სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტეტმა ვერ უზრუნველყო 2019-2020 წლებში საკუთარ ანგარიშებზე არსებული თავისუფალი ნაშთის სახით, ჯამში − 3,568,670 ლარის ათვისება, რაც მიუთითებს მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიანი მართვის და პროექტების დაგეგმვის ხარვეზებზე.
შესყიდვები
მშენებლობა-რეაბილიტაციაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა 2,884,841 ლარის ღირებულების მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა განახორციელებინა გამოცდილების არმქონე იურიდიულ პირს, სადაც საბაზრო ფასთან შედარებით, ზედმეტად არის გადახდილი 194,586 ლარი, ხოლო სატრანსპორტო ხარჯის გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე ანაზღაურებულია 45,064 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვაში კონკურენციის შეზღუდვა - მერიამ განათების წერტილების ტექნიკურ მომსახურებაზე 302,043 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა არაკონკურენტულ გარემოში განახორციელა, სატენდერო დოკუმენტაციაში არ მიუთითა განათების წერტილების ჩართვა-გამორთვის თვითრეგულირება, ხოლო ვალდებულების შეუსრულებლობისათვის განსაზღვრა დიდი ოდენობის პირგასამტეხლო, რაც ფაქტობრივად არ გამოუყენებია.
წყალმომარაგების უზრუნველყოფის ღონისძიებაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო ხარვეზით შესრულებული სამუშაოების გამოვლენა და აღმოფხვრა. შედეგად, არასრულყოფილად შესრულებული სამუშაოებისათვის გადახდილია არანაკლებ 179,829 ლარი. ამასთანავე, წყალსადენის რეზერვუარის მომსახურებისათვის დაუსაბუთებლად არის განსაზღვრული დასაქმებულ პირთა რაოდენობა, ხოლო ფაქტობრივად გაწეული მომსახურების დადასტურების გარეშე ანაზღაურებულია 369,985 ლარი.
საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტმა ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის 26 შემთხვევაში საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვაზე გადაიხადა ხელშეკრულების სრული თანხა − 144,517 ლარი, თუმცა არასრულყოფილად ჩაატარა ბაზრის კვლევა, პროექტების მიღების ეტაპზე არ განახორციელა ინსპექტირება, შესყიდულ საპროექტო დოკუმენტაციაში არასწორად არის განსაზღვრული სამუშაოების სახეობები, არანაკლებ, 1,822,997 ლარის ღირებულების სამუშაოებზე მიღებულია ხარვეზით შედგენილი პროექტი, რამაც განაპირობა, რომ დადგენილ დროში ვერ დასრულდა სამშენებლო სამუშაოები. აღნიშნულ პირობებში მიმწოდებელზე არ არის დაკისრებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
შრომის ანაზღაურება
შრომის ანაზღაურების გაცემაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში სრულფასოვნად არ გამოიყენება სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა. ამასთანავე, 64 პირი, რომელთა ანაზღაურებამ შეადგინა 230,851 ლარი, შეთავსებით დასაქმებულია სხვა უწყებაში, ხოლო მათ მიერ მუნიციპალიტეტში სამუშაო დროის რაციონალურად გამოყენება წარმოდგენილი დოკუმენტებით არ დასტურდება.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავის ხარჯი
საწვავის ხარჯვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები. წარმოდგენილი დოკუმენტებით, ბალანსზე რიცხულ და საჯარო მოსამსახურეების პირად საკუთრებაში არსებულ 46 ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ჯამში − 163,362 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება.
აქტივების მართვა
აქტივების მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 91,787,853 ლარის ღირებულების აქტივების ინვენტარიზაცია, ხოლო 61 დასახელების − 11,547,290 ლარის ღირებულების აქტივები არ აქვს აღრიცხული ფინანსურ ანგარიშგებაში.
კვების პროდუქტები
ხელშეკრულების პირობების დარღვევით პროდუქტების შეძენა - მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ − ხელვაჩაურის საბავშო ბაღების გაერთიანებამ, სატენდერო წინადადებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხისა და გადახდილ ფასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის გარეშე, შეიძინა 27,610 ლარის ღირებულების კვების პროდუქტი.
საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება
დასაბუთების გარეშე ხარჯების ანაზღაურება - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, ხარჯის ანაზღაურების მიზნით გასცა სულ − 72,975 ლარი.
შიდა კონტროლი
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.