ხარისხიანი განათლების მიღება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა და წარმოადგენს პიროვნული და პროფესიული ზრდის, სოციალური კეთილდღეობისა და სახელმწიფოს მდგრადი განვითარების წინაპირობას.
2021-2024 წლების სამთავრობო გეგმის მიხედვით, მთავრობის პრიორიტეტი ზოგადი განათლების ხარისხის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა, რომლის მისაღწევადაც გაიზრდება მოცემული მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსება, დამტკიცდება და დაინერგება ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის განახლებული სტანდარტები და პროცედურები, შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ეფექტიანობის აუდიტი იმის დასადგენად, რამდენად უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მართვის არსებული მოდელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ეფექტიან მმართველობას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი საკითხები:
სკოლების მართვის მოდელი
- ზოგადი განათლების ეფექტიანი მართვის სისტემის განვითარება სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტსაც სკოლის მართვის დიფერენცირებული მიდგომის განხორციელება წარმოადგენს. მოცემული მიზნის გათვალისწინებით, სკოლების არსებული მდგომარეობის ანალიზი არ ჩატარებულა, რომელიც რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით უზრუნველყოფდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას და ხელს შეუწყობდა განხილულიყო ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობა.
რესურსცენტრების როლი სკოლების მონიტორინგისა და მხარდაჭერის პროცესში
- რესურსცენტრების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას განეკუთვნება სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მონიტორინგის განხორციელება, თუმცა მონიტორინგის ჩატარების პერიოდულობა და სკოლების დაფარვის სიხშირე არ არის განსაზღვრული; აღნიშნული კი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესისა და გარემოს გაუმჯობესების საფუძველია;
- რესურსცენტრების მიერ სამინისტროსთან წარდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანია, ხოლო მისაღწევი შედეგები არ არის მკაფიოდ გაზომვადი; ასევე: არ არის დამტკიცებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთგვაროვანი ფორმა;
- რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა რესურსცენტრში დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა იდენტურია, მიუხედავად მათი ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სკოლებისა და ამ სკოლებში მოსწავლეების განსხვავებული რაოდენობისა, რაც ქმნის ფუნქციების არასათანადოდ განხორციელების რისკებს. ანალიზის მიხედვით, იდენტური თანამშრომლების რაოდენობის პირობებში იკვეთება შემთხვევა, როდესაც ერთი რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობა 7-ჯერ აღემატება, მეორე რესურსცენტრის დაფარვის არეალში მყოფი სკოლების რაოდენობას.
სამეურვეო საბჭოს როლი სკოლის მართვის პროცესში
- სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი არ არის განსაზღვრული, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა;
- სამეურვეო საბჭოს საქმიანობის ანალიზის შედეგად ჩანს, რომ ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლის მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს: წევრები ნაკლებად არიან ჩართულები სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას;
- სამინისტროს მიერ არ არის ჩატარებული საბჭოს საქმიანობის კვლევა და ეფექტიანობის შეფასება. არ არის შესწავლილი საბჭოს წინაშე არსებული გამოწვევები და საჭიროებები, რაც შესაბამისი ქმედითი ღონისძიებების განხორციელების დაგეგმვას შეუწყობდა ხელს;
- გამოკითხვების და სამეურვეო საბჭოს ოქმების ანალიზის მიხედვით იკვეთება საბჭოს მიერ ფუნქციების არასაკმარისად განხორციელების შემთხვევები. აღნიშნული შეიძლება გამოწვეული იყოს სამეურვეო საბჭოს წევრების კომპეტენციის ნაკლებობით კონკრეტულ საკითხთან მიმართებით.
სკოლების დაფინანსების მოდელი
- ვაუჩერული დაფინანსების მოდელის და მასში ინტეგრირებული კომპონენტების ფარგლებში მისაღწევი მიზანი არ არის ნათლად გაწერილი, ხოლო დადგენილი საბაზისო თანხისა და დამატებითი კრიტერიუმების ოდენობის განსაზღვრის შესაბამისი კალკულაციის საფუძვლები არ ემყარება კონკრეტულ ინდიკატორებს; სამინისტროს მიერ არ არის გამოკვლეული, ვაუჩერული დაფინანსების მოდელის არსებული ინდიკატორები რამდენად პასუხობს სკოლებისა და მოსწავლეების საჭიროებებს. აღნიშნულ პირობებში იზრდება ფინანსური რესურსის არაეფექტიანად განკარგვის რისკები;
- არაქართულენოვანი სექტორის სკოლების წინაშე მდგარი გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტროს მხრიდან გათვალისწინებულია გაზრდილი ვაუჩერული დაფინანსება, თუმცა ეფექტიანი ღონისძიებების გასატარებლად, მნიშვნელოვანია არსებული საჭიროებების იდენტიფიცირება და დამატებითი მექანიზმების დანერგვა პროცესის მონიტორინგის მიზნით;
- კერძო სკოლების დაფინანსება ეფუძნება მხოლოდ ერთ, რაოდენობრივ კრიტერიუმს და არ ითვალისწინებს სკოლების ფინანსურ მდგომარეობასა და საჭიროებებს, რაც ქმნის რესურსის არაეფექტიანად და არაპროდუქტიულად განკარგვის რისკებს. ამასთანავე, არ არის დანერგილი კერძო სკოლების დაფინანსების ფარგლებში ანგარიშვალდებულების სისტემა.
გამოვლენილ გარემოებებსა და ნაკლოვანებებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება გაუმჯობესდეს პროცესის ეფექტიანობა და პროდუქტიულობა.