სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 04 თებერვალი, 2022
ქობულეთის მუნიციპალიტეტის საქმიანობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2020, 2019


სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქობულეთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. 

აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ადგილობრივი ბიუჯეტი 

ფინანსური რესურსების მართვის ხარვეზები - 2019-2020 წლებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან აუთვისებელი დარჩა 6,931,908 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც პროექტების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.

სახელმწიფო შესყიდვები

სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვის ნაკლოვანებები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სათანადო დაგეგმვა- განხორციელებას, რაც ბაზრის კვლევის ნაკლოვანებებში, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის არსებით ხარვეზებსა და, შესაბამისად, ხელშეკრულებებში განხორციელებულ ხშირ ცვლილებებში გამოიხატება. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილია 46,427 ლარი, ასევე გაწეულია არანაკლებ 70,831 ათასი ლარის არაეკონომიური ხარჯი.

შერჩევა-შეფასების ნაკლოვანებები - სატენდერო პირობების შემუშავებისა და ტენდერში მონაწილე პრეტენდენტთა შერჩევასთან დაკავშირებით, მერიაში არსებული შიდა კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს სატენდერო პირობების ოპტიმალურ განსაზღვრასა და პრეტენდენტთა ობიექტურ შეფასებას. შედეგად, ოთხ შემთხვევაში 9,553,900 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვაზე ფიქსირდება კონკურენციის შეზღუდვისა და პრეტენდენტთა არაერთგვაროვანი შეფასების ფაქტები, რითაც მუნიციპალიტეტმა მნიშვნელოვანი ეკონომიის მიღების შესაძლებლობა დაკარგა.

გარე განათების ტექნიკური მომსახურების შესყიდვის ხარვეზები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გარე განათების ტექნიკურ მომსახურებაში 2019-2020 წლებში გადახდილია 717,506 ლარი, რაზეც ხარჯის გაწევის დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია ვერ იქნა წარმოდგენილი. შესაბამისად, გაწეული მომსახურების დოკუმენტურად დაუდასტურებელი მოცულობა და სხვა გარემოებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლის ნაკლოვანებები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით შესრულებულ 8,662,030 ლარის ღირებულების სხვადასხვა შესყიდვაში გამოვლენილია ხარვეზები, რაც არაჯეროვნად შესრულებულ სამუშაოებსა და ჩატარებულ ექსპერტიზაზე/ინსპექტირებაზე მიუთითებს. ამასთანავე, მონიტორინგის პროცესის არაეფექტიანობის გამო, საგარანტიო ვადებში ხარვეზების შეუმჩნევლობა, შემდგომში, დამატებითი საბიუჯეტო ხარჯების გაწევის რისკებს წარმოშობს.

მუნიციპალური აქტივების მართვა

აქტივების მართვის ხარვეზები - ქობულეთის მუნიციპალიტეტს არ ჩაუტარებია ბალანსზე რიცხული 212,231,482 ლარის ღირებულების უძრავი ქონების ფინანსური აქტივების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია. ასევე მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ არის აღრიცხული სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში ქონების  დემონტაჟის შედეგად მიღებულ ვარგისი მატერიალური აქტივები, რაც ქონების დაზიანების ან მესამე პირთა მიერ არამართლზომიერი სარგებლობის რისკებს წარმოშობს.

შრომის ანაზღაურება

შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები - ქობულეთის მუნიციპალიტეტში 2019-2020 წლებში მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, გაზრდილია შრომის ანაზღაურების ფონდი. აგრეთვე მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული პირები მიიღებოდნენ მუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო მათ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება დოკუმენტურად არ დასტურდება. ზემოაღნიშნული შიდა კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს და საბიუჯეტო სახსრების არარაციონალურად ხარჯვის რისკებს შეიცავს.

ტრანსპორტის ხარჯები

ტრანსპორტის ხარჯების ნაკლოვანებები - მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებით რეგულაციის არარსებობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 19,560 ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება. ასევე ა(ა)იპ - ქობულეთის სანდასუფთავების მიერ სატრანსპორტო  საშუალებების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეულია არანაკლებ 11,167 ლარის არაეკონომიური ხარჯი.

სასმელი წყლის ხარისხის შიდა კონტროლი და მონიტორინგი

მონიტორინგის ნაკლოვანებები - ა(ა)იპ  - ქობულეთის სოფლის წყლის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი, რაც ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემის სისუსტეზე მიუთითებს და წარმოშობს საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვის რისკებს.

დასუფთავების მოსაკრებელი

მოსაკრებლების ადმინისტრირების ხარვეზები - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ სრულად არ არის აღრიცხული სულადობრივი განაკვეთის მიხედვით დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა რაოდენობა და შედეგად, არ ხორციელდება გადასახადის ადმინისტრირება.

