სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტი.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა შემდეგი მიგნებები:
ავტორიზაციის საფასურის განსაზღვრის ნაკლოვანებები
არსებული კრიტერიუმის მიხედვით, ავტორიზაციის საფასური მოიცავს შესაბამის ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ ხარჯებს, რაც მიუთითებს კრიტერიუმის ნაკლოვანებაზე. კერძოდ, ავტორიზაციის საფასური წარმოადგენს ე.წ. „ნორმატიულ ფასს“, რომელიც დამტკიცებულია სამინისტროს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნული ტარიფები განისაზღვროს ფაქტობრივი ხარჯების საფუძველზე. საფასურის განსაზღვრა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ გადახდა ხორციელდება წინასწარ, ავტორიზაციის მომსახურების გაწევამდე და მისი გაანგარიშება ვერ დაეფუძნება მოცემულ მომსახურებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს.
რიგ შემთხვევებში, მომსახურების ტარიფის მდგენელი ხარჯის ნორმატიული მოცულობა არსებითად განსხვავდება ამავე სახის ხარჯის ფაქტობრივი მოცულობისაგან, რაც ზრდის ტარიფის არასამართლიანობის რისკებს.
ინტერესთა კონფლიქტი
2018-2021 წლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 7 წევრს, 11 შემთხვევაში, სტატუსის მაძიებელ სასწავლებლებთან ინტერესთა კონფლიქტის არსებობის მიუხედავად, ავტორიზაციის საკითხის განხილვის დაწყებამდე თვითაცილების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ავტორიზაციის მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების, ასევე ავტორიზაციის პირობების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგის პროცესში, დაინტერესებული პირის მონაწილეობა ზრდის არაობიექტური გადაწყვეტილების მიღების რისკებს.
საერთაშორისო ექსპერტთა შერჩევისა და შრომის ანაზღაურების ნაკლოვანებები
შესამოწმებელ პერიოდში საერთაშორისო ექსპერტების მოძიების, შერჩევისა და ექსპერტთა კორპუსში შეყვანის წესში გათვალისწინებული არ იყო ის დამატებითი კრიტერიუმები, რომლითაც ცენტრი გამჭვირვალედ და ობიექტურად განახორციელებდა ექსპერტების მოძიებას, შერჩევასა და ექსპერტთა კორპუსში შეყვანის პროცესების წარმართვას. აღნიშნული ხარვეზი გასწორდა აუდიტის მიმდინარეობისას, სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2022 წლის 30 აგვისტოს N MES 7 22 0000964009 ბრძანებაში − „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციისა და პროგრამების აკრედიტაციის, ექსპერტთა შერჩევის, საქმიანობისა და ექსპერტთა კორპუსის წევრობის შეწყვეტის წესი“ შეტანილი ცვლილებების საფუძველზე.
რიგ შემთხვევებში, საერთაშორისო ექსპერტების შრომის ანაზღაურების განსაზღვრის დროს ფიქსირდება არაერთგვაროვანი მიდგომა, რაც არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კლინიკური სწავლების ხარისხი
რეგულირებადი სამედიცინო პროგრამის განმახორციელებელი სასწავლებლის მიერ, კვლევისა და პროფესიული უნარების შესწავლის მიზნით, კლინიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით დეტალურად არ არის განსაზღვრული მხარეთა უფლებები, ვალდებულებები და კონტროლის მექანიზმები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფდა სასწავლო პრაქტიკის ხარისხის ამაღლებას.
ავტორიზაციის პირობების შესრულება
თვითშეფასების ანგარიშის და მონიტორინგის გზით ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმება განხორციელებულია შესაბამისი მარეგულირებელი ორგანოს ან/და პროფესიული ასოციაციის წარმომადგენლებისა და სხვა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირების ჩართულობის გარეშე.