აუდიტის მიგნებები:
• ცალკეული პროგრამის ფარგლებში საბიუჯეტო პარამეტრების აუთვისებლობა და 2018 წელს საბიუჯეტო ანგარიშზე რიცხული გამოუყენებელი საბიუჯეტო რესურსი მიუთითებს, რომ ბიუჯეტი არასათანადოდ დაიგეგმა, ხოლო არსებული რეზერვები არაეფექტიანად იქნა გამოყენებული. ამასთანავე, ბიუჯეტის პროგრამების შედგენის არსებული სისტემა არ იძლევა მიღწეული შედეგების გაზომვის და შესაბამისად, პროგრამის ეფექტიანობის შეფასების საშუალებას, რაც საბიუჯეტო რესურსის სწორად გადანაწილებისა და გამოყენების მთავარი პირობაა.
• ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ არ ხდება დასუფთავების მოსაკრებლის ეფექტიანი ადმინისტირება. შედეგად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი კარგავს დამატებით შემოსავლების მიღების შესაძლებლობას.
• ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის მექანიზმში არსებული სისუსტეების შედეგად, წყლის სისტემის, ბაღის და გზის მოწყობის სამუშაოები უხარისხოდ და არასრულყოფილად არის შესრულებული. არ არის დადასტურებული ნაპირსამაგრი სამუშაოსათვის გაწეული ხარჯის საჭიროება. გარდა ამისა, საბიუჯეტო რესურსი დახარჯულია ისეთ სამუშაოებზე, რომლითაც ფაქტობრივად არ სარგებლობენ. მუნიციპალიტეტი ეფექტიანად ვერ იყენებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარანტიას შესრულებულ სამუშაოებზე და ქმედით მექანიზმებს ზიანის ასანაზღაურებლად.
• გარე განათების ქსელის მოვლა-ექსპლუატაციასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვის სატენდერო წინადადებით განსაზღვრული მოთხოვნები კონკურენციის შეზღუდვის ნიშნებს შეიცავს. ამასთანავე, არ ხდება სათანადო კონტროლი მიმწოდებლების მხრიდან სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, რაც მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის რისკებს წარმოშობს.
• მუნიციპალიტეტში არ მოქმედებს ერთიანი წესი მუნიციპალური ავტოპარკის გადანაწილების და კლასიფიკაციის შესახებ, რაც ზრდის საბიუჯეტო რესურსების ხარჯვის რისკებს. ამასთანავე, არ არის ჩამოყალიბებული კონტროლის მექანიზმი საწვავის ხარჯვაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობაზე არ არის დამონტაჟებული „აგაის“ სისტემის ჩიპები, შესაბამისად, არსებობს ავტომანქანების და საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების შესაძლებლობა.
• შპს „ხელვაჩაურის წყალკანალის“ მიერ განხორციელებულია სამუშაოები იმ ობიექტებზე, რომლებზეც მერიის მიერ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით ვრცელდებოდა საგარანტიო პირობები, შესაბამისად, მას არ ჰქონდა სამუშაოთა წარმოების უფლება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგარანტიო პირობების გამოუყენებლობა წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიურად ხარჯვის რისკებს. ასევე ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურის მიერ გაწეული ხარჯები არ შეესაბამება ორგანიზაციის წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და საქმიანობის სფეროს.
• იურიდიულ პირებში არ ხდება თანამშრომელთა დანიშვნა რეალურად ორგანიზაციის ფუნქციური საჭიროებებიდან გამომდინარე, არ არსებობს დასაქმებულ პირთა შეფასების სისტემა. შტატგარეშედ დასაქმებულ პირებთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში არ არის განსაზღვრული შესასრულებელ სამუშაოთა სახეობი და ფუნქცია-მოვალეობები. დასაქმებულ პირთა ნაწილი არ ასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც ორგანიზაციებში ადამიანური რესურსების მართვის სისუსტეზე მიუთითებს.
• მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე.
• ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში არ არის დანერგილი ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის და გაწეული ხარჯის გამჭვირვალობას, ეფექტიანობას და მიზნობრიობას.