სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ჯანმრთელობის დაცვა 06 სექტემბერი, 2024
ფსიქიკური ჯანმრთელობის აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2022, 2021, 2020, 2019, 2018

საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არის ადამიანის ჯანმრთელობის ფუნდამენტური ნაწილი და საზოგადოების კეთილდღეობის აუცილებელი პირობა, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებების დაცვა სახელმწიფოს მოვალეობაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის გაძლიერების ეროვნულ კონტექსტში კრიტიკულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თითოეული მოქალაქის მენტალური კეთილდღეობის დაცვა და ხელშეწყობა, არამედ ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ადამიანების საჭიროებების დაკმაყოფილება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციაულური დაცვის სამინისტრო ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით შეიმუშავებს სახელმწიფო პოლიტიკას, ახორციელებს მას და უწევს კოორდინაციას.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით დაგეგმილი და გატარებული ღონისძიებების პროდუქტიულობა და ეფექტიანობა. აუდიტის ფარგლებში შესწავლილ იქნა შემდეგი საკითხები:

პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები;
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა;
ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:

ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა და მისი აღსრულების მექანიზმები 

სამინისტროს შემუშავებული აქვს სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ძირითად პრიორიტეტებსა და მიმართულებებს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარებისათვის; აღნიშნული დოკუმენტი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფს მომსახურების დაფინანსებას. მიუხედავად ამისა, გამოწვევად რჩება პოლიტიკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესრულება, სანდო ინფორმაციის არსებობა და ხარჯების ეფექტიანად და პროდუქტიულად განკარგვის მიზნით დაფინანსების მექანიზმის შემუშავება.

ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკა

სამინისტრო კომპეტენციის ფარგლებში განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების სტრატეგიულ გეგმასა და მექანიზმებს და ახორციელებს მის მონიტორინგსა და შეფასებას, მიუხედავად ამისა:

აღსანიშნავია, რომ 2015-2020 და 2022-2030 წლების სტრატეგიებში ერთი და იგივე მიმართულებები რჩება მნიშვნელოვან გამოწვევად, როგორიცაა ადამიანური რესურსის ნაკლებობა, ამბულატორიული მომსახურების გაძლიერება და შესაბამისი სამედიცინო სერვისებით უზრუნველყოფა, მომსახურების ხარისხის ამაღლება, მომსახურებაზე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა და სხვ.;
2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ფარგლებში 2022 წლისთვის დაგეგმილი 8 აქტივობიდან, 2023 წლის მდგომარეობით შეუსრულებელია − 5, ნაწილობრივ განხორციელდა − მხოლოდ 2. მაგალითად, ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში პაციენტთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით არ შექმნილა მონიტორინგის ჯგუფი და არ გაუმჯობესებულა მედიკამენტების შესყიდვის მექანიზმი.
დაფინანსების მოდელი

სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლებისათვის მომსახურების დაფინანსების გლობალური ბიუჯეტის პრინციპი წარმოშობს არაერთგვაროვანი მიდგომის რისკებს. კერძოდ, პაციენტების რაოდენობის მიხედვით მიმწოდებლისთვის ხარჯი განსხვავებულია: მეტი პაციენტი გულისხმობს მეტ დანახარჯს, დაფინანსება კი უცვლელია. მაგალითად, სერვისის მიმწოდებლების მიხედვით, 2019 წელს ერთ პაციენტზე წლის განმავლობაში, საშუალოდ, დახარჯული თანხა მერყეობდა 106-იდან 465 ლარამდე;
დაწესებულებების მიხედვით განსხვავებულია წარმოდგენილი ხარჯების სტრუქტურა და თითოეული შემადგენელი კომპონენტის პროცენტული წილი მთლიან ხარჯთან მიმართებით, რაც გამოწვეულია იმით, რომ ზოგიერთ სერვისში არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებისთვის განსაზღვრული ხარჯების თანაფარდობის დასაშვები ზღვარი;
მედიკამენტების შესყიდვა/გაცემის მექანიზმების გაანალიზების შედეგად აღმოჩნდა, რომ დაწესებულებებს არ აქვთ ერთნაირი მიდგომა და სახელმწიფოს წილით შექმნილი დაწესებულებები მედიკამენტებს ყიდულობენ კონსოლიდირებული შესყიდვით, იმ შემთხვევაში, თუ კერძო დაწესებულებისთვის წამლების შეძენა მოხდებოდა იმავე პრინციპით, წამლებზე გაწეული ხარჯი 35%-ით შემცირდებოდა.
საანგარიშგებო დოკუმენტაციის ზედამხედველობის მექანიზმი

პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი ნოზოლოგიები განსაზღვრულია დადგენილებით. კრიზისული ინტერვენციის კომპონენტის შესრულების მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებული დიაგნოზების მიხედვით აღმოჩნდა, რომ 2018-2022 წლებში, 43 ბენეფიციარს 335 შემთხვევაში მინიჭებული აქვს ისეთი ნოზოლოგია, რომელიც პროგრამით არ არის განსაზღვრული. ასევე: მოზრდილთა სტაციონარის 2018-2022 წლების მომსახურების შესრულების ბაზების ანალიზით გამოვლინდა, რომ 49 ბენეფიციარს 303 შემთხვევაში უფიქსირდება და გლობალური ბიუჯეტის დაფინანსების მოდელის ფარგლებში უნაზღაურდება ისეთი ნოზოლოგია, რომელიც არ არის განსაზღვრული პროგრამით;
მოზრდილთა სტაციონარის 902 ბენეფიციარი (ამ კომპონენტის უნიკალური ბენეფიციარების 5,9%), სტაციონარში ყოფნის პერიოდში ასევე ფიქსირდება სათემო ამბულატორიის, კრიზისული ინტერვენციის ან მობილური გუნდების კომპონენტების ფარგლებში წარმოდგენილ საანგარიშგებო დოკუმენტებში.
მონაცემთა ბაზები

სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ გამოქვეყნებული მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვანი წინაპირობაა პოლიტიკის შესამუშავებლად, არასრულია. პროგრამაში ჩართული სათემო მომსახურების მიმწოდებელ ზოგიერთ დაწესებულებას (ყოველწლიურად, საშუალოდ, 5 დაწესებულება, ანუ 23%) ცენტრისათვის არ წარუდგენია სტატისტიკური ინფორმაცია;
მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა, როგორიცაა, დეპრესია, ცენტრის მონაცემებით უფრო იშვიათად ფიქსირდება, ვიდრე შიზოფრენია, რაც მიუთითებს არსებული მონაცემების სისწორის რისკებზე. ჯანმოს მიხედვით, მოსახლეობის 3.8%-ს უფიქსირდება დეპრესია, როცა შიზოფრენია 2022 წლის მონაცემებით 222 ადამიანიდან ერთს (0,45%) შესაძლოა ჰქონდეს. ცენტრის 2021 წლის მონაცემის მიხედვით კი საქართველოში დაფიქსირდა 895 ახალი შიზოფრენიის, შიზოტიპური და ბოდვითი აშლილობების შემთხვევა, როცა გუნება-განწყობის (აფექტური) აშლილობები, მათ შორის, დეპრესიის შემთხვევა − მხოლოდ 392-ია, რაც თითქმის ორჯერ ნაკლები მაჩვენებელია.
სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მომსახურების ხელმისაწვდომობა

2018-2022 წლებში საქართველოს მასშტაბით 39 მიმწოდებელი დაწესებულება ემსახურებოდა პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების ბენეფიციარებს. მიუხედავად ამისა, კვლავ გამოწვევად რჩება საცხოვრებელთან ახლოს სხვადასხვა სერვისის, როგორც ფიზიკური, ისე ინფორმაციული ხელმისაწვდომობა:

