2020 წლის 11 მარტიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსით (COVID-19) გამოწვეული დაავადების გავრცელების პანდემიად გამოცხადებამ და მის საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების საჭიროებამ საფრთხის ქვეშ დააყენა მოსახლეობისათვის საბაზისო სამედიცინო სერვისების უწყვეტობა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად ეფექტიანი იყო სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებები COVID-19-ის პანდემიის პირობებში ბენეფიციართათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული სერვისების დროული და სრული მიწოდების კუთხით. აუდიტმა მოიცვა იმ რვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაწეული მომსახურება, რომელიც 2020 წლის ივნისში ჯანმოს მიერ გამოქვეყნებული გზამკვლევის მიხედვით განსაზღვრული იყო, როგორც საბაზისო სერვისები და გაიცა მათი უწყვეტობის შენარჩუნების რეკომენდაციები.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:
ჯანმრთელობის დაცვის სერვისების უწყვეტობის პოლიტიკა და კოორდინაცია
2020-2021 წლებში შემცირებული იყო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მოსარგებლეთა რაოდენობა.
მთავრობის 2020 წლის 3 აპრილის N213 დადგენილებაში შესული ცვლილების მიუხედავად, სამედიცინო მომსახურების დისტანციური წესით განხორციელების შესახებ, დაწესებულებებმა პროგრამის მოსარგებლეების მხოლოდ მცირე ნაწილს შესთავაზეს აღნიშნული შესაძლებლობა:
- 2019 წელთან შედარებით, ბენეფიციართა ზრდის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირებულია დიაბეტით დაავადებული პაციენტების რაოდენობა (27,7%-ით), რომელთაც 2020-2021 წლებში ისარგებლეს მათთვის განსაზღვრული ამბულატორიული სერვისებით. კლების ტენდენცია შეიმჩნევა პროგრამებით მოსარგებლე იშვიათი დაავადებების მქონე (43,5%-ით) და C ჰეპატიტით დაავადებული პაციენტების რაოდენობაშიც (27%-ით).
- ამბულატორიული სერვისით მოსარგებლეთა შემცირების მიუხედავად, დიაბეტის პროგრამის ფარგლებში გაზრდილია მედიკამენტის მიმღებთა რაოდენობა, რაც მიუთითებს ზემოაღნიშნული სერვისის საჭიროებაზე.
- ბავშვთა შაქრიანი დიაბეტისა და იშვიათი დაავადებების ამბულატორიული მომსახურების და ანტენატალური სერვისით მოსარგებლე 225 გამოკითხულიდან 186 მიუთითებს, რომ მათთვის სამედიცინო დაწესებულებას არ შეუთავაზებია დისტანციურად გაევლოთ ექიმთან კონსულტაცია.
- სააგენტოს მხრიდან არ შემუშავებულა მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფდა პროგრამებით გათვალისწინებული სერვისების მიღების დისტანციურ შესაძლებლობას.
- 2021 წლის მაისში, დამტკიცდა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა −„ჯანდაცვის სექტორის შესაძლებლობების გაძლიერება და გადაუდებელი მზადყოფნა Covid-19-ის შემდგომი ტალღებისათვის“, სადაც განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის რიგი სერვისები, რომელთა უწყვეტობა უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი. აღსანიშნავია, რომ მითითებული სერვისები ჯანმოს მიერ განსაზღვრული იყო 2020 წლის 26 მარტს გამოქვეყნებულ გზამკვლევში, ხოლო მათი მიწოდების გზები დეტალურად გაიწერა 2020 წლის 1 ივნისის რეკომენდაციებში.
- აუდიტის შედეგად გამოვლინდა რისკი, რომ შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვების პროგრამის ბენეფიციარები მათთვის განსაზღვრულ სამედიცინო კონსულტაციას არ იღებენ პროგრამაში რეგისტრირებულ მიმწოდებელთან, მაშინ როდესაც სერვისის ღირებულება დაფარულია სახელმწიფოს მხრიდან. ამასთანავე, არსებობს რისკი იმისა, რომ სამედიცინო მომსახურების მისაღებად, სერვისის მიმწოდებლის მიერ მათი გადამისამართება ხდება სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ექიმის კონსულტაციის ხარჯს თავად ბენეფიციარები ფარავენ. აღსანიშნავია ისიც, რომ მოსარგებლეები არ ფლობენ სათანადო ინფორმაციას პროგრამით გათვალისწინებული სერვისების შესახებ.