საკრებულოს წევრების ხარჯების ანაზღაურება

დასაბუთების გარეშე ხარჯების ანაზღაურება - ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ 2019-2020 წლებში მოქმედი მარეგულირებელი ნორმების შეუსაბამოდ, დოკუმენტური დასაბუთების გარეშე, საკრებულოს არათანამდებობის პირებზე გადახდილია ჯამში 238,975 ლარი.

შიდა კონტროლის სისტემა 

შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.
 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია N1:

საბიუჯეტო რესურსების ეფექტიანი მართვისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ინფრასტრუქტურული პროექტების გარემოებათა დეტალური შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე დაგეგმვას, ხოლო პროექტების განხორციელების შეფერხების შემთხვევაში, მიზეზების დროულ იდენტიფიცირებას და რეაგირებას.

რეკომენდაცია N2:

შესყიდვის სავარაუდო ღირებულების ადეკვატურად განსაზღვრისა და საჯარო სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველმა ორგანიზაციამ შეიმუშაოს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვების მომზადების ეტაპზე ყველა ხელმისაწვდომი ინფორმაციის სათანადო შესწავლასა და ანალიზს, ყველა რელევანტური პირობის (მოცულობა, წარმოშობის ქვეყანა, ანგარიშსწორება, მიწოდების ვადა, საგარანტიო ვადა და ა.შ.) გათვალისწინებით.

ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა თითოეულ შემთხვევაში გამოიკვლიოს არაეკონომიური ხარჯის გაწევის მიზეზები და გაატაროს ეფექტიანი ღონისძიებები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად გადახდილი 46,427 ლარის ბიუჯეტში დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

რეკომენდაცია N3:

შესყიდვებში მონაწილე პირთა მიმართ გამჭვირვალე, ერთგვაროვანი მიდგომისა და ფინანსური სახსრების ეკონომიური ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შეიმუშაონ და დანერგონ ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სატენდერო კომისიების მიერ ყველა შესაფერისი დოკუმენტის სრულყოფილად შესწავლას და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებას.

რეკომენდაცია N4:

მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გარე განათების სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და გამორიცხავს საბიუჯეტო სახსრების დაუსაბუთებელ და არარაციონალურ ხარჯვას.

რეკომენდაცია N5: 

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს და დანერგოს ისეთი კონტროლის მექანიზმი, რომელიც მიწოდებული სამშენებლო სამუშაოების რეგულარული მონიტორინგით უზრუნველყოფს ხარვეზების დროულად გამოვლენას და საგარანტიო მექანიზმების ამოქმედებას. ამასთანავე, თითოეულ შემთხვევაში გამოიკვლიოს არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამომწვევი მიზეზები და გაატაროს სათანადო ღონისძიებები.

რეკომენდაცია N6:

საჯარო ქონების ეფექტიანი მართვისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც უზუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში/მართვაში არსებული ყველა ქონების აღწერას, მის ღირებულებით შეფასებას და ბალანსზე ასახვას, ხოლო არარსებული ქონების ბალანსიდან ჩამოწერას - შესაბამისი პროცედურებით.

რეკომენდაცია N7:

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმი, რომელიც ადამიანური რესურსების ოპტიმალური გამოყენებით უზრუნველყოფს საბიუჯეტო რესურსების ეფექტიან განკარგვას, ასევე თანამშრომელთა სამსახურში ყოფნისა და სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დადასტურებას.

რეკომენდაცია N8:

ავტომობილების საჭიროების მიხედვით გადანაწილებისა და ავტოპარკზე გასაწევი ხარჯების შემცირების უზრუნველსაყოფად, მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს ტრანსპორტის ხარჯების ოპტიმიზაციის გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ავტოპარკის ოპტიმალური გადანაწილების, კლასიფიცირების, ზღვრული ოდენობისა და ხარჯების კონტროლს და უზრუნველყოფს, თავიდან იქნეს აცილებული საწვავის არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოყენების შემთხვევები.

ა(ა)იპ − ქობულეთის სოფლის წყალს

რეკომენდაცია N9:

ა(ა)იპ − ქობულეთის სოფლის წყალმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან კოორდინაციით, შეიმუშაოს შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სასმელი წყლის მიწოდების ხარვეზების დროულ გამოვლენას, მიზეზების შესწავლას და ადეკვატურ რეაგირებას, ასევე წყლის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

რეკომენდაცია N10:

მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. შესაბამისად, ხარჯების ანაზღაურება განხორციელდეს სათანადო დოკუმენტების წარმოდგენის პირობებში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიას

რეკომენდაცია N11:

დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად, მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშაოს კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნას, მათ შორის, დიფერენცირებული განაკვეთის მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.

რეკომენდაცია N12:

მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს და დანერგოს შიდა კონტროლის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას, ანალიზსა და შეფასებას, ხოლო მიღებული შედეგების საფუძველზე, შესაბამისმა სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს შესრულების ეფექტიანი მონიტორინგი.