სახელმწიფო აუდიტის სამსახური

განათლება 06 ივნისი, 2025
გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში
პერიოდი: 2023, 2022, 2021, 2020, 2019, 2018

გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა განათლების სფეროში არის ერთ-ერთი ფუნდამენტური ნაბიჯი   გრძელვადიანი განვითარებისთვის. განათლება არა მხოლოდ ცოდნისა და უნარების გადაცემის პროცესია, არამედ ის არის საფუძველი მომავალი თაობის ფორმირებისთვის, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ პროგრესს. თანასწორობის მიღწევა განათლებაში იძლევა იმის გარანტიას, რომ ყველა ბავშვს, განურჩევლად სქესისა, ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, მიიღოს არა მხოლოდ ხარისხიანი განათლება ასევე ჩამოუყალიბდეს პიროვნული ზრდის და განვითარებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები.

განათლების სისტემა და სკოლა ცენტრალურ როლს ასრულებს მეცნიერების, ტექნოლოგიების,ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) საგნების მიმართ გოგოების ინტერესის გაძლიერებისა და თანაბარი შესაძლებლობებისა და ხარისხიან STEM განათლებაზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებით. კვლევებით დადასტურებულია, რომ გოგონების და ბიჭების უთანასწორობის შემცირებას STEM განათლების მიმართულებით შეუძლია ხელი შეუწყოს შრომის ბაზარზე უთანასწორობის შემცირებას, გაზარდოს ქალთა დასაქმება და ეკონომიკური დამოუკიდებლობა, ასევე შეამციროს პროფესიული სეგრეგაცია.  

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს: 

რეკომენდაცია N1 

სამინისტრომ განათლების სფეროში გენდერული თანასწორობის საკითხების უკეთ ინტეგრირების მიზნით გააუმჯობესოს განათლების სტრატეგიული ამოცანების დასახვისა და ღონისძიებების დაგეგმვის მოქმედი პროცესი, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად:
•    განსაზღვროს გენდერული თანასწორობის საკითხების სათანადოდ გამოვლენისთვის განსახორციელებელი აქტივობები; 
•     გენდერული თანასწორობის ღონისძიებების დაგეგმვისას გათვალისწინებულ იქნეს ზოგადი განათლების დონეზე ინიციატივები STEM საგნებში გოგოების მოტივაციის/ინტერესის გაზრდის მიზნით. 

რეკომენდაცია N2: 

ეროვნულ სასწავლო გეგმაში გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირების პროცესის გაუმჯობესების მიზნით სამინისტრომ უზრუნველყოს: 
•    ესგ-ის გადასინჯვა საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, გენდერის საკითხებში ექსპერტული ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირ(ებ)ის ჩართულობითა და ასევე, პროცესში მონაწილე პირების ცნობიერების ამაღლება გენდერული მეინსტრიმინგის განხორციელების კუთხით; 
•    საერთაშორისო კარგი პრაქტიკით დადგენილი მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, საზოგადოებრივ მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში შესაბამისი გენდერული თანასწორობის საკითხების გათვალისწინება. 

რეკომენდაცია N3:

გრიფირების პროცესში სახელმძღვანელოების/სერიების გენდერული თანასწორობის ჭრილში შეფასების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდეს დამატებითი საგანმანთლებლო რესურს(ებ)ი (მაგალითად, როგორიცაა, სახელმღვანელო მითითებები, ტრენინგები და ა.შ.) პროცესში ჩართული პირებისთვის. 

სსიპ − მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს: 

რეკომენდაცა N4: 

მასწავლებელთა გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განხორციელების მიზნით, გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად და თანასწორი განათლების პირობების შესაქმნელად, მიზანშეწონილია: 

•    მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის გადასინჯვა, რათა მასწავლებელთა მიმართ მოთხოვნებში გათვალისწინებულ იქნეს გენდერულად პასუხისმგებლიანი სწავლება;
•    შეიქმნას სათანადო ტრენინგმოდული, რომლითაც მოცული იქნება საერთაშორისო პრაქტიკით არსებული ყველა საჭირო ინფორმაცია გენდერულად პასუხისმგებლიანი პედაგოგიკის განსახორციელებლად და აღნიშნულის საფუძველზე სისტემურად გადამზადდნენ მოქმედი მასწავლებლები