ინფორმაციული ხელმისაწვდომობა

მიუხედავად ცენტრისა და სააგენტოს მიერ განხორცილებული ღონისძიებებისა, მოსახლეობის ინფორმირების მიმართულებით, 150 გამოკითხულიდან 113 რესპონდენტს არ ჰქონდა ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ. ამავე გამოკითხული ერთობლიობიდან, არ იყო ინფორმირებული 117 მოქალაქე, რომ სამედიცინო სერვისები ფინანსდება სახელმწიფოს მიერ;
ინფორმირებულობის დაბალ მაჩვენებელზე, სხვა მიზეზებთან ერთად, მიუთითებს ჯანმრთელობის დაცვის სტატისტიკური მონაცემებიც, რომელთა თანახმად, ყოველწლიურად მზარდია ფსიქიკური და ქცევითი აშლილობით დაავადებული პირების რიცხვი, ხოლო სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირების რაოდენობა ყოველწლიურად სტაბილურია.
ფიზიკური ხელმისაწვდომობა

ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტისთვის 2018-2022 წლებში მიმწოდებელი მხოლოდ თბილისშია წარმოდგენილი, მაშინ როცა ამავე პერიოდში ბენეფიციარები წარმოდგენილნი იყვნენ სხვადასხვა რეგიონიდან;
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტისთვის 2018-2022 წლებში მიმწოდებელი ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ სამ რეგიონში: თბილისში, კახეთსა და იმერეთში. აღნიშნულ წლებში რეგისტრირებული ბენეფიციარების 88%-ის საცხოვრებელი რეგიონი ემთხვევა სწორედ ამ რეგიონებს. შესაბამისად, სხვა რეგიონებში მცხოვრები პოტენციური ბენეფიციარებისათვის ეს სერვისი არ არის გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი;
2018-2022 წლებში ბენეფიციარების 99%-ის საცხოვრებელ ქალაქში ფუნქციონირებდა ავტორიზებული აფთიაქი, საიდანაც მოსარგებლეს შეეძლო მისთვის გამოწერილი მედიკამენტის მიღება, თუმცა მათ 34%-ს მედიკამენტების მიღება უხდებოდათ საცხოვრებელი ადგილიდან დაშორებულ ქალაქში მდებარე დაწესებულებაში ან/და აფთიაქში, რითაც იზღუდება მედიკამენტებზე ფიზიკურ ხელმისაწვდომობა;
მობილური გუნდის მომსახურება გულისხმობს რეგულარულ ვიზიტებს პაციენტის საცხოვრებელ ადგილას. დაწესებულებები ემსახურებიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად დაშორებული არიან საწყისი პუნქტიდან. 22 დაწესებულებიდან, რომლებიც ახორციელებდნენ მობილური გუნდის მომსახურებას 2022 წელს, მხოლოდ 12 დაწესებულებას ჰყავდა ავტომანქანა.
ხარისხიანი მომსახურებით უზრუნველყოფა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სახელმწიფო მართვის მექანიზმია სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი, რასაც სამინისტრო ახორციელებს სამედიცინო მომსახურების მიწოდების წესების, პირობებისა და ნორმატივების შემუშავების და მათი შესრულების კონტროლის გზით. საკანონმდებლო რეგულაციებში არსებული სხვადასხვა ჩანაწერის მიუხედავად, სამინისტროსა და პასუხისმგებელი ორგანოების მიერ სრულყოფილი ზედამხედველობა არ ხორციელდება. ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებების მიერ მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობა საჭიროებს გაუმჯობესებას:

სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობა

„ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, ბენეფიციარებმა მომსახურება უნდა მიიღონ ლიცენზირებულ ამბულატორიულ დაწესებულებებში, თუმცა კანონში „ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაზე ლიცენზიის ფლობის მოთხოვნა განსაზღვრული არ არის;
ზემოაღნიშნულ კანონში მითითებული ჩანაწერის შესაბამისად, სამინისტროს მიერ 2020 წლის 1 სექტემბრისათვის იგეგმებოდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის განსაზღვრა. მიუხედავად ამისა, აღნიშნული ჯგუფი აუდიტის პერიოდისათვის არ იყო შექმნილი;
2018-2022 წლებში რეგულირების სააგენტოს მიერ სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები შემოწმდა მხოლოდ 2018 და 2019 წლებში, 6 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. აღსანიშნავია, 2020-2022 წლებში COVID-19-ის პანდემიის გამო სანებართვო პირობების კონტროლი არ განხორციელებულა;
სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი 12 სტაციონარული დაწესებულებიდან მონიტორინგი ხორციელდებოდა, ძირითადად, 3 დაწესებულებაში. დანარჩენი 9 დაწესებულების შეუმოწმებელი შემთხვევების რაოდენობა მერყეობს 83%-დან 98%-მდე;
2019-2021 წლებში ბავშვთა და მოზრდილთა სტაციონარების საწოლების დატვირთვა 5 სამედიცინო დაწესებულებაში აჭარბებდა 100%-ს, მათ შორის, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც დატვირთვა 3-ჯერ აღემატებოდა ზღვრულ შესაძლებლობებს.
მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურება

