სახელმწიფო აუდიტის სამსახური

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება 07 თებერვალი, 2020
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტებით გათვალისწინებული პროგრამების აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2018

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები, ჯამში 32,497.8 ათასი ლარი

აუდიტის შედეგად გამოვლენილი მიგნებები:

  • მუნიციპალიტეტს ნაშთის სახით საკუთარ ანგარიშზე გააჩნდა მნიშვნელოვანი თანხები. თუმცა ვერ უზრუნველყო თანხების გამოყენება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მოსაწყობად, ასევე დაუსრულებელი და დაზიანებული ობიექტების აღდგენისა და დასრულებისათვის. შედეგად არსებული ფულადი სახსრების ეფექტიანად გამოყენება არ ხდება. გარდა ამისა, საბიუჯეტო პროცესის წარმართვაში არსებულმა მართვის სისუსტეებმა წარმოშვა სხვადასხვა ხასიათის ხარვეზი პროგრამული ბიუჯეტის შედგენასა და საბიუჯეტო კლასიფიცირების მიმართულებით;
  • ქონების განკარგვის პროცესში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტს იჯარის ფორმით გაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, რომელთა ღირებულება არაგონივრულად დაბალია საბაზრო ფასთან შედარებით. შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ ქონების განკარგვა ხორციელდება არაპროდუქტიულად. ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობდნენ არაუფლებამოსილი პირები;
  • მოსაკრებლების ადმინისტრირებაში არსებული სისუსტეების გამო, მუნიციპალიტეტის მიერ სათანადოდ არ ხორციელდება ფიზიკური პირებიდან დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება. შედეგად, ადგილობრივი ბიუჯეტი კარგავს დამატებითი შემოსავლების მიღების შესაძლებლობას;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვაში, შესრულებასა და კონტროლში არსებული სისუსტეების შედეგად, საგზაო და ნაპირსამაგრი სამუშაოების ნაწილი დაზიანებულია, რაც მიანიშნებს შესრულებული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემაზე. გარდა ამისა, საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დაზიანებულია. მუნიციპალიტეტს არ მიუმართავს მიმწოდებლებისათვის ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ საგარანტიო ვადაში ხარვეზების გამოსწორების მოთხოვნით. მუნიციპალიტეტმა არ შეისწავლა პრობლემის გამომწვევი მიზეზები და პასუხისმგებელი პირების მიმართ არ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები ზიანის ასანაზღაურებლად;
  • გარე განათების სისტემის საექსპლოატაციო მომსახურების შესყიდვის სატენდერო პროცესი წარიმართა ისე, რომ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება არ ეფუძნებოდა რეალურ გათვლებს. დაგეგმვის, შესრულების და კონტროლის პროცესში არსებულმა სისუსტეებმა გამოიწვია ის, რომ საბიუჯეტო თანხები გახარჯულია არაეფექტიანად;
  • ტექნიკური ზედამხედველები სათანადოდ არ ასრულებდნენ სატენდერო პირობებითა და ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რა აუცილებელი საჭიროებით იყო განპირობებული ტექნიკური ზედამხედველის მომსახურებისთვის ხარჯის გაღება, როდესაც ისინი რაიმე სახის განსაკუთრებულ სამუშაოებს არ ასრულებდნენ, რისი შესრულებაც არ შეეძლო მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს და ინსპექტირების ჯგუფს. ამდენად, მერიის მიერ ტექნიკური ზედამხედველის მომსახურების შესყიდვისთვის გაწეულია არარაციონალური ხარჯი;
  • მუნიციპალიტეტის სოფლების წყალმომარაგებას ახორციელებდა მის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი ლიცენზია. სასმელი წყლის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არ შეესაბამებოდა მოთხოვნილ სტანდარტებს. ქალაქში წყლის გადასახადის ადმინისტრირება ხდება სულადობის მიხედვით, ხოლო სოფლებში საერთოდ არ ხორციელდება. აღნიშნული აუარესებს წყალმომარაგებას და ზრდის მუნიციპალიტეტიდან გაცემული სუბსიდიის მოცულობას;
  • დაგეგმვასა და კონტროლში არსებული მართვის სისუსტეების შედეგად, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში საშტატო რიცხოვნობა არაგონივრულადაა გაზრდილი. კერძოდ: ზოგიერთი მოსამსახურის მოვალეობები დუბლირებულია ან საერთოდ არ არის განსაზღვრული, ხოლო ზოგიერთი მოსამსახურე პრაქტიკულად არ არის ფუნქციურად დატვირთული. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა საკმარისი და შესაფერისი მტკიცებულებები იმისა, თუ რა ობიექტური საჭიროებით იყო განპირობებული ა(ა)იპ-ებში ზოგიერთი შტატის არსებობა;
  • მუნიციპალიტეტის საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურებულია მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე;
  • სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. გარდა ამისა, სატრანსპორტო საშუალებებზე მოხსნილი იყო „აგაი“ სისტემა. აღნიშნული წარმოშობს არაავტორიზირებულ ავტომანქანაში როგორც საწვავის ჩასხმის, ასევე საწვავის არასამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების რისკს. შესაბამისად, მერიამ ტრანსპორტის შენახვისა და ექსპლოატაციის ხარჯის გაწევისას არ დაიცვა საბიუჯეტო სახსრების რაციონალური და გონივრული ხარჯვის პრინციპები;
  • შიდა აუდიტის სამსახურს არ შეუფასებია, შეესაბამება თუ არა მუნიციპალიტეტის საქმიანობა დაგეგმილ მიზნებსა და ამოცანებს, რამდენად კანონიერად, მიზნობრივად და ეფექტიანად ხდება დაფინანსების გამოყენება, დანერგილია თუ არა ადეკვატური მართვისა და კონტროლის მექანიზმები და სხვ. სამსახურის საქმიანობა ვერ უზრუნველყოფდა მერიის ფინანსების მართვის გაუმჯობესებას, მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვისა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობას.

