სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქედის მუნიციპალიტეტის 2020-2021 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ბიუჯეტის შესრულების მდგომარეობა
2020-2021 წლების ბიუჯეტის შესრულების ნაკლოვანებები - ქედის მუნიციპალიტეტს 2020-2021 წლებში აუთვისებელი დარჩა 2,390,817 ლარის საბიუჯეტო რესურსი, რაც ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვა- განხორციელების ხარვეზებსა და საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიან მართვაზე მიუთითებს.
შრომის ანაზღაურება
შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები - შიდა კონტროლის მექანიზმების არარსებობის შედეგად, მუნიციპალურ საწარმოს შესაძლებლობა მიეცა არამიზნობრივად განეკარგა საბიუჯეტო სახსრები. მხოლოდ 2020-2022 წლებში საწარმოს დირექტორისა და ბუღალტრის თანამდებობებზე ხელფასის სახით, თვეში რამდენიმე ტრანზაქციის საშუალებით, გაცემულია განსაზღვრულზე მეტი თანხა, ჯამში, არანაკლებ − 62,364 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მუნიციპალიტეტში შრომითი ხელშეკრულებებით არ არის განსაზღვრული დასაქმებულთა კონკრეტული ფუნქცია-მოვალეობები, არ ფუნქციონირებს ფაქტობრივად ნამუშევარი დროის აღრიცხვის სისტემა, ხოლო შრომის ანაზღაურებიდან საშვებულებოს სახით ზედმეტად არის გაცემული 3,476 ლარი.
სახელმწიფო შესყიდვები
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების განხორციელების ნაკლოვანება - ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში 1,061,406 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებების საჭიროების განსაზღვრა არ განხორციელდა სათანადო შესწავლისა და დროული რეაგირების შედეგად. ამასთანავე, შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს დადგენილ ვადაში ხელშეკრულებებში ცვლილებების განხორციელებას და შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების სტატუსის მინიჭებას.
პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაკლოვანება - მუნიციპალიტეტის მიერ არასწორი დაანგარიშების შედეგად, მიმწოდებელს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის ნაცვლად 12,156.7 ლარისა, დაეკისრა 4,889.7 ლარის გადახდა. ამასთანავე, არ ხდება პირგასამტეხლოს ბიუჯეტში გადახდის მიზნით სათანადო ღონისძიებების გატარება.
ტრანსპორტის ხარჯები
საწვავის გამოყოფის და ხარჯვის ნაკლოვანებები - საწვავის დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერიაში არსებული შიდა კონტროლის სისტემა ვერ უზრუნველყოფს საწვავის მიზნობრივად ხარჯვის დადასტურებას, რის გამოც 2020-2021 წლებში ჯამში 106,817ლარის ღირებულების საწვავის სამსახურებრივი დანიშნულებით ხარჯვა არ დასტურდება; ასევე არ არის დარეგულირებული მუნიციპალური ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებული საკითხები.
მუნიციპალიტეტის ქონება
ქედის მუნიციპალიტეტში ქონების პირდაპირი განკარგვის დროს, ათწლიანი იჯარისათვის საიჯარო ქირა, ნაცვლად დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ განსაზღვრისა, დადგენილია ქონების საბალანსო ღირებულებით, რაც ქონების განკარგვაში არსებულ ხარვეზებზე მიუთითებს.
შიდა კონტროლის სისტემა
შიდა კონტროლის ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტის შიდა კონტროლის სისტემები სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ფინანსების მართვის სისტემის გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის, საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მიზნობრიობის და ეფექტიანობის ზრდის ხელშეწყობას.