სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 01 მარტი, 2024
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ბიუჯეტის შესრულება

ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული ხარვეზი - 2021-2022 წლებში ბიუჯეტის შემოსულობების გეგმური მაჩვენებელი ჯამურად 89.1%-ით, ხოლო გადასახდელების − 86.4%-ით შესრულდა. ამასთანავე, ბიუჯეტის ანგარიშზე არსებული თავისუფალი საბიუჯეტო სახსრები არასრულადაა გამოყენებული. აღნიშნული მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებული ფინანსური რესურსების არაეფექტიან მართვასა და სხვადასხვა პროექტის დაგეგმვის ხარვეზებზე მიუთითებს.

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების ნაკლოვანებები 

  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა- განხორციელებას, რაც შესყიდული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის გონივრულ ვადაში გამოუყენებლობასა და მათში არსებულ ხარვეზებში გამოიხატება. შედეგად, ვერ მოხერხდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება და შესაბამისი სარგებლის მიღება. ამასთანავე, სამშენებლო საქონლისა და სამუშაოების საბაზრო ღირებულებების ცვლილებების გათვალისწინებით, საპროექტო დოკუმენტაციის გამოყენების მომენტისათვის შესაძლოა საჭირო გახდეს მათი კორექტირება, რაც საბიუჯეტო სახსრების დამატებით ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული; 
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო სათანადო ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების მქონე მიმწოდებლების შერჩევა, რამაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება განაპირობა. ამასთანავე, ვალდებულებების შეუსრულებლობისა და საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის მიუხედავად, ავანსად გაცემული თანხის დასაბრუნებლად მუნიციპალიტეტს სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებია;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში დანერგილი შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების სათანადო დადასტურებას, რის გამოც ოთხ შემთხვევაში ვერ მივიღეთ რწმუნება შესყიდული სამუშაოსა და მომსახურების, სახელშეკრულებო პირობებთან შესაბამისობის შესახებ. ამასთანავე, არასრული სახით ხდება ხელშეკრულებების შესრულებასთან დაკავშირებით არსებული დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვა, რაც ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგის შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენს.

მუნიციპალური აქტივების მართვა 

ქონების მართვასთან დაკავშირებული ხარვეზები - 2022 წელს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას და მუნიციპალურ ორგანიზაციებს, მოქმედი რეგულაციების შესაბამისად, არ ჩაუტარებიათ ბალანსზე რიცხული 192,203,655 ლარის აქტივების, მოთხოვნების და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია, არ არის შესრულებული მოთხოვნები იჯარით გაცემული ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებით და ასევე არ არის აღრიცხული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების დროს ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივები. ზემოაღნიშნული საჯარო აქტივების მართვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.

მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობა

მშენებლობის ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - მერიის მიერ უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით გატარებულმა ღონისძიებებმა ვერ უზრუნველყო უნებართვო მშენებლობების შეჩერება და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების უკანონო გამოყენება, რაც ქალაქ ქობულეთის ტერიტორიაზე მშენებლობების ზედამხედველობასთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემის არსებით სისუსტეზე მიუთითებს.

იურიდიული პირების მართვა 

იურიდიული პირების მართვის ხარვეზები - მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ შპს-ებში საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის არასწორად წარმართვის შედეგად, საერთო ჯამში, ხელფასის სახით ზედმეტად გაცემულია 266,004 ლარი და გამოვლინდა წყალმომარაგება-წყალინარების მომსახურების ტარიფების დაუსაბუთებლად განსაზღვრის ფაქტები. აღნიშნული, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კომერციული იურიდიული სტრუქტურების საქმიანობის ზედამხედველობასთან დაკავშირებით, კონტროლის მექანიზმის სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა. გამოვლინდა შრომის ანაზღაურების არასწორად გაცემისა და 24,122 ლარის მითვისების ფაქტები. აღნიშნული გარემოებები, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან მიმართებით, არსებული კონტროლის მექანიზმების არსებით სისუსტეზე მიუთითებს და არამართლზომიერი ქმედებების რისკებს შეიცავს.

