სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ა(ა)იპ − საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 2019-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შესყიდვები
ფედერაციის მიერ სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების შესყიდვისას, მიმწოდებელი კომპანიების შერჩევა რიგ შემთხვევებში ხორციელდებოდა ბაზრის კვლევის და, შესაბამისად, ალტერნატიული შეთავაზებების განხილვის/შეფასების გარეშე, კერძოდ:
- სპორტსმენთა შეკრებებზე სასტუმრო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით არ არის გათვალისწინებული მიწოდებული მომსახურების ხარისხის ინსპექტირების მექანიზმები, არ არის შეთანხმებული და განსაზღვრული სპორტსმენთა კვებისათვის საჭირო რაციონი და მისი ღირებულება. დაუსაბუთებელია სასტუმრო მომსახურების ერთეულის ღირებულებები;
- სატრანსპორტო მომსახურების 45% შესყიდულია ერთი მიმწოდებლისგან, ბაზრის კვლევის გარეშე. მომსახურების დამადასტურებელ დოკუმენტებში ხშირად მითითებული არ არის სატრანსპორტო საშუალებებისა და გადასაზიდი საქონლის დასახელება. შესაბამისად, გაურკვეველია რა სახის პარამეტრებსა და ტარიფებზე დაყრდნობით ხორციელდებოდა სატრანსპორტო მომსახურების თანხების დადგენა. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების დროს მონაწილე სპორტსმენთა გადაყვანაზე ერთსა და იმავე პერიოდში მგზავრთა რაოდენობის, მანძილისა და მარშრუტის უცვლელობის პირობებში, ტრანსპორტირების ხარჯი არსებითად განსხვავდება.
ბაზრის კვლევისა და შესაბამისი ალტერნატიული წინადადებების განხილვის/ანალიზის გარეშე შესყიდულია 49,074 ლარის მედიკამენტები და საკვები დანამატები. მედიკამენტებისა და საკვები დანამატების საჭიროების განსაზღვრისა და ხარჯვის პროცესში არ არსებობს კონტროლის მექანიზმები, რაც წარმოშობს სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის რისკებს, კერძოდ:
- შესასყიდი მედიკამენტებისა და დანამატების მოცულობის და ნომენკლატურული სტრუქტურის განსაზღვრას საფუძვლად არ უდევს შესაბამისი პროფილის სპეციალისტის დასკვნა;
- საკვები დანამატებისა და მედიკამენტების ხარჯვის/გამოყენების ნორმები დადგენილი არ არის ხელბურთელთა ფიზიკური მონაცემების და ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების საფუძველზე;
- მედიკამენტებისა და საკვები დანამატების გაცემა არ ხორციელდება ექიმის დანიშნულების საფუძველზე. ხელბურთელებზე მედიკამენტებისა და დანამატების გაცემის ფაქტი დოკუმენტურად არ დასტურდება; მიღებული მედიკამენტების და საკვები დანამატების ჩამოწერა ხორციელდება ღონისძიების დასრულების შემდეგ, არა ფაქტობრივი ხარჯვიდან გამომდინარე, არამედ მიმწოდებლის მიერ გამოწერილი ზედდებულის შესაბამისად შედგენილი ჩამოწერის აქტის საფუძველზე სრულად, ფაქტობრივი ნაშთის დაფიქსირების გარეშე.
საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურება
ევროპის ხელბურთის ფედერაციასა და საქართველოს ხელბურთის ეროვნულ ფედერაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ტურნირებზე მონაწილე გუნდების სასტუმრო მომსახურების, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები უნდა დაფინანსებულიყო მონაწილე ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან. 2021 წელს საქართველოში ჩატარებული საერთაშორისო ტურნირების მონაწილეთა სატრანსპორტო მომსახურება 49,450 ლარის ოდენობით დაფინანსებულია არა მონაწილე ფედერაციების მიერ გადახდილი თანხებიდან, არამედ კრიტერიუმის შეუსაბამოდ, საბიუჯეტო სახსრებით.
დაუდასტურებელი ხარჯები
- ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან სატრანსპორტო მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადარიცხულ 53,230 ლარის ტრანზაქციებზე არ არსებობს ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- რიგ შემთხვევებში, სამივლინებო თანხები არ იხარჯება სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესაბამისად. 2019-2020 წლებში სამივლინებო ხარჯების ანაზღაურების მიზნით გაცემულ 13,380 ლარზე არ არსებობს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები;
- 2019-2021 წლებში ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გახსნილი ბიზნესბარათის გამოყენებით, ფედერაციის საბანკო ანგარიშიდან ნაღდი ანგარიშსწორებით გამოტანილი 451,256 ლარი გახარჯულია სალაროს ოპერაციების გვერდის ავლით, ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები
- ფედერაციის პრეზიდიუმის მიერ ფედერაციის საქმიანობაზე წესდებით გათვალისწინებული კონტროლი სათანადოდ არ ხორციელდება, კერძოდ: პრეზიდიუმის მიერ ფედერაციის ბიუჯეტის პროექტის მომზადება და შესაბამისად ყრილობის მიერ დამტკიცება არ განხორციელებულა. საბიუჯეტო დაფინანსების ფარგლებში ფედერაციის თანამდებობის პირთა და დამხმარე პერსონალის საშტატო ერთეულები არ განსაზღვრულა და სახელფასო ფონდი 2019 წელს არ დამტკიცებულა; ყოველი წლის ბოლოს ფედერაციის ფინანსური მდგომარეობის განხილვა, მომავალი წლის ბიუჯეტის დამტკიცება, დამოუკიდებელი აუდიტორის მოწვევა და ფედერაციის სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შემოწმება 2019-2020 წლებში არ განხორციელებულა;
- შრომითი ურთიერთობები არ ეფუძნება შრომის კანონმდებლობის მოთხოვნებს: დასაქმებულთა სამუშაო დროის განსაზღვრის მიზნით, ფედერაციის შინაგანაწესი ან სხვა სახის დამატებითი წერილობითი დოკუმენტი არ არის მიღებული. არ არსებობს სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა, რაც სუსტი შიდა კონტროლის პირობებში იწვევს საჯარო სახსრების არაეკონომიურ და არაეფექტიან განკარგვას და ზრდის ფიქტიური შრომითი საქმიანობის ანაზღაურების რისკებს;
- არ წარმოებს ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება. არ არის აღრიცხული ფედერაციაში არსებული ძირითადი საშუალებები და სასაქონლო მატერიალური ფასეულობები. აუდიტის პერიოდში ჩატარებული მატერიალურ ფასეულობათა აღწერით გამოვლინდა 73 სხვადასხვა დასახელების, 98 ერთეული ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობა. არ ჩატარებულა აქტივებისა და მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია;
- არ არის დანერგილი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქონების ეფექტიან გამოყენებას.