვლილი გარემოება, საკვალიფიკაციო მოთხოვნების და სატენდერო პირობების გადახედვა და ა. შ.) გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც შესყიდვის ელექტრონული ტენდერით განხორციელების დროს ადგილი აქვს წინადადების ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის ფაქტს და ეს ფასი მნიშვნელოვნად დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით.

რეკომენდაცია №2: 

შესყიდვის პროცედურებში სამართლიანი და პროპორციული მიდგომების ჩამოყალიბების მიზნით, შეიქმნას კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც ბაზრის კვლევის პროცედურებიდან მიღებული და ხელმისაწვდომი ინფორმაციების საფუძველზე, უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო მოთხოვნების იმგვარად ჩამოყალიბებას, რომ აღნიშნული ერთი მხრივ ემსახურებოდეს პრეტენდენტთა კვალიფიკაციის დადასტურებას და მეორე მხრივ, ხელს უწყობდეს სატენდერო პროცედურებში კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას.

რეკომენდაცია №3:

საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი ან/და მონიტორინგის სისტემა, რომელიც სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის პირობებში, უზრუნველყოფს შესრულებული სამუშაოების ფაქტობრივი ხარჯების დადასტურებას და ანგარიშსწორების მის საფუძველზე განხორციელებას.