სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ 2022 წლის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, როგორც ერთადერთი ლიცენზირებული სუბიექტი, უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ, უწყვეტ, უსაფრთხო ტრანსპორტირებას და მაგისტრალური გაზსადენების გამართულ ფუნქციონირებას. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ხორციელდება საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებისათვის, სამრეწველო და ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტებისთვის და ტრანზიტული დანიშნულებით, ჩრდილოეთიდან − სამხრეთის მიმართულებით. კომპანია ტრანსპორტირებას ახორციელებს შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრესთან“, მაგისტრალური გაზსადენებისა და ინფრასტრუქტურის დროებით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით, გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.
კომპანია ასევე უზრუნველყოფს, მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების გეგმისა და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების ფარგლებში, დასახლებულ პუნქტებში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებას.
კომპანიის შემოსავლის მთავარი წყაროა გაზის ტრანსპორტირების და ტრანზიტის მომსახურების გაწევიდან მიღებული სარგებელი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად. კომპანიის საქმიანობიდან მიღებულმა ამონაგებმა 2022 წელს შეადგინა 114,087,000 ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ − 35,918,000 ლარი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბუნებრივი გაზის ხარისხის მონიტორინგი
ბუნებრივი გაზის ხარისხის არასრულყოფილი მონიტორინგი - კომპანიის მიერ ბუნებრივი გაზის ხარისხის გაზომვის პროცედურები არ არის სრულად შესაბამისობაში ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებთან, რაც კომპანიის მიერ ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის ხარისხის დაცვის, გაზსადენი მილების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის დაზიანების რისკებს წარმოშობს.
ბუნებრივი გაზის აღრიცხვის სისტემა
ბუნებრივი გაზის მრიცხველების არასრულყოფილი მონიტორინგი - აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ არ არის უზრუნველყოფილი ტურბინული და როტაციული ტიპის მრიცხველების კანონის შესაბამისად დადგენილ ვადებში სრულად შემოწმება. აღნიშნული შესაძლოა ქმნიდეს ტრანსპორტირებული ბუნებრივი გაზის არასწორად აღრიცხვის რისკებს, რაც დაკავშირებულია ფინანსურ დანაკარგებთან.
ტრანსპორტის ხარჯები
არამართლზომიერად გაწეული ტრანსპორტის ხარჯები - კომპანია, როგორც 100%-იანი სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო, ავტოპარკის მართვის დროს უნდა ხელმძღვანელობდეს საქართველოს მთავრობის დადგენილებებით დამტკიცებული სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის წესის შესაბამისად, თუმცა აუდიტის პერიოდში გამოვლინდა კომპანიის მიერ მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსაბამობის გარკვეული შემთხვევები:
- თანამდებობის პირების მივლინებისა და შვებულების დროს, მათზე განპიროვნებული ავტომობილის ექსპლუატაცია შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს;
- სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი მიზნებისთვის დაუსაბუთებლად გამოყენების შემთხვევები, რაც შესაძლოა მიუთითებდეს არამართლზომიერად გაწეულ ხარჯებზე;
- თანამშრომელთა კუთვნილი ავტომობილების თხოვება, შესაბამისი საჭიროების დასაბუთების გარეშე, რაც წარმოადგენს არამართლზომიერ ხარჯს.
ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება
გაზის ტრანსპორტირების პროცესის ნაკლოვანება - ტრანსპორტირების ხელშეკრულების გაფორმებისთვის განაცხადის სტანდარტული ფორმა ითვალისწინებდა სისტემით მოსარგებლის მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების ასლის წარმოდგენას. ამავე დროს, აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ტრანსპორტირების ხელშეკრულება ფორმდებოდა ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულების წარმოდგენის გარეშე, ხოლო სხვა შემთხვევებში ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გაზის მოცულობა არ შეესაბამებოდა ფაქტობრივად ტრანსპორტირებული გაზის მოცულობას, რაც ხელს უშლის ტრანსპორტირების საპროგნოზო მაჩვენებლების განსაზღვრას და წარმოშობს ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მოცულობების ტრანსპორტირების რისკებს. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულს აუდიტის პერიოდში არ გამოუწვევია უარყოფითი შედეგი − მიუღებელი შემოსავლის სახით, კონტროლის მექანიზმის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია ტრანსპორტირების პროცესის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად, ასევე სავაჭრო პროცესის უწყვეტობისა და მიკვლევადობისთვის.
