სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 08 აპრილი, 2022
ქუთაისის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტში არსებობს ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო „არაფინანსური აქტივების ზრდის“ პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა და შესრულება, რის გამოც აღნიშნული საბიუჯეტო მუხლის შესრულებას, შესაბამისად, 7.1% და 31.9% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.

სოციალური პროგრამების მართვა

მერიის თანამშრომლებზე გაცემული სოციალური დახმარებები - 2019-2020 წლებში ქუთაისის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ მოსამსახურეებზე, სათანადო დასაბუთების გარეშე, სოციალური დახმარების სახით, ჯამში გაიცა 358.2 ათასი ლარი. დახმარება გაცემულია მერიისა და საკრებულოს მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირებზეც, რომლებსაც, თანამდებობის პირთა დეკლარაციის მიხედვით, სოლიდური შემოსავლები გააჩნიათ.

მუნიციპალური ტრანსპორტის მართვა

მგზავრთა მომსახურების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტმა, მგფ-თან სესხის ხელშეკრულების ფარგლებში, 22,669.5 ათასი ლარის ღირებულების ავტობუსები მიიღო. მერიამ არ გამოიყენა კონტრაქტით მინიჭებული უფლებები და არ მოითხოვა მიმწოდებლის მხრიდან ავტობუსების ხარისხის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა. შედეგად, მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემის მართვის პროცესს გააჩნია არსებითი ნაკლოვანებები. ავტობუსების ხშირი დაზიანების გამო, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია ვერ ახერხებს მგზავრთა სათანადო ხარისხით მომსახურებას.

ინფრასტრუქტურული პროექტების მართვა

უხარისხოდ მოწყობილი ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტში არსებობს ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლის სისტემის ნაკლოვანებების გამო, 1,984.5 ათასი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელებისას, არ არის მიღწეული სამუშაოების დადგენილი ხარისხი, რითაც ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა მოკლე პერიოდში გაუარესებულია.

ქონების მართვა და განკარგვა

ქონების გასხვისების ხარვეზები - მუნიციპალიტეტი, თავის საკუთრებაში არსებული მიწების აუქციონის წესით რეალიზაციის დროს, ქონების საწყისი ღირებულების განსაზღვრისთვის არ იყენებს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასებას, რითაც ირღვევა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. ასევე, არსებობს მაღალი რისკი, რომ პირობითი აუქციონები გამოიყენება კონკურენციის შესამცირებლად და ქონების საბაზროზე დაბალ ფასად რეალიზაციის მიზნით.

მიუღებელი საიჯარო თანხა - ქონების განკარგვის პროცესში არსებული კონტროლის სისუსტეების გამო, მერიამ ვერ უზრუნველყო იჯარიდან მისაღები შემოსავლის სრულად ადმინისტრირება. შედეგად, მუნიციპალიტეტმა დაკარგა ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობა.

შესყიდვების მართვა

განხორციელებული ბაზრის კვლევა - მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულმა ა(ა)იპ − სპეციალურმა სერვისებმა, სპეცტექნიკის საბაზრო ფასის დასადგენად, ბაზრის კვლევა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით ჩაატარა. შედეგად, არსებობს პროცესის იმგვარად წარმართვის რისკი, რომ ხელშეკრულება გაფორმებოდა წინასწარ შერჩეულ კომპანიას.

ინტერესთა კონფლიქტი - მუნიციპალიტეტმა 128.8 ათასი ლარის საქონელი შეისყიდა მიმწოდებლისგან, რომელიც მერის მოადგილესთან დაკავშირებული საწარმოა. მოადგილე იმავდროულად იყო სატენდერო კომისიის თავმჯდომარე. არსებობს რისკი, რომ ინტერესთა კონფლიქტმა გავლენა იქონია შესყიდვის შედეგებზე.