- 2020-2021 წლებში დანერგილი მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფდა გეგმური ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის ზრდასა და პანდემიის პირობებში იმუნიზაციის სერვისების დროულ მიწოდებას. მაგალითად, 2019 წელთან შედარებით, 2020 და 2021 წლებში მოცვის მაჩვენებლები შემცირებულია (წლების შესაბამისად) შემდეგ ვაქცინებზე: ჰექსა − 5%-ით და 8%-ით, წითელა-წითურა-ყბაყურა 2-ის − 20%-ით და 16%-ით, ხოლო ტეტანუსი-დიფთერია− 24%-ით და 25%-ით.
უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
აუდიტის პერიოდში სამინისტრო და რეგულირების სააგენტო არსებული პანდემიური მდგომარეობის გამო უმეტესად კონცენტრირებულნი იყვნენ ე.წ. კოვიდსტაციონარულ დაწესებულებებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაზე. შედეგად, მცირეა სხვა ამბულატორიული სამედიცინო დაწესებულებების რიცხვი, სადაც განხორციელდა ზედამხედველობა უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით.
- 2020-2021 წლებში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში მიმწოდებლად ჩართული დაწესებულებების მცირე ნაწილშია (2020 წელს − 0,8%, 2021 წლის აგვისტოს ჩათვლით − 4,5%) შემოწმებული სანებართვო და მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული პირობების დაცვის შესაბამისობა.
- 2021 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, რეგულირების სააგენტოს მიერ განხორციელდა მონიტორინგი 15 სამედიცინო დაწესებულებაში, რომლებიც ასევე პროგრამებით გათვალისწინებული სერვისის მიმწოდებლები იყვნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სამ დაწესებულებაში არ ხდებოდა არაინფიცირებული და კოვიდით ინფიცირებული ნაკადების გამიჯვნა. უსაფრთხოების პრობლემაზე მიუთითებს აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბენეფიციარების 21%-ც, რომელთაც 2020-2021 წლებში უარი თქვეს მომსახურების მიღებაზე კოვიდით ინფიცირების რისკების არსებობის გამო.
- იმუნიზაციის, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და პერინატალური სერვისის მიმწოდებელთათვის, მინისტრის ბრძანებით დამატებით განსაზღვრული იყო უსაფრთხოების უზრუნველყოფის რეკომენდაციები. ინფექციის კონტროლის მონიტორინგი განხორციელდა მხოლოდ პერინატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელიც არ მოიცავდა გაცემული რეკომენდაციების სრულად შემოწმებას. აუდიტის ჯგუფის მიერ გამოკითხული ბენეფიციარების უმეტესობა მიუთითებს, რომ ანტენატალური ვიზიტების დროს სამედიცინო დაწესებულებაში უსაფრთხო გარემო ნაწილობრივ იყო უზრუნველყოფილი და კლინიკები არ ახდენდნენ ვიზიტის წინასწარ დაგეგმვას, მიუხედავად სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციისა.
საზოგადოებასთან კომუნიკაცია
2020-2021 წლებში ბენეფიციართა მიზნობრივი ჯგუფების ინფორმირებულობის კუთხით, საბაზისო სერვისების უწყვეტად მიწოდების შესახებ, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი ერთეულების მხრიდან განხორციელდა არასაკმარისი აქტივობები:
- 2020 წელს C ჰეპატიტისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კუთხით გამოყოფილი სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად არ არის ათვისებული.
- დაბალია იმუნიზაციის აპლიკაციის მომხარებელთა რაოდენობა, რომელიც შეიქმნა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების მიზნით, ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისათვის.
- ქვეყანაში რეგისტრირებული ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის შემთხვევების მაღალი რაოდენობის მიუხედავად, დაბალია ბენეფიციართა მიმართვის მაჩვენებელი კრიზისული ფსიქოლოგიური დახმარების ცხელ ხაზზე, რომელიც 2021 წელს განკუთვნილი იყო სატელეფონო პროფესიული ფსიქოლოგიური დახმარებისათვის.
- ანტენატალური მომსახურების მოსარგებლე გამოკითხულთა ნახევარს არ დაუკავშირდა სამედიცინო დაწესებულება და არ მიაწოდა რეკომენდაციები COVID-19-ის პანდემიის პირობებში უსაფრთხოებისა და სამედიცინო დაწესებულებასთან ურთიერთობის წესების შესახებ.