სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 25 აგვისტო, 2023
შპს „თბილსერვის ჯგუფის“ საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირება

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების ხარვეზები - დაგეგმვის, შესრულებისა და კონტროლის პროცესებში არსებული სისუსტეების შედეგად, „თბილსერვის ჯგუფი“ დიდი ოდენობით თანხებს ხარჯავს ზოგიერთი ისეთი მომსახურების მისაღებად, რომლის ღირებულების გაანგარიშებაც არ ეფუძნება რეალურ გათვლებს.

სახელმწიფო შესყიდვების მართვა

სატენდერო დოკუმენტების ხარვეზები - ავტომანქანების შესყიდვის პროცესში სატენდერო მოთხოვნები ზღუდავდა კონკურენციას, რის გამოც ტენდერი ერთი პრეტენდენტის მონაწილეობით ჩატარდა და მიმწოდებელმა გაიმარჯვა სრული სავარაუდო ღირებულების იდენტური სატენდერო ფასით. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

გამარტივებულ შესყიდვებში არსებული ხარვეზები - მუნიციპალურმა შპს-მ სამ  შემთხვევაში შესყიდვის პროცედურები წარმართა არასათანადოდ. შედეგად, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულებები გაიზარდა და შემსყიდველმა დაკარგა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

სატენდერო პირობებით შეზღუდული კონკურენცია - თბილსერვისმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართა იმგვარად, რომ კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, ორ შემთხვევაში დაბალი სატენდერო ფასის მქონე პრეტენდენტებს მიანიჭა დისკვალიფიკაცია. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

საბაზრო ფასის უგულებელყოფა - სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, თბილსერვისს პრეტენდენტების მიმართ გააჩნდა არაერთგვაროვანი მიდგომა. შედეგად, შემსყიდველმა დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.

ინტერესთა კონფლიქტი - დაგეგმვასა და მონიტორინგში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, თბილსერვისმა შესყიდვის პროცესი წარმართა იმგვარად, რომ დაირღვა ინტერესთა კონფლიქტის პირობები. ამასთანავე, ინვენტარიზაცია არ ტარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით, ხოლო შესრულებული სამუშაოების ინსპექტირება ხორციელდებოდა არასათანადოდ.

შრომის ანაზღაურება

ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ხარვეზები - თბილსერვისში ზოგიერთი დასაქმებულის ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აჭარბებს ადამიანის ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის შესაძლებლობას. აღნიშნული წარმოქმნის რისკს, რომ აღრიცხვის დოკუმენტში დასაქმებულთა ზეგანაკვეთური საათების მითითებული რაოდენობა არაგონივრულადაა გაზრდილი, მეტი ანაზღაურების გაცემის მიზნით.

ადმინისტრაციული ხარჯები

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ხარვეზები - სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად, თბილსერვისი იყენებს 869 ერთეულ მსუბუქ და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებას, რაც არაგონივრულად მაღალია და მათი მოვლა-შენახვისთვის არარაციონალურად იხარჯება კომპანიის ფულადი სახსრები. ამასთანავე, შპს-ს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.

გამოუყენებელი სააღრიცხვო მოწყობილობა - მუნიციპალურ შპს-ში გაუმართავია დასუფთავების თანამშრომელთა საველე პირობებში გამოცხადების აღრიცხვის ელექტრონული სისტემა. თბილსერვისმა არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები აღრიცხვის ელექტრონული სისტემის სრულად ფუნქციონირებისათვის.

მმართველობითი გადაწყვეტილებები

ნაგავსაყრელის მოვლა-პატრონობის ხარვეზები - მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონის მართვასა და მოვლა-პატრონობაში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმების შედეგად, თბილსერვისმა ვერ უზრუნველყო პოლიგონის მოწყობა დადგენილი სტანდარტებისა და ნორმების შესაბამისად.

ზიანის ანაზღაურება - თბილსერვისმა ხელშეკრულების მართვის ეტაპზე პროცესები წარმართა იმგვარად, რომ არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერ მიაღწია შესყიდვით დაგეგმილ მიზანს. აღნიშნულის გამო თბილსერვისს დაეკისრა დამატებითი ხარჯის გადახდა.

დაკისრებული სანქციები - კონტროლის მექანიზმების არასათანადო ფუნქციონირების შედეგად, თბილსერვისმა დაარღვია საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთანავე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შედეგად, მუნიციპალურმა შპს-მ ჯარიმის სახით დამატებით გადაიხადა 163.9 ათასი ლარი. 
 

შპს „თბილსერვის ჯგუფს“

რეკომენდაცია №1: 

თბილსერვისმა სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულმა მოთხოვნებმა არ შეზღუდოს კონკურენცია; სატენდერო კომისიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმები და უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ ერთგვაროვანი მიდგომა; შესყიდვების დაგეგმვისას, ობიექტის სავარაუდო ღირებულება განსაზღვროს გონივრულ გათვლებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით.

რეკომენდაცია №2: 

თბილსერვისმა დააწესოს დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს დასაქმებულთა ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ყოველდღიურ ზუსტ აღრიცხვას და ზეგანაკვეთური თანხების ანაზღაურება განახორციელოს მხოლოდ დაზუსტებული აღრიცხვის დოკუმენტების საფუძველზე.

რეკომენდაცია №3: 

საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია თბილსერვისმა დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები, მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა განხილულ იქნეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის ჩიპების მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე შესაძლოა განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემების დანერგვა. ამასთანავე, დამფუძნებელთან კონსულტაციით, თბილსერვისმა შეისწავლოს რამდენად აუცილებელია საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე მოცემული რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საჭიროება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.