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოპარკის მართვაში არსებული ხარვეზები - მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სამორიგეო სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 125 ერთეულით აღემატებოდა რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტს სათანადო კონტროლი არ აქვს დაწესებული საწვავის მიზნობრივ გამოყენებაზე.
 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ:

  • ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებები გამოიყენოს შესაბამისი წლის ბიუჯეტით დაგეგმილი პროგრამების/ქვეპროგრამების მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების მისაღწევად; ამასთანავე, ბიუჯეტი დაგეგმოს იმგვარად, რომ არ დაუშვას ნაშთის უკონტროლო დაგროვება და არსებული ნაშთი მიმართოს ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად;
  • არ დაუშვას დასაქმებულების დამატებითი ანაზღაურება ან ფინანსური წახალისება სხვადასხვა სოციალური საჭიროების მოტივით. ამასთანავე, შექმნას დამატებითი კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სოციალური დახმარებების მიმღებ პირთა საჭიროებების შესწავლასა და დახმარების გაცემას, შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთების საფუძველზე. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენებას, ასევე, ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამებისა და ფინანსური რესურსების მართვის გაუმჯობესებას;
  • მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის სისტემის გაუმჯობესებისა და მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, გამოიყენოს მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებები, ასევე, დაადგინოს ავტობუსების ხარისხის შესაბამისობა კონტრაქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან და გამოვლენილი ხარვეზების შემთხვევაში, განახორციელოს სათანადო რეაგირება;
  • შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღება-ჩაბარებისა და მონიტორინგის წესი, რომელშიც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. დოკუმენტით ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. რეგულარულად აწარმოოს შესყიდული ობიექტების მონიტორინგი და ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში, აამოქმედოს გარანტიის მექანიზმი, ნაკლოვანებების/ხარვეზების დროულად აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნული ხელს შეუწყობს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვასა და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს ინფრასტრუქტურული ობიექტების დაზიანების გამომწვევი მიზეზები და უზრუნველყოს მათი აღმოფხვრა;
  • ქონების გაყიდვამდე საწყისი საპრივატიზებო ღირებულება განსაზღვროს დამოუკიდებელი აუდიტორის შეფასების საფუძველზე. ამასთანავე, აუქციონის პირობები დააწესოს მხოლოდ მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნებისა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული გააუმჯობესებს კონკურენტულ გარემოს და გაზრდის ქონების რეალიზებით მიღებულ სარგებელს. გარდა ამისა, გააანალიზოს ქონების გასხვისების პროცესში დაშვებული დარღვევები და გაატაროს ღონისძიებები შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ;
  • შეიმუშაოს კონტროლის სათანადო მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ქონების განკარგვის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. ამასთანავე, საკუთრებაში არსებული ქონების მართვისა და განკარგვის გასაუმჯობესებლად, ჩაატაროს მიუღებელი თანხების ინვენტარიზაცია და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები კუთვნილი თანხების მისაღებად;
  • შესყიდვების პროცესში დანერგოს/შექმნას დამატებითი კონტროლის მექანიზმები, რომელებიც უზრუნველყოფს ინტერესთა კონფლიქტების შემთხვევების გამოვლენასა და მათზე სათანადო რეაგირებას; ბაზრის კვლევის პროცესი წარმართოს იმგვარად, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას შეექმნას მაქსიმალურად სრულყოფილი სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებებისა და პოტენციური მიმწოდებლების შესახებ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ტენდერების კონკურენტულ გარემოში ჩატარებას, პროდუქტის ეკონომიურად შეძენასა და შემსყიდველი ორგანიზაციის ინტერესების დაცვას. ამასთანავე, შეისწავლოს იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ევალებოდათ ინტერესთა კონფლიქტის გამოვლენა და მათ მიმართ გაატაროს კანონით განსაზღვრული ღონისძიებები.

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და მერიამ:

  • შეიმუშაონ წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და განისაზღვრება საწვავისა და მოვლა- შენახვის ხარჯვის კონტროლის მექანიზმები. საწვავის არამიზნობრივად ხარჯვის პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, მერიამ დანერგოს კონტროლის დამატებითი მექანიზმ(ებ)ი და შეიმუშაოს სათანადო პროცედურები. მათ შორის, ალტერნატიულ პროცედურად შესაძლოა, განხილულ იქნეს, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინვენტარიზაციისას, უფლებამოსილი პირების მიერ დამონტაჟებული საწვავის „ჩიპების“ მთლიანობის შემოწმება; სამორიგეო ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების მონიტორინგის მიზნით, კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, ასევე, შესაძლოა, განხილულ იქნეს სატელიტური (GPS) ან სხვა სახის ელექტრონული კონტროლის სისტემის დანერგვა.