სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 15 აპრილი, 2014
ქ.თბილისის მერიის მიერ ქალაქის გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის - აუდიტის 2013 წლის 28 ივნისის №26/00 ანგარიშში ცვლილების შეტანის შესახებ
პერიოდი: 2012, 2011, 2010, 2009

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში პრეზიდიუმის გადაწყვეტილების შესაბამისად, დამატებით განხორციელდა ქ.თბილისის მერიის მიერ 2009-2011 წლებში ქალაქის გამწვანების ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში დაფიქსირებული ორი საკითხის შესწავლა.

1. „ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე გზის გამყოფი ზოლების სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვის“ თავში დაკონკრეტდა სარწყავი სისტემის ფუნქციონირების პერიოდი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

2008 წელს განხორციელდა ჯორჯ ბუშის ქუჩიდან ქ.თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე გზის გამყოფი ზოლების სარწყავი სისტემის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა. სამუშაოების მთლიანმა ღირებულებამ შეადგინა 3,277.9 ათასი ლარი, მათ შორის: განაპირა მარცხენა და მარჯვენა ზოლებში – 2,585.4 ათასი ლარი, ხოლო შუა გამყოფ ზოლში – 692.5 ათასი ლარი.

მიუხედავად მერიის მიერ გაწეული ხარჯისა1, განაპირა ზოლებზე სარწყავი სისტემა აუდიტის პერიოდში2 და აუდიტის მიმდინარეობისას არ ფუნქციონირებდა.

2. „შპს ,,კედარი“ – კახეთის გზატკეცილზე მწვანე ნარგაობებისათვის სამაგრების მოწყობის“ თავი შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:

2010 წელს კახეთის გზატკეცილზე, აეროპორტის ტრასის შუა ზოლში, მწვანე ნარგაობისათვის სამაგრების მოწყობის სამუშაოებზე შპს ,,კედართან“ გაფორმდა ხელშეკრულება 199.7 ათას ლარზე. სამუშოები მოიცავდა რკინის ბოძების დაბეტონებას და მასზე მწვანე ნარგავების დასამაგრებელი საშუალებების მოწყობას.

2012 წელს აუდიტის ჯგუფისა დასახელმწიფო აუდიტის სამსახურის ექსპერტიზის სამსახურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული აზომვების და განხორციელებული დაანგარიშების შესაბამისად აღნიშნული სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხიდან (199.7 ათასი ლარი) შესრულებაში ზედმეტად ნაჩვენებმა და შესაბამისად, მერიის მიერ ზედმეტად ანაზღაურებულმა სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 93 ათასი ლარი.

ქ.თბილისის მერიის დაკვეთით, 2013 წლის ივნისში განხორციელდა შპს „კედარი“-ს მიერ შესრულებული სამუშაოების ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ფაქტიურად შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება, ნაცვლად ფორმა №2-ში ნაჩვენები 199 743 ლარისა, შეადგენს 198 588 ლარს. სხვაობამ ნაკლებობით შეადგინა 1 155 ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული საკონტროლო აზომვებისა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი დასკვნის შედეგების განსხვავების გამო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელდა დამატებითი ექსპერტიზა.

ექსპერტიზის სამსახურის მიერ გაცემული დასკვნის შესაბამისად დადგენილი იქნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და შემდგომ, მერიის დაკვეთით ექსპერტიზის სამსახურის მიერ გაცემულ დასკვნებს შორის განსხვავებები გამოწვეულია აუდიტის სამსახურის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ პერიოდში დამატებითი სამუშაოების შესრულებით. დამატებითი სამუშაოების შესრულების შედეგად ჭარბად (ზედმეტად) გახარჯულმა ბეტონის მოცულობამ შეადგინა 88.74 კბ.მეტრი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მერიის მიერ შედგენილი ხარჯთაღრიცხვის გათვალისწინებით, ზედმეტად (დაუსაბუთებლად) შესრულებულმა შეადგინა 29371 ლარი.

2012 წელს, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელდა შესრულებული სამუშაოების შემოწმება, ნარგაობებისთვის მოწყობილი სამაგრები ფუნქციონირებდა3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებისა და ექსპერტიზის სამსახურის თანამშრომლების აზრით ობიექტი აღარ საჭიროებდა დამატებითი სამუშაოების განხორციელებას.

აუდიტის ჯგუფისთვის გაურკვეველია, აუდიტის სამსახურის მიერ ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ პერიოდში თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები იქნა დამატებით ჩატარებული, ვის მიერ (მერია თუ შპს ,, კედარი“) და ვისი დაფინანსებით. ამდენად, შესაბამისი კომპეტენტური (სამართალდამცავი) ორგანოების მიერ 2010 წლის დეკემბერში შესრულებაში ზედმეტად ნაჩვენები (ანაზღაურებული) სამუშაოების ღირებულებასთან ერთად შესასწავლია დამატებითი (არასაჭირო) სამუშაოების შესრულებისა და გამოყოფილი თანხებიც.


1. 2,585.4 ათასი ლარი

2. 2009-2011 წლები

3. 2010 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ივლისამდე პერიოდში ობიექტი ფუნქციონირებდა  ყოველგვარი შეფერხებების გარეშე.