კულტურისა და სპორტის სამინისტროს
რეკომენდაცია №1
სპორტის ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადოდ დაგეგმვის მიზნით, სამინისტრომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, ფედერაციებთან და სხვა შესაბამის მხარეებთან თანამშრომლობით დანერგოს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სრული, ზუსტი და განახლებული ინფორმაციის მიღებას მათ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე ან/და საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ.
რეკომენდაცია №2
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის პროდუქტიულად გამოყენების და ამავდროულად ინფრასტრუქტურაზე კლუბების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სამინისტრომ შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით შეიმუშაოს პოლიტიკა კლუბებისთვის სპორტული ობიექტებით სარგებლობის შესახებ.
რეკომენდაცია №3
სამინისტრომ სპორტში ბავშვებისა და მოზარდების ჩართულობის, ასევე მუნიციპალიტეტების მიერ ბავშვებისთვის/მოზარდებისთვის შეთავაზებული სპორტული წრეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა და ეროვნულ დონეზე სპორტის პრიორიტეტული მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით, მოცემული მიმართულებით შეიმუშაოს პოლიტიკა მუნიციპალიტეტებთან და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციისათვის.
რეკომენდაცია №4
ნიჭიერ სპორტსმენთა გამოვლენისა და განვითარების მიზნით, სამინისტრომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სპორტულ ფედერაციებთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კოორდინაციით, შეიმუშაოს ბავშვებში/მოზარდებში ნიჭის გამოვლენისა და განვითარების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამისი მახასიათებლების მქონე სპორტსმენის აღმოჩენას, განვითარებასა და შესაძლებლობების რეალიზებას.
ა(ა)იპ − ფეხბურთის განვითარების ფონდს
რეკომენდაცია №5
საფეხბურთო ლიგებისთვის თანაბარი მხარდამჭერი მექანიზმების უზრუნველყოფის მიზნით, რეგიონალურ ლიგასთან მიმართებით შეფასდეს საბაზისო დაფინანსების ფარგლებში განსაზღვრული პრიორიტეტების მიზანშეწონილობა.
რეკომენდაცია №6
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსების ფარგლებში დაინერგოს მექანიზმები, რომლებიც შესაბამის მხარეებთან კოორდინაციით უზრუნველყოფს მიღწეული შედეგების მონიტორინგს.
რეკომენდაცია კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას
რეკომენდაცია №7
საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად განკარგვის მიზნით დაინერგოს მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საკალათბურთო კლუბებიდან მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიღებას კლუბების მიერ საბაზისო დაფინანსების ფარგლებში მიღებული საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით.
რეკომენდაცია №8
მწვრთნელთა ლიცენზირების პროგრამის ეფექტიანად დაგეგმვის, სათანადო კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელების მომზადებისა და საიმედო შეფასების სისტემის დანერგვის მიზნით:
• გაიწეროს ლიცენზირების სასწავლო პროგრამა ეტაპების მიხედვით და განისაზღვროს ლიცენზიის მოქმედების გონივრული ვადა;
• შემუშავდეს A კატეგორიის მწვრთნელთა ლიცენზიის სასწავლო პროგრამა;
• შეფასდეს სასწავლო მასალისა და სასწავლო საათების რელევანტურობა პროგრამის მიზნებთან მიმართებით;
• დაინერგოს სალიცენზიო ტესტირების ეფექტიანი მექანიზმი.