რეკომენდაცია №1. ფინანსური რესურსების რაციონალური მართვის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტმა საკუთარ ანგარიშზე არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები მიმართოს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად ან დაუსრულებელი პროექტების გასაგრძელებლად. ამასთანავე, ბიუჯეტი იმგვარად დაგეგმოს, რომ არსებული თავისუფალი ნაშთი დროულად და მაქსიმალურად გამოიყენოს მოსახლეობის სასიკეთოდ.
რეკომენდაცია №2. მუნიციპალიტეტის მერიამ საბიუჯეტო პროცესის სრულყოფილად წარმართვის მიზნით დანერგოს სათანადო კონტროლის მექანიზმები. ამასთანავე, მიზანშეწონილია, მერიამ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილება და შრომის ანაზღაურებისათვის გათვალისწინებული საბიუჯეტო ასიგნებების საერთო მოცულობის არანაკლებ ერთი პროცენტი მიმართოს მოხელეთა პროფესიული განვითარებისათვის.
რეკომენდაცია №3. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს წესი საკუთრებაში არსებული ქონების მართვის, განკარგვისა და სათანადო კონტროლის მექანიზმების დაწესების შესახებ. აღნიშნულით, მერია დროულად აიცილებს ან/და გამოავლენს შემთხვევებს, როდესაც მის საკუთრებაში არსებული მიწები თვითნებურად აქვთ დაკავებული უკანონო მოსარგებლეებს. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწების არაუფლებამოსილი პირების მიერ უკანონო სარგებლობასთან დაკავშირებით, მიზანშეწონილია, მუნიციპალიტეტმა მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის ორგანოებს. მერიამ ქონების სარგებლობის უფლებით გაცემისას იხელმძღვანელოს მუნიციპალიტეტის უპირატესი ინტერესების ფარგლებში და განკარგვის ფორმა შეარჩიოს მიზნების შესაბამისი მაქსიმალური შედეგ(ებ)ის მიღების შესაძლებლობის გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს, საკუთრებაში არსებული მიწების განკარგვასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
რეკომენდაცია №4. მერიამ შეიმუშაოს შესაბამისი კონტროლის მექანიზმები დასუფთავების მოსაკრებლის ადმინისტრირების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე უზრუნველყოს დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა სრული ბაზის შექმნა, დიფერენცირებული განაკვეთის მიხედვით. აღნიშნული ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას.
რეკომენდაცია №5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელმა ორგანომ შეიმუშაოს და დანერგოს სამშენებლო სამუშაოების მიღებისა და ჩაბარების წესი, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი მოქმედი სტანდარტების დაცვით სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო კონტროლის მექანიზმები. ნათლად უნდა განისაზღვროს, კონტროლის თითოეულ ეტაპზე ჩასატარებელი სამუშაოები და კონტროლის განმახორციელებელი პირები, მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობები. აღნიშნული უზრუნველყოფს კონტროლის მექანიზმების გამართულ ფუნქციონირებას, პროექტის შემოწმებისათვის საჭირო ყველა პროცედურის სათანადოდ წარმართვას და ხარისხიანი პროექტების ჩაბარებას. მუნიციპალიტეტი ვალდებულია შეისწავლოს ინფრასტრუქტურული პროექტების მდგომარეობა. შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზების გამოვლენის შემთხვევაში დაადგინოს დაზიანებების გამომწვევი მიზეზები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №6. