განათლების სისტემის განვითარება და სრულყოფა ქვეყნის პრიორიტეტული მიმართულებაა, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უმაღლესი განათლების ხელშეწყობას. 2013 წელს მთავრობის მიერ განისაზღვრა უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც ითვალისწინებდა კონკრეტული დარგების ხელშეწყობას, ახალგაზრდების ამ მიმართულებებით დაინტერესებასა და ინტელექტუალური კაპიტალის მიზნობრივად გამოყენებას. ამასთანავე, სამინისტროს სტრატეგიის მიხედვით, დიდი როლი ენიჭება უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების თანხვედრას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა უმაღლესი განათლების პროგრამებისა და შრომის ბაზრის თავსებადობის ეფექტიანობის აუდიტი, გააანალიზა უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და მართვის პროცესი, აგრეთვე მათი კავშირი შრომის ბაზრის საჭიროებებთან.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა მიგნებები, რომლებიც გავლენას ახდენდა სისტემის ეფექტიანად და პროდუქტიულად ფუნქციონირებაზე, კერძოდ:
პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისას, სამინისტროს მიერ შესაფერისი კვლევები არ ჩატარებულა. შესაბამისად, არ არის გამოკვლეული შერჩეული მიმართულებების თავსებადობა ქვეყნის საჭიროებებთან; ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებად აღიარებულია ისეთი მიმართულებები, რომლებიც გამოირჩევა სტუდენტების მაღალი რიცხოვნობით, ხოლო ისეთი დარგები, რომლებიც ქვეყნისთვის აქტუალური გამოწვევაა და სტუდენტების დაბალი რიცხოვნობით გამოირჩევა, არ მიიჩნევა პრიორიტეტად, რაც არ არის თავსებადი პროგრამის მიზნებთან;
2017 წლიდან უნივერსიტეტები თავად არიან უფლებამოსილნი განსაზღვრონ პრიორიტეტული სასწავლო პროგრამები, რომლებსაც დააფინანსებს სახელმწიფო, ხოლო სამინისტროს არ აქვს შემუშავებული მექანიზმი, რომლის მიხედვით შეფასდება უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი პრიორიტეტული პროგრამები, რამდენად შეესაბამება შერჩეული მიმართულება ქვეყნის საჭიროებებს. შედეგად, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, პრიორიტეტული სასწავლო პროგრამების რაოდენობა გაზრდილია 1,5-ჯერ, ხოლო საბაზისო წელთან შედარებით − 3,5-ჯერ, რაც არ არის დასაბუთებული შესაბამისი კვლევებით;
პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევისა და მისაღები სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის პროცესში სამინისტრო და უსდ-ები არ ითვალისწინებენ შრომის ბაზრის ტენდენციებს, რაც ქმნის სტრუქტურული უმუშევრობის გაზრდის რისკებს. კერძოდ, 2018 წლის ივლისის მდგომარეობით, დასაქმებულია პრიორიტეტული მიმართულებების კურსდამთავრებულთა 41%, მათგან საკუთარი პროფესიით − მხოლოდ ნახევარი;
თითოეული მიმართულების მიხედვით არ არის შეფასებული შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების ხარისხის მქონე სპეციალისტების საჭიროება, რაც გამოწვეულია პასუხისმგებელ სამინისტროებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის არასაკმარისი კოორდინაციით. შედეგად, არ არის გამოკვლეული რამდენად თანხვედრაშია დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა რეალურ საჭიროებებთან;
უნივერსიტეტებს შორის მისაღები სტუდენტების ლიმიტებს სამინისტრო არაოპტიმალურად ანაწილებს; თითოეული მიმართულების ფარგლებში, დროულად არ ითვალისწინებს წინა სასწავლო წლებში დაფიქსირებული მოთხოვნისა და გამოყოფილი ადგილების ათვისების მაჩვენებელს. შედეგად, გვხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გარკვეულ დარგებზე კონკრეტულ უნივერსიტეტებში ფიქსირდება აბიტურიენტების დაბალი აქტივობა, ხოლო იმავე დარგზე დანარჩენ უნივერსიტეტებში − ადგილების სრული ათვისება. მიუხედავად ამისა, მომდევნო სასწავლო წლებში დადგენილი ლიმიტები უცვლელი რჩება. აღნიშნული გარემოება დაფინანსების არსებული წესის პირობებში იწვევს სახსრების არაპროდუქტიულ ხარჯვას;
დაფინანსების მოდელი დაფუძნებულია მხოლოდ ერთ კრიტერიუმზე − სტუდენტების რაოდენობაზე, განსხვავებით საერთაშორისო პრაქტიკისგან, რომელიც ითვალისწინებს ხარისხობრივ ინდიკატორებსაც. ამასთანავე, 2013-2017 წლებში პრიორიტეტული მიმართულებების დასაფინანსებლად გათვალისწინებული იყო დაფინანსების ორმაგი წყარო, როგორც პროგრამული დაფინანსება − 129,534,325 ლარით, ასევე სახელმწიფო სასწავლო გრანტი − 15,960,438 ლარის ოდენობით. აღნიშნულმა მოდელმა 23%-ით გააძვირა ხარჯი ერთეულთან მიმართებაში, რაც მიუთითებს მოდელის არაპროდუქტიულობაზე;
პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების მობილობა წლების მიხედვით შეადგენს საშუალოდ 11%-ს, საიდანაც სტუდენტთა უმრავლესობა გადადის ისეთ პროგრამებზე, სადაც მაღალია სტუდენტების რიცხოვნობა. ასევე 2013 წელს ჩარიცხული სტუდენტების მხოლოდ 53%-მა დაასრულა სწავლა შესაბამის ვადაში. ამასთანავე, პრიორიტეტულ სასწავლო პროგრამებს ეროვნული გამოცდების ჩაბარებისას აბიტურიენტები ირჩევენ საშუალოდ მე-11 რიგის პრიორიტეტად, რაც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ შერჩეული მიმართულებები ვერ გახდა პოპულარული. იმ სტუდენტების რიცხვი კი, რომელთაც მოპოვებული აქვთ სახელმწიფო სასწავლო გრანტი, ყოველწლიურად მცირდება. მოცემული ფაქტები არ არის თანხვედრაში პროგრამის მიზნებთან და მიუთითებს ეფექტიანობის დაბალ მაჩვენებელზე;
სამინისტროსა და უნივერსიტეტებს არ შეუფასებიათ პროგრამის ფარგლებში მიღწეული შედეგები, რამაც გამოიწვია ის ფაქტი, რომ წლების მანძილზე არ ხორციელდებოდა განსაზღვრული მიმართულებების კორექტირება არსებული გამოწვევების გათვალისწინებით.