სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ა(ა)იპ − საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის 2018-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შესყიდვები
ფედერაციის მიერ სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხდებოდა ბაზრის კვლევის და, შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/შეფასების გარეშე, კერძოდ:
- სპორტსმენთა შეკრებებზე სასტუმრო მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით არ არის გათვალისწინებული მოწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმები, არ არის შეთანხმებული და განსაზღვრული სპორტსმენთა კვებისათვის საჭირო მენიუ და მისი ღირებულება. დაუსაბუთებელია სასტუმრო მომსახურების ერთეულის ღირებულებები;
- სატრანსპორტო მომსახურების 70% (204 147 ლარი) ბაზრის კვლევის გარეშე შესყიდულია ერთი მომწოდებლისგან. მომსახურების დამადასტურებელ დოკუმენტებში ხშირად მითითებული არ არის სატრანსპორტო საშუალებებისა და გადასაზიდი საქონლის დასახელება. შესაბამისად, გაურკვეველია, რა პარამეტრებსა და ტარიფებზე დაყრდნობით ხდებოდა სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა. არის შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე მომსახურე ორგანიზაციის პირობებშიც, საწვრთნელ შეკრებებზე გადასაზიდი ინვენტარის მოცულობისა და მარშრუტის უცვლელობის დროს, ტრანსპორტირების ხარჯი არსებითად განსხვავდება;
- ფედერაციის მიერ საერთაშორისო ტურნირებსა და შეკრებებზე სპორტსმენთა გამგზავრების მიზნით, ბაზრის კვლევისა და ხელშეკრულებების გაფორმების გარეშე, 967,583 ლარის ღირებულების ავიაბილეთები შესყიდულია შუამავალი კომპანიის − ძიუდოს ფედერაციის კონტროლს დაქვემდებარებული, ა(ა)იპ − ძიუდოს განვითარების ხელშეწყობის ფონდის მიერ, 2014 წელს 100%-იანი წილით დაფუძნებული შპს „ჯ. ფ. თრეველისაგან“. არის შემთხვევები, როდესაც ამ კომპანიისგან შესყიდული ბილეთის ღირებულება მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა სპორტული ფედერაციების მიერ ანალოგიურ პერიოდში ამავე მიმართულებით შესყიდული ავიაბილეთების ღირებულებისაგან;
- „თბილისის გრან-პრი 2018-ის“ ტურნირის ორგანიზების მიზნით, 24,355 ლარის სარეკლამო მომსახურება შესყიდულია ხელშეკრულების გაფორმებამდე 20 დღით ადრე, პრეზიდენტის თანაშემწის მიერ დაფუძნებული შპს „მიქსიდან“.
„თბილისის გრან-პრი“
2018-2019 წლებში „თბილისის გრან-პრის“ საერთაშორისო ტურნირის ფარგლებში ჩამოსული ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის − IJF-ის დელეგატების, სპორტსმენების, ძიუდოს გუნდებისა და თანამშრომლების შიდა სატრანსპორტო მომსახურების ხარჯები 76,370 ლარის ოდენობით, ანაზღაურებულია საბიუჯეტო სახსრებით. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციასა და ძიუდოს ეროვნულ ფედერაციას შორის შეთანხმებული პირობებით კი აღნიშნული ხარჯები შედიოდა სასტუმროს მომსახურების ტარიფებში, რომლის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო ტურნირში მონაწილე საერთაშორისო დელეგატების გადახდილი თანხებიდან.
ფედერაციაში დანერგილი კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს საქართველოში ჩატარებულ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილე უცხოელ სტუმართა რეგისტრაციის, მათ მიერ გადახდილი სასტუმრო მომსახურების ღირებულების, მისაღები შემოსავლის (სარგებლის სახით) სისრულის შესახებ სარწმუნოობას. სათანადო დასაბუთების, აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილებისა და საშემოსავლო გადასახადის დაკავების გარეშე, 125,800 ლარი გაცემულია ფედერაციის მწვრთნელებსა და მსაჯებზე სტიპენდიების სახით.
შრომის ანაზღაურება
- საშტატო განრიგით გათვალისწინებული ადმინისტრაციისა და მომსახურე პერსონალთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებებითა და ფედერაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტებით, რიგ შემთხვევებში განსაზღვრული არ არის სამუშაოს აღწერილობები;
- შრომის დროითი სისტემით ანაზღაურების შემთხვევებში, ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის მექანიზმები დანერგილი არ არის;
- რიგ შემთხვევებში პრემიების, ფულადი ჯილდოსა და სტიპენდიების სახით გამოყოფილი თანხები ფედერაციის თანამშრომლებზე განაწილებულია სათანადო დასაბუთებისა და მიმღები პირების მიერ გაწეული საქმიანობის შეფასების გარეშე.
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები
- აღმასკომის მხრიდან ფედერაციის საქმიანობაზე წესდებით გათვალისწინებული კონტროლი, სათანადოდ არ ხორციელდება, კერძოდ: ფედერაციის ბიუჯეტის პროექტი აღმასკომის მიერ მომზადებული და ყრილობის მიერ დამტკიცებული არ არის;
- საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში ფედერაციის თანამდებობის პირთა და დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულები და სახელფასო ფონდი აღმასკომის ნაცვლად, დამტკიცებულია ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევა და ფედერაციის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება არ განხორციელებულა;
- არ წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. არ არის აღრიცხული ფედერაციაში არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. აუდიტის პერიოდში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერით გამოვლინდა 33 სხვადასხვა დასახელების, 1199 ერთეული ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობა. არ ჩატარებულა აქტივებისა და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია;
- არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქონების ეფექტიან გამოყენებას.