სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხულოს მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ინფრასტრუქტურული პროექტები
ინფრასტრუქტურის მშენებლობასთან, რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ინფრასტრუქტურული პროექტების სათანადო დაგეგმვა-განხორციელება. შედეგად მიღებულია არასათანადოდ შესრულებული და შეჩერებული 1,882,968 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, ხოლო შესყიდვის ანგარიშების არასათანადო ფორმით წარდგენის გამო, ვერ მოხერხდა 6,972,197 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისათვის გამოყენებული რესურსების იდენტიფიცირება და დადგენილ ლიმიტებთან შესაბამისობის დადგენა. ამასთანავე, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორების შესახებ, შემსრულებელ კომპანიებზე გაგზავნილი შვიდი მოთხოვნიდან, სამ შემთხვევაში რეგირება არ განხორციელებულა, ხოლო ოთხ შემთხვევაში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, ნაწილობრივ იქნა გამოსწორებული.
მუნიციპალური აქტივების მართვა
აქტივების მართვის ხარვეზები - ხულოს მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 41,112,118 ლარის ღირებულების აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, ასევე მუნიციპალიტეტის მიერ არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს, ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები და არ ხდება მათი გამოყენების სათანადო მონიტორინგი, რის შედეგად უცნობია მათი მდგომარეობა და განთავსების ადგილი.
ქონების იჯარით გაცემასთან დაკავშირებული ხარვეზი - მერიაში ქონების მართლზომიერ გამოყენებასთან დაკავშირებით არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქონების თვითნებურად გამოყენების ფაქტების დროულ გამოვლენას და არ ხორციელდება სათანადო რეაგირება, რაც უარყოფითად აისახება საბიუჯეტო სახსრების მობილიზების შედეგებზე. ამასთანავე, საიჯარო ხელშეკრულებების შესაბამისად განსაზღვრული გადასახდელი თანხები ბუღალტრულად არ არის აღრიცხული.
შრომის ანაზღაურება
შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირების მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. ამასთანავე, გამოვლინდა შრომის ანაზღაურების სახით 2,819 ლარის ზედმეტად გაცემის ფაქტები.
ტრანსპორტის ხარჯები
ტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები - საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში, ჯამში − 95,523 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-შესრულება
ადგილობრივი ბიუჯეტის შედგენა-შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - ხულოს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული რიგი პროგრამებით ვერ დგინდება შედეგებისა და მიზნის მისაღწევად დახარჯული რესურსების ურთიერთკავშირი. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში პროგრამების ფარგლებში, ბენეფიციართა გამოვლენის მიზნით შექმნილი შიდა კონტროლის მექანიზმები სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს პროგრამის ბენეფიციართა შეფასებას/შერჩევას.
დასუფთავების მოსაკრებელი
მოსაკრებლების ადმინისტრირების ხარვეზები - ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ სრულად არ არის აღრიცხული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა. შედეგად, არ ხორციელდება გადასახადის ადმინისტრირება.
შიდა კონტროლის სისტემა
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.