ფსიქიკური და ქცევითი აშლილობების 58 მდგომარეობიდან, რომელსაც ფარავს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა, გაიდლაინი – კლინიკური მდგომარეობის მართვის რეკომენდაცია, შექმნილია მხოლოდ 15 შემთხვევაში;
სამინისტროს შემუშავებული აქვს მომსახურების უზრუნველყოფის პროტოკოლები – დაავადებათა მართვის სახელმწიფო სტანდარტი, პროექტის სახით, რომელიც აუდიტის პერიოდში არ იყო დამტკიცებული. ამასთანავე, პროგრამაში ჩართული დაწესებულებიდან, მხოლოდ 6 დაწესებულებას აქვს შემუშავებული პროტოკოლები, საიდანაც ერთი დაწესებულების შემთხვევაში ზოგადი სახის დოკუმენტია;
განსხვავებული სურათია დაწესებულებების მიხედვითაც, თუ რამდენ ბენეფიციარს ემსახურება მულტიდისციპლინური გუნდის ერთი წარმომადგენელი. მაგალითად, არსებული პრაქტიკის მიხედვით, 1 ფსიქოლოგი ერთ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლოა ემსახურებოდეს, მინიმუმ, 199 პაციენტს, მაქსიმუმ − 9,303-ს. 
 

რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

რეკომენდაცია №1:

ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში ეროვნული სტრატეგიის შესრულებისათვის მუდმივი მონიტორინგის მიზნით შემუშავდეს მისი ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმი.

რეკომენდაცია №2: 

საბიუჯეტო სახსრების პროდუქტიულად განკარგვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის მიზნის სათანადოდ შესრულებისთვის, შეფასდეს არსებული და შეირჩეს პროგრამის დაფინანსების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც ორიენტირებული იქნება სერვისის ხელმისაწვდომობის ზრდაზე.

რეკომენდაცია №3:

ბენეფიციარებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მომსახურებებზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, სამედიცინო სერვისების მიმწოდებლების შერჩევის მექანიზმი შემუშავდეს იმგვარად, რომ გაიზარდოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა/დაფარვა როგორც მომსახურებაზე, ასევე მედიკამენტებზე.

რეკომენდაცია სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს

რეკომენდაცია №4: 

ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ სანდო ინფორმაციის უზრუნველყოფისათვის, დაინერგოს სამედიცინო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური მონაცემების გადამოწმების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც გააუმჯობესებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების ქვეყანაში არსებული რეალური მდგომარეობის შეფასებასა და რესურსების შესაბისად დაგეგმვას.

რეკომენდაცია სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს და სსიპ – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ ცენტრს

რეკომენდაცია №5:

ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სერვისებისხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, დაინერგოს ქმედითი მექანიზმი, რომელიც მოსახლეობას აუმაღლებს ცნობიერებას ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ და ასევე შესაბამის სამიზნე ჯგუფებს − ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რითაც გაიზრდება სერვისებზე მიმართვიანობა.

რეკომენდაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს

რეკომენდაცია №6:

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის ფარგლებში სათანადო ხარისხის მომსახურების მიწოდების მიზნით, შემუშავდეს შესაბამისი პროტოკოლები და გაიდლაინები და დაინერგოს ზედამხედველობის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულებების მიერ პაციენტზე ორიენტირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას.