სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 27 დეკემბერი, 2019
სსიპ−საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი
პერიოდი: 2018, 2017

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება

რიგ შემთხვევებში საუნივერსიტეტო საქმიანობისათვის საჭირო პროდუქცია არასაბაზრო ღირებულებითაა შეძენილი იმ კომპანიისგან/ფიზიკური პირისაგან, რომლებიც დაკავშირებულნი არიან შესაბამის ფაკულტეტებთან.

შესყიდვის საგნის აღწერა-სპეციფიკაციები

გათბობა-გაგრილების სისტემის შესყიდვის ნაწილში ბაზრის კვლევის პროცედურები ფაქტობრივად განხორციელებულია ფორმალურად, ვინაიდან კვლევაში მონაწილე კომპანიები ერთმანეთთან დაკავშირებულია, ასევე შესასყიდი საქონლის ტექნიკური აღწერილობა მორგებულია კონკრეტული სასაქონლო მოდელის ან მწარმოებელი კომპანიის პროდუქციაზე, რითაც უკონკურენტო პირობებში გაიმარჯვა მონაწილე პრეტენდენტმა. საერთო ჯამში უნივერსიტეტმა ნაწილობრივ მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება იმ პირობებში, როდესაც ანგარიშსწორება მიმწოდებელთან სრულად აქვს განხორციელებული.

პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ნაწილში, ელექტრონული ტენდერიდან სატენდერო კომისიამ დაუსაბუთებლად მისცა უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია, რითაც უნივერსიტეტმა შესაძლებლობა დაკარგა მიეღო  80.0 ათასი ლარის ეკონომია.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადასტურება

კომპიუტერული ტექნიკის შესყიდვისას არასათანადოდ შემუშავდა საქონლის ჩაბარების ტექნიკური პირობები და არასრულყოფილად განხორციელდა ფასწარმოქმნის დამადასტურებელი დოკუმენტის ანალიზი, რის შედეგად არასრულად და არასაბაზრო ღირებულებითგანხორციელდა საქონლის შესყიდვა.

ეფექტიანობასთან დაკავშირებული გარემოებები

საბეჭდი კატრიჯებისა და ლაბორატორიული სპექტრომეტრის შესყიდვის ნაწილში არ არის გამოყენებული შესყიდვის საუკეთესო ოპტიმალური გადაწყვეტილებები, რაც საშუალებას მისცემდა უნივერსიტეტს ეკონომიურად და კონკურენტულ პირობებში განეხორციელებინა შესყიდვა.

შიდა კონტროლის სისუსტეები

• შესყიდვების დაგეგმვა არ ხდება სრულყოფილი, აკუმულირებული ინფორმაციის საფუძველზე. რიგ შემთხვევებში შესყიდვები განხორციელებულია გეგმის პარამეტრებში ცვლილებების გარეშე; 
• რიგ შემთხვევებში შესყიდული საქონელი არ არის თანხვედრაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოდელთან და წარმოშობის ქვეყანასთან; 
• წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში დეტალურად არ ფიქსირდება ინფორმაცია გასაწევი მომსახურების, დამსწრე პირების, მასპინძელი მხარის რაოდენობისა და მიღებული მომსახურების შესახებ.

რეკომენდაცია№1. საბაზრო პირობებისადმი ადეკვატური სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და საჯარო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკების თავიდან აცილების მიზნით,ბაზრისკვლევის ეტაპზე მოხდეს ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის შესწავლა. ამასთანავე, უზრუნველყოფილ იქნეს ფასების შესახებ მიღებული ინფორმაციის ერთგვაროვნება (შესაბამისობა) მიწოდების კომერციული და ფინანსური პირობების (წარმოშობის ქვეყანა, ანგარიშსწორებისპირობები,საგარანტიო ვადადაა.შ.) გათვალისწინებით.

რეკომენდაცია№2. ჯანსაღი კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, შესყიდვის საგნის აღწერისას უპირატესობა მიენიჭოს საქონლის ფუნქციონალურ-ტექნიკური სპეციფიკაციების შემუშავებას და ტექნიკური პარამეტრები განისაზღვროს იმ დიაპაზონით, რომელიც უზრუნველყოფს შემსყიდველის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთანავე, აქტივების ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში ფლობის მიზნით, შემუშავდეს და დაინერგოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები.

რეკომენდაცია№3. შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ სამართლიანი დაერთგვაროვანი მიდგომის მიზნით: • შემუშავდეს და დაინერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფს კომისიის მიერ სატენდერო დოკუმენტაციასთან პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისობის არსებით განხილვას და მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას; • შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში, გამოყენებულ იქნეს დაზუსტების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების თაობაზე გონივრული რწმუნების მიღების მიზნით პრეტენდენტისაგან დამატებითი მტკიცებულებების(დოკუმენტებიდაგანმარტებები) მიღებას.

რეკომენდაცია№4. შესყიდვის პროცედურებში არაკვალიფიციური და არაკეთილსინდისიერი მიმწოდებლის მონაწილეობის რისკების შემცირების მიზნით: • სატენდერო პირობები (მათ შორის, მიწოდების) შემუშავებულ იქნეს უნივერსიტეტის საჭიროების სრულად და ეფექტიანად დაკმაყოფილების მიზნით; • სატენდერო პირობების შემუშავების და შეფასება-შერჩევის პროცესში შეიქმნას ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასებისას უზრუნველყოფსმყარ მტკიცებულებითბაზას.

რეკომენდაცია№5. საჯარო სახსრების რაციონალური და ეფექტიანი ხარჯვის მიზნით: • კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, შესყიდვის საგანი განისაზღვროს ბაზრის კვლევის ეტაპზე მიმწოდებელთა სპეციალიზაციის შესწავლის საფუძველზე; • გაანალიზდეს საჭიროების დაკმაყოფილების სხვადასხვა (ალტერნატიული) ვარიანტები და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს მათი პროდუქტიულობის შეფასების საფუძველზე.

რეკომენდაცია №6.  სტრუქტურული ერთეულების მიერ დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე მოხდეს საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამის სამსახურებს (საფინანსო, შესყიდვები, ლოგისტიკა) შორის კომუნიკაციით განისაზღვროს პრიორიტეტების სტრუქტურა, რომელიც საფუძვლად დაედება შესყიდვების წლიურ გეგმას; • კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობის ამაღლების გზით განხორციელდეს მიწოდებული საქონლის (მომსახურების) რაოდენობის და ხარისხის შესაბამისობის ინსპექტირება, რაც უზრუნველყოფს საჭიროების სრულად დაკმაყოფილებას; • ხარჯების მართვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით შემუშავდეს კონკრეტული წარმომადგენლობითი ღონისძიების განხორციელების რეგლამენტი, სადაც რაციონალური დასაბუთების საფუძველზე განისაზღვრება ღონისძიების მიზანი, მონაწილეთა რაოდენობა და ა.შ.