სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 02 მაისი, 2025
საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2023, 2022

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022-2023 წლების კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

შესყიდვები

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის ხარვეზები - საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა მნიშვნელოვანია შესყიდვის წარმატებით ჩატარებისა და სებ-ის რესურსების არაეკონომიურად განკარგვის რისკების მინიმიზაციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ 2022-2023 წლებში ტენდერის საშუალებით შესყიდვის განხორციელებისას სებ ითვალისწინებდა შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციებს ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, რიგ შემთხვევებში, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ვერ განისაზღვრა საბაზრო ღირებულებასთან მაქსიმალურად მიახლოებული თანხით და ტენდერებში დაფიქსირდა ფასების მნიშვნელოვანი კლება. 

ორი ტენდერის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ სებ-ს არ დაურღვევია შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, სებ-ს შესაძლოა ჰქონოდა საშუალება მომსახურება შეეძინა 20,400 ლარით ნაკლები ღირებულებით. 

გამარტივებული შესყიდვების მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებული ხარვეზები - 2022-2023 წლებში მონეტარული ზღვრების ფარგლებში განხორციელებულ 34,625 ლარის გამარტივებულ შესყიდვებთან დაკავშირებით, სებ-ის მიერ არ არის სრულყოფილად შესრულებული შესყიდვასთან დაკავშირებული სამუშაოები, ვინაიდან სებ-მა ვერ წარმოადგინა შესყიდვის განხორციელებამდე ობიექტის მახასიათებლების და ღირებულების დადგენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების დოკუმენტაცია.

შრომის ანაზღაურება

სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობის განსაზღვრა - 2016 წელს საქართველოს პარლამენტს მიენიჭა უფლებამოსილება, განესაზღვრა სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგო, თუმცა მისი ოდენობა პარლამენტს შესაბამისი სამართლებრივი აქტით არ დაუმტკიცებია. ასეთ შემთხვევაში, საბჭო ამტკიცებს საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობას, რომელიც საბჭოს გადაწყვეტილებით 2023 წლამდე შეადგენდა 6,500 ლარს, ხოლო 2022 წლის ნოემბერში საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან მისი ოდენობა განისაზღვრა 10,400 ლარით. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობის მოთხოვნები არ დარღვეულა, მნიშვნელოვანია სებ-ის საბჭოს წევრთა დამატებითი სარგოს ოდენობა დაადგინოს პარლამენტმა. 

პრემიის დასაბუთებასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2022-2023 წლებში სებ-ის 8 თანამშრომელზე გაცემული 48,349 ლარის პრემია არ იყო საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი მოხსენებითი ბარათები, რომლებშიც მითითებული იქნებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა განსაკუთრებულ დატვირთვასა და შესრულებულ სამუშაოზე. შედეგად, სრულყოფილად არ არის გათვალისწინებული სებ-ში დასაქმებულთა წახალისების წესის მოთხოვნები.

დადგენილზე მეტი ოდენობით გაცემული პრემია - 2022 წელს სებ-ის 12 თანამშრომელზე გაცემულმა პრემიამ 37,704 ლარით გადააჭარბა დადგენილ ზღვარს. პრემიის ზღვრების მონიტორინგის მიზნით, სებ-ში შემუშავდა შესაბამისი კონტროლის მექანიზმები. 

ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებული ხარვეზები - 2022-2023 წლებში სებ-ის თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას არ იყო გათვალისწინებული მოხელეთა სამუშაო დროის ხანგრძლივობისთვის კანონმდებლობით დადგენილი ნორმები. 

2023 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში სებ-ის 43 თანამშრომლის მიერ კვირაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი 518 საათის მიხედვით გაცემულმა დამატებითმა ანაზღაურებამ 22,427 ლარი შეადგინა, თუმცა დოკუმენტურად არ დასტურდება, რა სახის სამუშაოს შესრულება დაევალათ მათ. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს სებ-ში დამტკიცდა ახალი შინაგანაწესი, რომელშიც გათვალისწინებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების და ანაზღაურების წესი.

სებ-ის თანამშრომელთა წახალისების წესის ხარვეზები - „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატში საქმიანობა საჯარო სამსახურად ითვლება და საქართველოს ეროვნული ბანკის აპარატზე ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი.

„ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის მოხელეთა შრომის ანაზღაურების ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული ანაზღაურების დონეს. 

ორგანული კანონით დადგენილი სებ-ის უფლებამოსილება განსაზღვროს თანამშრომელთა პირების წახალისების წესი, გულისხმობს ამ ინსტიტუციის შესაძლებლობას, შეცვალოს და საკუთარი სპეციფიკის გათვალისწინებით დაადგინოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წახალისების წესი, რომელიც პრემირებას უკავშირებს შრომის ხარისხს, რაც მოხელის საქმიანობის შეფასების შედეგებით იზომება და შრომის ანაზღაურების გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს ეხმიანება. 

სებ-ის პრეზიდენტი განსაზღვრავს სებ-ის თანამშრომლების წახალისების წესს. აღნიშნული წესის შესაბამისად, 2023 წლის აგვისტოსა და დეკემბერში სებ-ის 604 თანამშრომელზე გაიცა სადღესასწაულო პრემია. უქმე დღეებთან დაკავშირებით თანამშრომელთა პრემირების სებ-ის მიერ დადგენილი წესი, არ არის სრულ შესაბამისობაში მოქმედ კანონმდებლობასთან.
 

საქართველოს ეროვნულ ბანკს

რეკომენდაცია №1

სებ-ის მოსამსახურეთა წახალისების წესში არსებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სებ-მა შეიმუშაოს შესაფერისი ნორმები, რომლებიც შესაბამისობაში იქნება საჯარო სამსახურის ერთიან პრინციპებთან.