რეკომენდაცია №1: მუნიციპალიტეტის მერიამ, დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომელიც მიმართული იქნება საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებაზე. ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტმა ბიუჯეტის შესრულებისას წარმოშობილი თავისუფალი ფულადი სახსრები მიმდინარე წელს დროულად მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების განსახორციელებლად. მიზანშეწონილია მერიამ, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება და შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობისარანაკლებ ერთი პროცენტი მიმართოს მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.
რეკომენდაცია №2: მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას და პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას.
მუნიციპალიტეტმა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის განსაზღვროს ადეკვატური საჯარიმო სანქცია. დადგენილი პირგასამტეხლო თანაზომიერი უნდა იყოს მოსალოდნელ ზიანთან, რაც ხელს შეუწყობს სამუშაოების დროულ და ხარისხიან შესრულებას. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №3: მუნიციპალიტეტის მერიამ სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი, არადისკრიმინაციული მიდგომა. ამასთანავე, ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და არ დაუშვას კანონშეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №4: საბიუჯეტო რესურსების რაციონალურად ხარჯვის ხელშეწყობის მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ განსაზღვროს მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შესაბამისობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებთან, შეისწავლოს მათი საქმიანობა და არსებული საკადრო პოლიტიკა. შეაფასოს მსგავსი ფუნქციების მქონე ორგანიზაციების ცალ-ცალკე დაფუძნების/არსებობის მიზანშეწონილობა. ასევე გაანალიზოს ა(ა)იპ-ის საქმიანობით მიღებული სარგებელი და მათი ფუნქციონირებისათვის დახარჯული სახსრები, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს იურიდიული პირებისა და მათში არსებული საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია.
რეკომენდაცია №5: ხონის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ, საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტიანად მართვის მიზნით, შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესრულებას, ასევე ქონებიდან მისაღები შემოსავლის ბიუჯეტში დროულ და სრულ მობილიზებას. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №6: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურად ხარჯვის მიზნით, მიზანშეწონილია შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით განსახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან. საჭიროა მუნიციპალიტეტმა მიმწოდებლებისაგან მოითხოვოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაიანგარიშოს ფაქტობრივი ხარჯები. შეუსაბამობების არსებობის ან დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში, გაატაროს სათანადო სამართლებრივი ღონისძიებები, მათ შორის, მუნიციპალიტეტის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ, რომელთაც ევალებოდათ ანგარიშსწორების აღნიშნული პრინციპის დაცვა.
რეკომენდაცია №7: ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ბაზის შექმნა და წლის განმავლობაში მისაღები მოსაკრებლის ოდენობის დაანგარიშება. ასევე შეიმუშაოს მოსაკრებლის გადახდევინების ინსტრუქცია, დანერგოს კონტროლის მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის სახით მისაღები შემოსავლების მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ადმინისტრირებას. მერიამ გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №8: ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევას რაციონალურად, ეკონომიურად და გამჭვირვალედ. აღნიშნული წესით უნდა განისაზღვროს სტუმრების მიღების ფორმა, მიზანი და გამასპინძლების ეტიკეტი, ანგარიშსწორებისთვის წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი და სხვა კონტროლის მექანიზმები. ამასთანავე, არსებული ფინანსური რესურსის განაწილების პროცესში ხარჯების დაგეგმვისას, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა გაითვალისწინონ ის პრიორიტეტები, რომლებიც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იქნება მიმართული.
რეკომენდაცია №9: ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ მოახდინოს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.
რეკომენდაცია №10: მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) დანერგოს კონტროლის პროცედურა/სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მის საკუთრებაში არსებული ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნული ხელს შეუწყობს აქტივებისა და ვალდებულებების ფაქტობრივი ნაშთების დადგენას, აქტივების შენახვის, დაცვისა და ექსპლოატაციის წესების შესრულებას, ასევე ვალდებულებებისა და აქტივების აღრიცხვის გაუმჯობესებას.
რეკომენდაცია №11: ხონის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის იმგვარი ფუნქციონირება, რომელიც მოახდენს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.