სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 21 ნოემბერი, 2025
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

სახელმწიფო შესყიდვები

ნაკლოვანებები საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრისას - ერთეულ შემთხვევაში პარლამენტის აპარატის მიერ სატენდერო პირობებით შესასყიდი საქონლის/მომსახურების ტექნიკური, ხარისხობრივი მახასიათებლების შემზღუდველ ჩარჩოებში მოქცევა, ზედმეტად დეტალიზება წარმოშობს რისკებს, რომ სატენდერო პირობების მოთხოვნები მორგებული იყო კონკრეტული ბრენდის და მიმწოდებლის შესაძლებლობებზე, რაც მნიშვნელოვნად ზღუდავს ალტერნატიული წინადადების წარმოდგენის შესაძლებლობებს და შესყიდვის პროცესში არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას განაპირობებს. შესაბამისად, აღნიშნულით იზღუდება პოტენციური მიმწოდებლის მხრიდან ტენდერში მონაწილეობის ინტერესი.

სატენდერო კომისიის საქმიანობის ხარვეზები პრეტენდენტთა შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის პროცესში - რიგ შემთხვევებში პარლამენტის აპარატის სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტების შერჩევა-შეფასების პროცესი გარკვეული ხარვეზებით და ნაკლოვანებებით მიმდინარეობდა, პრეტენდენტების შერჩევა-შეფასებისას სრულად არ არის გამოკვლეული გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ყველა გარემოება და ფაქტი, შესაბამისად, გადაწყვეტილება მიიღება გარემოებებისა და ფაქტების დეტალური, ამომწურავი მსჯელობისა და ანალიზის გარეშე, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან და სატენდერო პირობებთან შესაბამისობის დადგენის გარეშე.

ტრანსპორტის ხარჯები 

ტრანსპორტის ექსპლოატაციის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებები - საქართველოს პარლამენტს არ აქვს დამტკიცებული ინსტრუქცია და არ არის დანერგილი კონტროლის სათანადო მექანიზმები, სამსახურებრივი და სამორიგეო ავტომობილების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველსაყოფად, რაც წარმოშობს როგორც ტრანსპორტის, ისე საწვავის არაეკონომიურად გამოყენების რისკებს.

მივლინების ხარჯები

ნაკლოვანებები მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმების გაცემისას - მივლინებულ პირთა სამივლინებო განაცხადები და სამივლინებო განაცხადებზე პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დასკვნები, რიგ შემთხვევებში არ არის რელევანტური მიმწვევი მხარის მიერ წარმოდგენილ დღის წესრიგთან, შედეგად, ფიქსირდება მივლინებულ პირებზე სადღეღამისო ნორმის გაზრდილი მოცულობით ანაზღაურების შემთხვევები.

ავიაბილეთების შესყიდვის პროცესის ნაკლოვანებები - პარლამენტის აპარატის მიერ სამივლინებო განაცხადების დადგენილი წესის დაუცველად, დაგვიანებით შევსება და შესაბამისად, ავიაბილეთების გამგზავრებამდე მოკლე პერიოდში შესყიდვა, მოქმედებს შესასყიდი ავიაბილეთების ღირებულებაზე და წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკებს.

ნაკლოვანებები სამივლინებო ხარჯების ავანსად გაცემისას - საქართველოს პარლამენტის აპარატში არ არის დანერგილი სათანადო კონტროლის- მექანიზმები, რომლებიც შეზღუდავდა ანგარიშვალდებულ პირზე ახალ საავანსო ანგარიშსწორების წარმოებას, ძველი სამივლინებო ანგარიშების დახურვის და შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების წარმოუდგენლობის გარეშე.

საქართველოს პარლამენტის აპარატს

რეკომენდაცია №1:

ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართლზომიერი გამოყენების უზრუნველყოფის, კონტროლის გარემოს გაუმჯობესების და საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციის მიზნით საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს ინსტრუქცია ავტოპარკის მართვის საკითხებთან დაკავშირებით. კარგი პრაქტიკის დანერგვისთვის შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს საჯარო სექტორში არსებული პრინციპები.

რეკომენდაცია №2:

საბიუჯეტო სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაოს და დანერგოს კონტროლის ეფექტიანი მექანიზმები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამივლინებო განაცხად(ებ)ში ასახული ინფორმაციის შესაბამისობა მიმწვევი მხარის მიერ ასანაზღაურებელ ოდენობებთან.