ტრანსპორტის ხარჯები 

ტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დოკუმენტურ დადასტურებას, რის გამოც ვერ მივიღეთ რწმუნება აუდიტის პერიოდში 52,070 ლიტრი საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით.

დასუფთავების მოსაკრებელი 

მოსაკრებლების ადმინისტრირების ხარვეზები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად არ არის აღრიცხული დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა. შედეგად, სრულად არ ხორციელდება გადასახადის ადმინისტრირება.

შიდა კონტროლის სისტემა 

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტს

რეკომენდაცია №1:

ქობულეთის მუნიციპალიტეტმა არსებული ფაქტობრივი გარემოებების სიღრმისეული შესწავლისა და ანალიზის შედეგების შესაბამისად, უზრუნველყოს პროგრამების საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათი შესრულება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო რესურსის დროული და ეფექტიანი გამოყენება, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პროგრამების შემუშავებას და განხორციელებას. 

რეკომენდაცია №2: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც პრეტენდენტთა ფინანსური და ეკონომიკური შესაძლებლობების განსაზღვრითა და შესაძლო ხელშემშლელი ფაქტორების გათვალისწინებით შეიმუშავებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ხოლო მის განხორციელებაზე სათანადო მონიტორინგის დაწესებით, უზრუნველყოფს პროექტების დადგენილ ვადაში ხარისხიან შესრულებას. ამასთანავე, ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგის გაძლიერებისათვის მნიშვნელოვანია, რომ შესრულების ამსახველი დოკუმენტაცია ელექტრონულ სისტემაში სრული სახით აიტვირთოს.

რეკომენდაცია №3: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო ქონების ეფექტიანი მართვის უზრუნველსაყოფად ჩაატაროს აქტივებისა და ვალდებულებების სრული ინვენტარიზაცია და მუნიციპალური ქონების დემონტაჟის შედეგად მიღებული ვარგისი მატერიალური აქტივების შეფასება და ბალანსზე ასახვა. ამასთანავე, შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს იჯარით გაცემული ქონების სრულად აღრიცხვას და საიჯარო ხელშეკრულებების პირობების შესრულების სათანადო მონიტორინგს.

რეკომენდაცია №4: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ დანერგოს ისეთი შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს უნებართვო მშენებლობის პრევენციას, ასევე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების დროულად გამოვლენას და სათანადო რეაგირებას. ამასთანავე, შეისწავლოს ქალაქის ტერიტორიაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობების ფაქტები, განსაზღვროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და გაატაროს სამართლებრივი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №5: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კომერციული იურიდიული სტრუქტურების საქმიანობის სათანადო ზედამხედველობით მათი საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვას. ამასთანავე, შეისწავლოს შრომის ანაზღაურების თვითნებურად გაზრდის ფაქტები და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

რეკომენდაცია №6: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და პრაქტიკაში დანერგოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც საბიუჯეტო რესურსის რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, სათანადოდ აღრიცხავს დასაქმებულთა ნამუშევარ საათებს და აღრიცხვის სისტემის მონაცემების გათვალისწინებით, განახორციელებს შრომის ანაზღაურების დარიცხვას. ამასთანავე, განიხილოს შრომის ანაზღაურების თანხების მითვისებისა და არასწორად გაცემის ფაქტები და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.

რეკომენდაცია №7: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის სისტემა, რომელიც სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-შენახვის ხარჯების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფის მიზნით, განსაზღვრავს ავტოსატრანსპორტო საშუალებების ოპტიმალურ რაოდენობას და უზრუნველყოფს საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ და რაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია №8: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნას, გადამხდელთა მონაცემების გათვალისწინებით განსაზღვრავს გადასახდელ თანხებს და განახორციელებს სათანადო მონიტორინგს მათი გადახდის უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია №9: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას. ამასთანავე, შიდა აუდიტის სამსახურმა აუდიტის თემების შერჩევის დროს ყურადღება გაამახვილოს მაღალი რისკის შემცველი საკითხების შესწავლაზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემასა და მათი შესრულების ეფექტიან მონიტორინგზე.