სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 29 მაისი, 2020
ქ. ბათუმის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემისა და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018, 2017, 2016

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ქ. ბათუმის მერიის მიერ 2016-2018 წლებში, მშენებლობის ნებართვის გაცემასა და სახელმწიფო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საკითხები.  

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა

მერიის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არ ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე უკანონო (უნებართვო) მშენებლობების შეჩერება და აღმოფხვრა, ხოლო რიგ შემთხვევებში, ნებართვები უკვე აშენებულ შენობებზე გაიცემა. მერიამ არ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, მიწის ნაკვეთზე მზიდი კონსტრუქციებით უკანონოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე. ამასთანავე, სხვადასხვა პირის მიერ კვლავ გრძელდება უნებართვოდ აშენებული შენობებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დაკავება და სარგებლობა, რაც შესაძლოა მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიერ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული;

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის განსაზღვრა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და მისი გადახდის შესახებ მიღებული დადგენილება ურთიერთშეუსაბამო ნორმებს შეიცავს, რომელთა გამოყენებითაც ბიუჯეტმა დაკარგა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც შესაძლოა კერძო სუბიექტების ინტერესების სასარგებლოდ არამართლზომიერ ქმედებებთან იყოს დაკავშირებული. ამასთანავე, ქალაქ ბათუმის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის ზუსტ დაანგარიშებას, დროულ გადახდას და სათანადო აღრიცხვას.

განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტისათვის მოსაკრებლის განსაზღვრა

ქალაქ ბათუმში ერთსა და იმავე ტერიტორიულ ზონაში, სადაც დადგენილი მიწის ნორმატიული ფასი საერთოა და სადაც ბოლო წლებში ქალაქ ბათუმში მრავალსართულიანი შენობების მშენებლობისადმი ინტერესი მაღალია, განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდისათვის არ იყო განსაზღვრული მოსაკრებელი, რომლის არსებობის შემთხვევაში, ბიუჯეტს ექნებოდა დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. ამასთანავე, რიგ შემთხვევებში, დაუსაბუთებულია კ-2 კოეფიციენტის ზრდასთან დაკავშირებული უარყოფითი გადაწყვეტილებები.

მშენებლობის ნებართვების მაძიებლების განცხადებების განხილვა

ქალაქ ბათუმის მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მშენებლობის ნებართვებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელებულია არაერთგვაროვანი მიდგომით, კანონით დადგენილი ვადების დარღვევით, რაც წარმოშობს მაძიებელთა მოთხოვნის სუბიექტური განხილვის და არამართლზომიერი ქმედების რისკებს.

ქალაქ ბათუმის მერიას:

რეკომენდაცია №1: ქალაქ ბათუმის მერიამ დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს უნებართვო მშენებლობების დროულ გამოვლენას და სათანადო რეაგირებას; ამასთანავე, შეისწავლოს ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო და შეჩერებული მშენებლობების ფაქტები, განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №2: ქალაქ ბათუმის მერიამ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის ცვლილებებთან დაკავშირებულ დარღვევა-ნაკლოვანებებზე გამოავლინოს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. 

რეკომენდაცია №3: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლოს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (კ-2) მაძიებლებზე დაუსაბუთებლად უარის თქმის გამომწვევი მიზეზები და არაობიექტური გარემოების არსებობის პირობებში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები. ამასთანავე, მერიამ საკრებულოსათვის წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების ინიცირებისას, მკაფიოდ დაასაბუთოს მისი მიღების საჭიროების და რეგულირების სფერო.

რეკომენდაცია №4: ქალაქ ბათუმის მერიის ხელმძღვანელობამ დაადგინოს ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის ადმინისტრაციული წარმოების დაგვიანებით განხილვის გამომწვევი მიზეზები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს ქმედითი ღონისძიებები. ამასთანავე, გონივრულ ვადაში დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც აღმოფხვრის ნებართვის მაძიებელთა მოთხოვნის სუბიექტური განხილვის შესაძლებლობას.