იჯარის ხელშეკრულება
იჯარის ხელშეკრულების მართვის ნაკლოვანება - შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ და შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის“ მესაკუთრეს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, მეიჯარესთან შესათანხმებლად წარდგენილი მაგისტრალური გაზსადენის და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის კაპიტალური სამუშაოების წლიური გეგმის უმეტესი ნაწილი, ქსელის მესაკუთრის მიერ არ სრულდებოდა და წლიდან წლამდე ატარებდა განმეორებით ხასიათს, ხოლო რაც შეეხება მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს, 2022 წელს გეგმის, დაახლოებით, 68% შესრულდა. ზემოაღნიშნულმა გარემოებებმა მოსალოდნელია წარმოშვას გარკვეული რისკები, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ტრანსპორტირების სისტემის სათანადოდ მუშაობასა და ბუნებრივი გაზის უწყვეტად მიწოდებაზე.
ინვესტიციის შეფასება
კომპანიის ინვესტიციის მართვის ხარვეზი - 2012 წელს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასა და აზერბაიჯანულ ორგანიზაცია „ინტერ გლასის“ მიერ განხორციელდა ერთობლივი 5 მილიონი ლარის ღირებულების ინვესტიცია (აზერბაიჯანული მხარის წილი იყო 3 მილიონი ლარი, ხოლო შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ − 2 მილიონი ლარი) მინის ტარის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისათვის, რისთვისაც დაფუძნდა ერთობლივი საწარმო შპს „ინტერ გლასს-საქართველო“. კომპანიამ შპს „ინტერ გლასს-საქართველოში“ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა როგორც უძრავი ქონების კაპიტალში შეტანის ფორმით, ასევე ფულადი სახით. კომპანიის დარჩენილი წილის შევსების ვალდებულებამ შეადგინა 545,670 ლარი.
2020 წლის შედეგებით, შპს „ინტერ გლასს-საქართველო“ იყო უმოქმედო და ეკონომიკურ საქმიანობას არ ახორციელებდა, ხოლო საგადასახადო ვალდებულების 67,465 ლარის დაფარვის მიზნით, 2022 წელს სსიპ − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მოახდინა დაყადაღებული 256,000 ლარის ღირებულების ქონების რეალიზაცია აუქციონის წესით. რამდენიმეჯერ ჩაშლილი აუქციონის მიზეზით, ქონება გაიყიდა შეფასებულ ღირებულებაზე მნიშვნელოვნად დაბალ ფასად-51,200 ლარად, რითაც სრულად ვერ მოხერხდა საგადასახადო ვალდებულების დაფარვა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 31 დეკემბრის შედარების აქტის მიხედვით, შპს „ინტერ გლასს-საქართველოს“ საგადასახადო ვალდებულებამ შეადგინა 72,977 ლარი. შედეგად, მთავრობის განკარგულებით გათვალისწინებული საინვესტიციო მიზნები არ არის შესრულებული, ხოლო ინვესტიციიდან მიღებულია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგები.
შრომითი ხელშეკრულებები
ხელშეკრულებით დასაქმებულთა მართვის ნაკლოვანება - კომპანიაში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებზე განისაზღვრებოდა შესაბამისი უფლება-მოვალეობები და შესასრულებელი სამუშაოები, თუმცა კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც ქმნის აღნიშნული პროცესის გაუმჭვირვალობის რისკებს.
ინვენტარიზაცია
ინვენტარიზაციის პროცესის მართვის ნაკლოვანება - კომპანიაში ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაცია არ მიმდინარეობს საანგარიშო წლის დასრულების პარალელურად, რაც ქმნის რისკებს, რომ დროულად არ იქნეს ფინანსურ ანგარიშგებაში გათვალისწინებული ინვენტარიზაციის პროცესში გამოვლენილი სხვაობები, ხოლო რაც შეეხება მატერიალურ მარაგებს, ინვენტარიზაციის პროცესი სრულად არ არის შესაბამისობაში ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან, რაც წარმოშობს მარაგების დათვლის გაუმჭვირვალობის რისკებს.