სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 23 თებერვალი, 2024
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა 

2021-2022 წლების ბიუჯეტის შესრულების ნაკლოვანებები - 2021 წელს ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი 89%-ით, ხოლო გადასახდელები − 84%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე 2021-2022 წლებში არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს. 

სახელმწიფო შესყიდვები 

დაგეგმვაში არსებული ხარვეზები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა- განხორციელებას, ამასთანავე, სამშენებლო მასალების და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების და სხვა გარემოებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების დროისთვის, შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული. 

პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაკლოვანება - მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ განხორციელებული ცვლილებების შედეგად, გაუარესდა შემსყიდველის პირობები, ასევე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოუყენებლობით, ბიუჯეტში არ მოხდა დამატებით 13,407 ლარის მობილიზება. 

სათანადო დოკუმენტაციის გარეშე გადარიცხული თანხები - მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს მოქმედი რეგულაციების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით განსაზღვრული პირობების დაცვას, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადახდილია თანხები, როდესაც არ არსებობს შესაბამისი ხელშეკრულებები, ხოლო ხელშეკრულებების შემთხვევაში არ დასტურდება შესაბამისი საქონლის/მომსახურების მიღება. 

იურიდიული პირების მართვა 

საბიუჯეტო რესურსების გამოყენებაში არსებული ნაკლოვანებები - ა(ა)იპ − ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურების სამსახურში 2019-2022 წლებში ზედმეტად გაცემულია თანხები, მათ შორის, როგორც ხელფასის სახით, ასევე სხვადასხვა საფუძვლით. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ იურიდიულ პირებში აღნიშნულისა, შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. 

ტრანსპორტის ხარჯები 

ტრანსპორტის მოვლა-შენახვის და საწვავის ხარჯვის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ავტოსატრანსპორტო და სპეციალური ტექნიკისათვის შეძენილი სათადარიგო ნაწილების და საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურად დადასტურებას, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება 2021-2022 წლებში შესყიდული სათადარიგო ნაწილების და საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით. 

შიდა კონტროლის სისტემა 

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.
 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1:  

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უზრუნველყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის ახალი პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას.

რეკომენდაცია №2: 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სარწმუნო და შესაფერისი ინფორმაციის შეგროვებას და მის საფუძველზე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებას და განხორციელებას.

რეკომენდაცია №3: 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო ფინანსების ხარჯვის რაციონალურობას და გამჭვირვალობას. კერძოდ, გააძლიეროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შესრულების და მიმწოდებლებთან ანგარიშსწორების მონიტორინგი, დაინერგოს საქონლის მიღების და ჩამოწერის წესი. ამასთანავე, უკვე გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრის მიზნით გაატაროს სათანადო ღონისძიებები. 

რეკომენდაცია №4: 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის სათანადოდ წარმართვას. ამასთანავე, შრომითი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, უზრუნველყოს დასაქმებულ პირთა ფუნქციების დეტალური გაწერა და დანერგოს ნამუშევარი საათების აღრიცხვის სისტემა, ხოლო თანხების მითვისებისა და არასწორად გაცემის ფაქტებზე გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. 

რეკომენდაცია №5: 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №6: 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას; ამასთანავე შიდა აუდიტის სამსახურმა, აუდიტის თემების შერჩევის დროს, ყურადღება გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე.