სახელმწიფო აუდიტის სამსახური

ეკონომიკური საქმიანობა 14 იანვარი, 2022
სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების (შემდგომი რეაგირება) აუდიტის ანგარიში
პერიოდი: 2021, 2020, 2019, 2018, 2017, 2016

მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მავნე სურსათის მოხმარებით მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი იყოს ეფექტიანი, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე მის საზღვარზე.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2015 წელს ჩაატარა სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის აუდიტი. აღნიშნული აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის, ასევე გატარებული რეფორმებისა და გამოწვევების შესწავლის მიზნით, განხორციელდა შემდგომი რეაგირების აუდიტი და გამოვლინდა გარკვეული სახის ნაკლოვანებები, რომლებიც დაკავშირებულია სურსათის უვნებლობის სფეროში რისკის შეფასების, სახელმწიფო კონტროლის მართვის ელექტრონული პროგრამის და აღმოჩენილი დარღვევების გასაჯაროების მიმართულებით არსებულ ხარვეზებთან.

აუდიტის შედეგად აღმოჩნდა, რომ წინა აუდიტით გათვალისწინებული რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, თუმცა კვლავ არსებობს სხვადასხვა ნაკლოვანება, რომელთა აღმოფხვრის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობა, კერძოდ:

  • რისკის შეფასების შედეგად და რისკის მმართველებთან კონსულტაციის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციები, სურსათის უვნებლობის კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილია, ვინაიდან სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკების მართვის შესახებ გადაწყვეტილება დამოკიდებულია რისკის შეფასების შედეგებზე. შესაბამისად, მთლიანი პროცესის სტრუქტურიზებულად წარმართვა და ურთიერთდაკავშირებულ მხარეებს შორის სათანადო კომუნიკაცია გავლენას ახდენს პროექტის ინიციირების პროცესზე, რისკის შეფასებასა და რეკომენდაციების შემუშავებაზე.

აუდიტის შედეგად, რისკის შეფასების საქმიანობასთან დაკავშირებით გამოვლინდა რეგულირების ხარვეზები:

  • ნათლად არ არის განსაზღვრული შესაფასებელი საფრთხის ინიციირების ყველა შესაძლო ავტორი და ინიციირების თითოეულ შესაძლო პროცესში ეტაპობრივად განსახორციელებელი ქმედებები;
  • ეროვნული მონაცემების ნაკლებობის გამო, რისკის შეფასების სამსახურის მიერ შემუშავებული ანგარიშები ძირითადად არის არა სრული სქემით რისკის შეფასების, არამედ რისკის შეფასების რომელიმე საფეხურის (მაგალითად, იდენტიფიცირება და დახასიათება) ან აღმოცენებადი რისკების შესწავლის ანგარიშები. არ არის განსაზღვრული ფორმალური პროცედურები, რისკის შეფასების სრული სქემით განუხორციელებლობის შემთხვევაში, რისკის შეფასების რომელი საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომები იქნება გამოყენებელი ცენტრის მიერ მომზადებულ ანგარიშებთან დაკავშირებით.
  • არ არის ფორმალიზებული რისკის შეფასების ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავების პროცესი და არ არის განსაზღვრული გაცემული რეკომენდაციების შესრულების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი კონკრეტული სტრუქტურული ერთეული. რისკის შეფასების პროცესის ფორმალიზაციისთვის, საჭიროა არსებობდეს ორგანიზაციულ დონეზე შემუშავებული პროცედურები, სადაც დოკუმენტურად და მკაფიოდ იქნება გაწერილი თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი ქმედებები და მხარეთა უფლება-მოვალეობები.
  • სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკების სათანადო შეფასებისთვის მნიშვნელოვანია ეროვნულ დონეზე შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების არსებობა. ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები:
    • არ არის შემუშავებული მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების, ანუ „ფაქტობრივი კვების“ შესახებ მონაცემები ეროვნულ დონეზე, რაც ხელს უშლის ექსპოზიციის სათანადო შეფასებას;
    • რისკის მმართველის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად მიღებული მონაცემები, ხშირად არ არის თავსებადი რისკის შეფასებისთვის;
    • სურსათით გამოწვეული დაავადებების შემთხვევები არ დასტურდება ლაბორატორიულად და მხოლოდ სავარაუდო მონაცემებია, რაც რისკის შეფასებისთვის გამოსადეგი არ არის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ − სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახურის მიერ მომზადებული სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკის შეფასების დასკვნები სათანადოდ ვერ ფარავს ექსპოზიციის შეფასებას, რაც ხელს უშლის რისკის დახასიათების საფეხურის ხარისხიანად განხორციელებას. შედეგად, რისკის შეფასების პროცესი ვერ ხორციელდება სრული სქემით.

  • სურსათის უვნებლობის კონტროლის მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტრონული სისტემა, რომლის საშუალებითაც ხორციელდება შესამოწმებელი ობიექტების გეგმის შედგენა და ინსპექტირება-მონიტორინგის პროცესის მართვა. პროგრამა მოიცავს სახელმწიფო კონტროლის ყველა ელემენტს და მისი საშუალებით კონტროლის პროცესი სრულად ელექტრონულია. სურსათის უვნებლობის მიმართულებით სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესების მიზნით გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯებისა და დანერგილი ელექტრონული სისტემის მიუხედავად, პროგრამას აქვს გარკვეული ხარვეზები, რომელთა გაუმჯობესების შედეგად შესაძლებელია პროცესის უფრო ეფექტიანად მართვა და გარკვეული რისკების შემცირება.

კერძოდ, ელექტრონული სისტემის შესახებ საკმარისი ინფორმაციის პირობებში, შემცირდებოდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მართვის ელექტრონული პროგრამის შესახებ ინსტიტუციური ცოდნის დაკარგვის რისკი, რომელიც დაკავშირებული იქნება სისტემის ფუნქციონირების, გაუმჯობესებისა და მოვლა-შენახვის შესაძლებლობის შეზღუდვასთან. ასევე სისტემაში არსებული საკმარისი კონტროლის მექანიზმები მონაცემთა დამუშავების სიზუსტისა და სანდოობის რისკებს შეამცირებდა, ხოლო ლოგირების სისტემის პირობებში განხორციელებული ქმედებები მიკვლევას უზრუნველყოფდა.

  • აუდიტორული პროცედურებით დადგინდა, რომ 2019-2020 წლებში სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების შედეგად სურსათში აღმოჩენილი სავალდებულო გასაჯაროებას დაქვემდებარებული 936 შემთხვევიდან, ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეუსაბამობის 288 ფაქტის შესახებ (31%), რომლებიც სრულად არ მოიცავს პროდუქტის იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის საჭირო ინფორმაციას. ასევე, რიგ შემთხვევებში, ეს ინფორმაციები არ გასაჯაროვდა დროულად. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მიმართ მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების სანდოობის ზრდას ხელს შეუწყობდა ინფორმაციის გასაჯაროების შესახებ სტანდარტული ოპერაციული პროცედურების არსებობა, სადაც დეტალურად იქნებოდა გაწერილი დარღვევების გასაჯაროების კრიტერიუმები, ვადები, საზოგადოების გაფრთხილების მიზნით გამოქვეყნებულ განაცხადებში არსებული მონაცემები და სხვ.; უზრუნველყოფდა მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების სანდოობის ზრდას, სტანდარტიზებულ და დასაბუთებულ მიდგომას სურსათში აღმოჩენილი დარღვევის თითოეულ შემთხვევაზე მომხმარებლის ინფორმირების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და შეამცირებდა მავნე პროდუქტის მოხმარების რისკებს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს

რეკომენდაცია N1:

  • სისტემური, სრული, შესაბამისი და მეტად გამჭვირვალე სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკის ანალიზის პროცესის განხორციელების მიზნით საჭიროა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლობით, შემუშავდეს სტანდარტული საოპერაციო პროცედურები ან/და, საჭიროების შემთხვევაში, საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ განისაზღვროს სურსათის უვნებლობის სფეროში, რისკის ანალიზის პროცესში მონაწილე მხარეების უფლება-მოვალეობები და თითოეულ ეტაპზე განსახორციელებელი ქმედებები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს

რეკომენდაცია N2:

  • პრიორიტეტული საფრთხეების იდენტიფიცირებისა და სურსათისმიერი საფრთხეების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის რისკების სრული სქემით შეფასების სათანადო წინაპირობების შესაქმნელად, სამინისტრომ უზრუნველყოს ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მიერ სურსათის მოხმარების – „ფაქტობრივი კვების“ კვლევის ორგანიზება და გადადგას ქმედითი ნაბიჯები აღნიშნული კვლევის განსახორციელებლად.

სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს, სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრს

რეკომენდაცია N3:

  • სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად შეიმუშაოს მონიტორინგის განხორციელების ისეთი მიდგომები, რომლებიც სურსათის ნიმუშის აღებისას და მასში საფრთხის შესწავლისას რისკის მმართველის მიერ შემუშავებულ მონაცემებს გახდის რისკის შემფასებლისთვის მეტად გამოსადეგს.

სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს

რეკომენდაცია N4:

  • სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ელექტრონული პროგრამის მომავალში უწყვეტად ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშაოს როგორც პროგრამული კოდის შესახებ დოკუმენტური ჩანაწერი, ასევე პროგრამის გამოყენების მეთოდოლოგია.

სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს

რეკომენდაცია N5:

  • სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად და ობიექტურად მართვის მიზნით, სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გააუმჯობესოს ელექტრონული პროგრამის კონტროლის მექანიზმები, რაც გულისხმობს პროგრამაში ლოგირების სისტემის დამატებასა და სისტემაზე წვდომის უფლებების დოკუმენტურად განსაზღვრას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ − სურსათის ეროვნულ სააგენტოს

რეკომენდაცია N6:

  • მავნე სურსათის შესახებ მოსახლეობის სრულად და დროულად ინფორმირების უზრუნველსაყოფად, სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეიმუშაოს დეტალური მეთოდოლოგია ან/და სტანდარტიზებული ოპერაციული პროცედურები, სადაც განისაზღვრება დარღვევის გასაჯაროების კრიტერიუმები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განიხილოს სურსათის ხარისხობრივი მაჩვენებლების შეუსაბამობის შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისათვის სავალდებულო ხასიათის მინიჭების საკითხი.