სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების 2017-2018 წლების დაფინანსების შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
შრომის ანაზღაურება
დასწრება/აღრიცხვის სისტემების შესყიდვა და დასაქმებულთა ნამუშევარი დროის აღრიცხვის ნაკლოვანებები:
- აღმასრულებელი ორგანოების მიერ, ადმინისტრაციულ შენობებში უცხო პირთა „დაშვების“, დასაქმებულთა აღრიცხვისა და მათი სამუშაო საათების დათვლის სისტემების მონტაჟის/ინსტალაციის მიზნით გადახდილი 226.0 ათას ლარზე მეტი თანხა გახარჯულია არაეფექტიანად;
- დასაქმებულების ნამუშევარი დროის აღრიცხვისა და კონტროლის სისუსტის გამო მათ მიერ ნამუშევარი საათების საერთო რაოდენობა არ შეესაბამება მოქმედი შინაგანაწესების მოთხოვნების შესაბამისად სავალდებულოდ შესასრულებელი საათების ჯამურ მოცულობას;
- მერიასა და გამგეობებში ხელმძღვანელი პირებისაგან არასათანადოდ ხორციელდება მათ დაქვემდებარებაში მყოფი დასაქმებულების სამსახურში გამოცხადებისა და სამუშაო დროის აღრიცხვის კონტროლი.
აღმასრულებელ ორგანოებში სახელფასო დანამატის, პრემიისა და ფულადი ჯილდოს გაცემასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები:
- 2017 წელს მერიასა და გამგეობებში სახელფასო დანამატის მიმღებთა ვინაობა წინასწარ იყო განსაზღვრული მერის მიერ გამოცემული ბრძანებებით;
- 2018 წელს ქალაქ თბილისის მერიასა და გამგეობებში შემუშავდა ზეგანაკვეთური სამუშაოს, ასევე დასვენების/უქმე დღეებში საქმიანობის ანაზღაურების წესი, თუმცა, წახალისებულ პირთა მიერ ნამუშევარი ზეგანაკვეთური დრო არ შეესაბამება დასაქმებულთა რეალურად ნამუშევარი დროის მაჩვენებელს. ზეგანაკვეთურად მუშაობის საფუძვლით სახელფასო დანამატის გაცემის პრაქტიკა ფორმალურ ხასიათს ატარებდა.
საქონელი და მომსახურება
შტატგარეშედ დასაქმებულთა გადაჭარბებული რაოდენობა:
- 2017 წელს შტატგარეშე დასაქმებულთა რაოდენობამ 14-ჯერ, ხოლო 2018 წელს 11-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობას;
- შრომითი ხელშეკრულებებით დასაქმებული პირების ვალდებულებები და ფუნქციური დატვირთვა უმეტესად ზოგად ხასიათს ატარებდა და გარკვეული რაოდენობა მიიღებოდა მუდმივი ამოცანების შესასრულებლად.
მერიის ავტოპარკის მოვლა-შენახვის ხარჯი
მერიის ავტოპარკის რაოდენობასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები:
მერიასა და გამგეობებში არ არის გათვალისწინებული ავტომობილების რაოდენობასთან დაკავშირებით მთავრობის რეკომენდაციები, რის შედეგადაც 2017 და 2018 წლებში სამორიგეო ავტომობილების საერთო რაოდენობამ წლების მიხედვით 9 და 10-ჯერ გადააჭარბა რეკომენდებულ რაოდენობებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვის ხარჯი
ავტოსატრანსპორტო საშუალებებში საწვავის ავზის მოცულობაზე გადაჭარბებით ჩასხმის და თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ ავტომობილების საწვავით გამართვის ფაქტები:
- ავტოსატრანსპორტო საშუალებების საწვავით გამართვის პროცესში არ არის დანერგილი შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, შედეგად, 2017-2018 წლებში გამოვლინდა ავტომობილებში ერთჯერადად ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავის ჩასხმისა და თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებს გარეთ მდებარე ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავით გამართვის 1.310 შემთხვევა, რა დროსაც ჩასხმულია 100.7 ათასი ლარის ღირებულების 51.6 ათასი ლიტრი საწვავი.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვა
მერიის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის დროს გამოვლენილი ნაკლოვანებები:
- 2017-2018 წლებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვისას მერიის მიერ არ იქნა დაცული საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი მოთხოვნები. შედეგად, მერიას არ მიეცა 318.5 ათასი ლარის დაზოგვის საშუალება;
- ავტომობილების შესყიდვასთან დაკავშირებით მერიის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები ძირითადად წარიმართა უკონკურენტო გარემოში.
ინვენტარიზაცია
მერიის აქტივების ინვენტარიზაციასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები:
- 2017-2018 წლებში მერიაში არ ჩატარებულა აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია;
- 2019-2020 წლებში ჩატარებული ინვენტარიზაციის შედეგად, ზედმეტობაში გამოვლინდა 2,668 დასახელების მოძრავი ქონება, ხოლო 2,478.6 ათასი ლარის საბალანსო ღირებულების 1,197.0 დასახელების ნივთი იდენტიფიცირებულია დანაკლისის სახით.