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, მომსახურების შესყიდვის დაგეგმვისას, მათ შორის, გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის შესყიდვისას, სავარაუდო ღირებულება განსაზღვროს გონივრულ გათვლებსა და გაანგარიშებებზე დაყრდნობით. სავარაუდო ღირებულების დათვლისას გაითვალისწინოს ქვეკონტრაქტორის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ერთეულის ფასები. მერიამ შეისწავლოს გარე განათების ქსელის ექსპლოატაციის მომსახურების შესყიდვის დაგეგმვის, შესრულების და კონტროლის პროცესში არსებული დარღვევა-ნაკლოვანებები. გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და მათ მიმართ გაატაროს კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №7. მუნიციპალიტეტის მერიამ მომსახურების შესყიდვამდე განიხილოს ამ მომსახურების საკუთარი რესურსებით შესრულების შესაძლებლობის მიზანშეწონილობა, რაც ხელს შეუწყობს საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვას. მიზანშეწონილია, მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, შეიმუშაოს შესაბამისი წესი, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში კომპეტენტური პირების დასაქმებას. გარდა ამისა, მიმწოდებლების მიმართ, რომელთაც სათანადოდ არ აქვთ შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მუნიციპალიტეტმა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები.
რეკომენდაცია №8. მერიამ, საკრებულოსთან შეთანხმებით, დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები, რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას. ამასთანავე, ღონისძიებათა გეგმა უნდა ითვალისწინებდეს როგორც წყლის, ასევე საბიუჯეტო რესურსების რაციონალურ ხარჯვას.
რეკომენდაცია №9. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს მის მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მდგომარეობა. განსაზღვროს რამდენად პასუხობს მათი საქმიანობა მუნიციპალიტეტის მიზნებსა და ამოცანებს. აგრეთვე მნიშვნელოვანია განხორციელდეს ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა უფლება-მოვალეობების და მათზე დახარჯული სახსრების ანალიზი. საჭიროების შემთხვევაში მუნიციპალიტეტმა უზრუნველყოს საშტატო ერთეულების ოპტიმიზაცია. აღნიშნული ხელს შეუწყობს საბიუჯეტო რესურსების ეკონომიურად და რაციონალურად ხარჯვას.
რეკომენდაცია №10. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ (შესაბამისმა პასუხისმგებელმა პირებმა) არ აანაზღაუროს საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი და პრაქტიკა, სრულ შესაბამისობაში იყოს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებთან. აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი პრინციპის დაცვას, ასევე საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.
რეკომენდაცია №11. ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითმა ორგანომ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, გონივრულობის პრინციპის გათვალისწინებით, შეიმუშაოს წესი, რითაც დარეგულირდება სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო სამორიგეო ავტომანქანების რაოდენობა და საწვავის ხარჯვის ლიმიტები. აღნიშნული დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებული იქნება საუკეთესო პრაქტიკაზე, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო პარკის ოპტიმიზაციას, საწვავის და მოვლა-შენახვის ხარჯების რაციონალიზაციას. ამასთანავე, მიზანშეწონილია შემუშავებული წესი თავსებადი იყოს საქართველოს მთავრობის შესაბამის დადგენილებასთან. მუნიციპალიტეტმა გამოავლინოს არაავტორიზირებულ ავტომანქანებში საწვავის ჩასხმის ფაქტები და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მიმართ გაატაროს სათანადო ღონისძიებები.
რეკომენდაცია №12. ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ უზრუნველყოს შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის იმგვარი წარმართვა, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციის შიდა კონტროლის სისტემების შესწავლასა და შეფასებას, ასევე პროცესებში არსებული რისკებისა და სისტემური ხარვეზების გამოვლენას. მიღებული შედეგების საფუძველზე, სამსახურმა შეიმუშაოს რეკომენდაციები და განახორციელოს მისი მუდმივი მონიტორინგი. აღნიშნული ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდას და საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.