სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ფოთის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ფინანსური რესურსების მართვა
ფინანსური რესურსების მართვაში არსებული ნაკლოვანებები - მუნიციპალიტეტში არსებობს როგორც ფინანსური რესურსების, ასევე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის ხარვეზები. მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო არაფინანსური აქტივების ზრდის პარამეტრების სათანადოდ დაგეგმვა, რის გამოც შესაბამისი საბიუჯეტო მუხლის შესრულებას 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 18% და 22% დააკლდა. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დააგროვა არსებითი მოცულობის თავისუფალი ნაშთი.
ინფრასტრუქტურული პროექტები
სპორტული დარბაზის კაპიტალური შეკეთების დაუსრულებელი სამუშაოები - მუნიციპალიტეტის მერიას მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში შეუსრულებელი დარჩა სამუშაოების ნაწილი. გარდა ამისა, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს თანხა მიმწოდებელზე დაკისრებულია ნაწილობრივ. ამასთანავე, მუნიციპალიტეტმა დაკარგა საბანკო გარანტიის შესაბამისი თანხის მიღების შესაძლებლობა.
სახლის გადახურვის დაუსრულებელი სამუშაოები - სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის ფორმით ხელშეკრულება გააფორმა ისეთ მიმწოდებელთან, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო რესურსი. შედეგად, შესრულებული სამუშაოები არ შეესაბამება საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
უხარისხოდ შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები - მუნიციპალიტეტის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმი ვერ უზრუნველყოფს ხარისხიანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიღება-ჩაბარებას. არსებული მართვის სისუსტეების გამო, ინფრასტრუქტურული პროექტები დაზიანებულია და საბიუჯეტო სახსრები არაეფექტიანად იხარჯება.
იურიდიული პირების დაფინანსება
ა(ა)იპ-ების სუბსიდირების ნაკლოვანებები - ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა ისეთი იურიდიული პირები, რომელთა ფუნქციები დუბლირებულია სახელმწიფო და ადგილობრივი ორგანოების საქმიანობასთან. ამასთანავე, მათ მიერ განხორციელებული რაიმე სახის აქტივობები დოკუმენტურად ვერ დასტურდება. შედეგად, იურიდიული პირების შექმნაში, დაფინანსებასა და კონტროლში არსებულმა მართვის სისუსტეებმა გამოიწვია საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიანი ხარჯვა.
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება
სატრანსპორტო საშუალებებზე გამოყოფილი საწვავის ხარჯვის ხარვეზები - აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. საწვავის ხარჯვის პროცესში არსებული კონტროლის სუსტი მექანიზმები წარმოშობს არასამსახურებრივი ავტომობილების საწვავით გამართვის რისკებს.
შიდა კონტროლის სისტემა
შიდა აუდიტის სამსახურის საქმიანობის ნაკლოვანებები - შიდა აუდიტის სამსახურს სათანადოდ არ შეუსწავლია ორგანიზაციაში არსებული პროცესები და შიდა კონტროლის მექანიზმები, არ გამოუვლენია სისტემური ხასიათის რისკები და მათი აღმოფხვრის მიზნით, არ გაუცია სათანადო რეკომენდაციები. შიდა აუდიტის სამსახურმა ვერ უზრუნველყო მერიის საქმიანობის გაუმჯობესება, ფინანსების რაციონალური მართვისა და ორგანიზაციის ხარჯების ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა.